ინჯი აფლატუნი
ინჯი აფლატუნი (ინგლ. Inji Aflatoun, არაბ. إنجي أفلاطون; 16 აპრილი 1924 — 17 აპრილი 1989) — ეგვიპტელი მხატვარი და ქალთა მოძრაობის აქტივისტი. „მარქსისტულ-პროგრესული-ნაციონალისტურ-ფემინისტური მოძრაობის წამყვანი წარმომადგენელი 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების ბოლოს“, ასევე „თანამედროვე ეგვიპტური ხელოვნების პიონერი“ და „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგვიპტელი მხატვარი“[1]
არაბ. إنجي أفلاطون | |
---|---|
ინჯი აფლატუნი | |
დაბადების თარიღი |
16 აპრილი 1924 კაირო, ეგვიპტე |
გარდაცვალების თარიღი | 17 აპრილი 1989 (65 წლის) |
მოქალაქეობა | ეგვიპტე |
განათლება | კაიროს უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაინჯი აფლატუნი დაიბადა კაიროში 1924 წელს, ტრადიციულ მუსლიმურ ოჯახში, რომელსაც იგი ახასიათებდა, როგორც "ნახევრადფეოდალურს და ბურჟუაზიულს". მისი მამა მიწის მესაკუთრე და ენტომოლოგი გახლდათ, ხოლო დედა სწავლობდა მოდის დიზაინს საფრანგეთში და მუშაობდა ეგვიპტის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ქალთა კომიტეტში. ინჯი მარქსიზმით კაიროს ფრანგულ ლიცეუმში დაინტერესდა. ხელოვნების დამრიგებელმა კამელ ელ-თელმისანმა გააცნო მას ეგვიპტელი გლეხების ცხოვრება და ბრძოლა. ელ-თელმისანი იყო სიურრეალისტური მოძრაობის, „ხელოვნებისა და თავისუფლების ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც გავლენა მოახდინა აფლატუნის, როგორც მხატვრის განვითარებაზე. [2][3]
1942 წელს შეუერთდა კომუნისტურ ახალგაზრდულ ჯგუფ „ისკრას“. კაიროს ფუად I-ის სახელობის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი 1945 წელს გახდა უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების ქალთა ახალგაზრდული კავშირის (Rabitat Fatayat in jami'a wa al ma'ahid) დამფუძნებელი წევრი ლატიფა ალ-ზაიატთან ერთად. იმავე წელს მან წარმოადგინა ეს ორგანიზაცია პარიზში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის პირველ კონფერენციაზე.
1948 წელს აფლატუნმა დაწერა „ოთხმოცი მილიონი ქალი ჩვენთან ერთად“ (ثمانون مليون امرأة معنا) და“ ჩვენ, ეგვიპტელი ქალები“ (نحن النساء المصريات) 1949 წელს. ეს პოპულარული პოლიტიკური ბროშურები ასახავდა კლასობრივ, გენდერულ და იმპერიალისტურ ჩაგვრას. მან დააარსა ეგვიპტის მშვიდობის საბჭოს პირველი კონგრესი 1949 წელს და შეუერთდა მშვიდობის მეგობრების მოძრაობას (حركة أنسر السلام) 1950 წელს.[4]
1959 წელს ნასერის მთავრობამ კომუნისტების დევნის დროს იგი დააპატიმრა და ფარულად ჩასვა ციხეში.1963 წელს მისი გათავისუფლების შემდეგ, ეგვიპტის კომუნისტური პარტია დაიშალა და მხატვარმა თავისი დროის უმეტესი ნაწილი ფერწერას დაუთმო. მოგვიანებით მან განაცხადა:
„ნასერი, მიუხედავად იმისა რომ ციხეში ჩამაგდო, კარგი პატრიოტი იყო.“
|
შემოქმედება
რედაქტირებასკოლაში აფლატუნს ხატვა უყვარდა. მშობლები ხელს უწყობდნენ გოგონას ნიჭის განვითარებას. ხატვის კერძო მასწავლებელმა კამელ ელ-თელმისანმა გააცნო მას სიურრეალისტური და კუბისტური ესთეტიკა, რამაც გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე იმ პერიოდში. 1946 წლიდან 1948 წლამდე ინჯი აფლატუნმა შეწყვიტა ხატვა, ვინაიდან თვლიდა, რომ მისი ნახატები ავტორის გრძნობებს სრულად ვერ გადმოსცემდა.[5]
ინჯი აფლატუნის ინტერესი ხატვის მიმართ განახლდა ლუქსორის, ნუბიისა და ეგვიპტური ოაზისების მონახულების შემდეგ. ამ მოგზაურობის დროს მას ჰქონდა შესაძლებლობა „დაეხატა კაცები და ქალები მუშობისას“. ერთი წელი სწავლობდა ეგვიპტური წარმოშობის შვეიცარიელ მხატვარ მარგო ვეიონთან. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჰქონდა ინდივიდუალური გამოფენები კაიროსა და ალექსანდრიაში, წარადგინა ისინი ვენეციის ბიენალეზე 1952 წელს და სან პაულუს ხელოვნების ბიენალეზე 1956 წელს (ამავდროულად დაუმეგობრდა მექსიკელ მურალისტს დევიდ ალფარო სიკეიროსს).[6]
პატიმრობის პერიოდში იგი აგრძელებდა ხატვას. მისი ადრეული ციხის ნახატები ძირითადად პორტრეტებია, მოგვიანებით პეიზაჟების ხატვა დაიწყო. გამოსვლის შემდეგ წლებში მან გამოფენები მოაწყო რომსა და პარიზში 1967 წელს, დრეზდენში, აღმოსავლეთ ბერლინში, ვარშავასა და მოსკოვში 1970 წელს, სოფიაში 1974 წელს, პრაღაში 1975 წელს, ნიუ-დელიში 1979 წელს. მისი ნახატები სავსეა "მდიდარი ფერის ცოცხალი შტრიხებით", ზოგიერთ დამთვალიერებე;ს ახსენებს ვან გოგს ან ბონარდს. მხატვრის შემდგომი წლების ხელოვნება ხასიათდება დიდი თეთრი სივრცეების მზარდი გამოყენებით ფორმების გარშემო. მისი ნამუშევრების ერთი კოლექცია გამოფენილია ამირ თაზას სასახლეში კაიროში, მეორე კი —ბარჯელის ხელოვნების ფონდში, შარჯაში.[7][8][9]
მემკვიდრეობა
რედაქტირებააფლატუნის 95 წლის იუბილე აღინიშნა 2019 წლის 16 აპრილს Google Doodle-ით.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Anne Mullin Burnham, 1994, Reflections in Women's Eyes, Saudi Aramco World[მკვდარი ბმული]
- Work by Inji Aflatoun at the Jordan National Gallery of Fine Arts Archived 18 April 2017 at the Wayback Machine
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Smith, Bonnie G. Global feminisms since 1945. — Psychology Press, 2000. — P. 25. — ISBN 978-0-415-18491-5.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-02. ციტირების თარიღი: 2022-03-02.
- ↑ https://www.nytimes.com/2021/04/29/obituaries/inji-efflatoun-overlooked.html
- ↑ https://www.mideastart.com/blog/quarantinefiles/injiefflatoun
- ↑ Egyptian Surrealism . Broomberg & Chanarin. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2019.
- ↑ Radwan. Inji Efflatoun. Mathaf Encyclopedia. Mathaf: Arab Museum of Modern Art. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2017.
- ↑ LaDuke, Betty (1989). “Egyptian Painter Inji Efflatoun: The Merging of Art, Feminism, and Politics”. National Women's Studies Association Journal. 1 (3): 474—493. ISSN 1040-0656.
- ↑ "Permanent art exhibition of activist Inji Aflatoun opens at Amir Taz Palace".[მკვდარი ბმული] Ahram Online. 16 August 2011.
- ↑ Stuhe-Romerein, Helen (24 August 2011). "Egypt's Museums: Amir Taz Palace relates story of artist and activist Inji Aflatoun". Almasry Alyoum. Retrieved 24 August 2011.
- ↑ Inji Aflatoun’s 95th Birthday. Google (16 April 2019).