იზაბელა დ’ესტე
იზაბელა დ’ესტე (იტალ. Isabella d'Este; დ. 3 ოქტომბერი, 1635, მოდენა, იტალია — გ. 21 აგვისტო, 1666, პარმა, იტალია) — ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის ასული. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია 1664-1666 წლებში როგორც რანუჩო II-ის მეორე მეუღლე. ესპანეთის დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ბებია.
იზაბელა დ’ესტე | |
---|---|
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 18 თებერვალი, 1664 |
მმართ. დასასრული: | 21 აგვისტო, 1666 |
წინამორბედი: | მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი |
მემკვიდრე: | მარია დ’ესტე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 ოქტომბერი, 1635 |
დაბ. ადგილი: | მოდენა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 21 აგვისტო, 1666, (30 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარმა, იტალია |
მეუღლე: | რანუჩო II, პარმის ჰერცოგი |
შვილები: |
მარგერიტა მარია, მოდენის ჰერცოგინია ოდოარდო, პარმის პრინცი |
დინასტია: | დ’ესტეები |
მამა: | ფრანჩესკო I, მოდენის ჰერცოგი |
დედა: | მარია კატერინა ფარნეზე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიზაბელა დაიბადა 1635 წლის 3 ოქტომბერს მოდენაში. იგი იყო მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მისი პირველი ცოლის, მარია კატერინა ფარნეზეს ქალიშვილი, რომელიც თავის მხრივ პარმის ჰერცოგ რანუჩო I-ის ასული იყო. იგი მოდენის ორი ჰერცოგის: ალფონსო IV-ისა და რინალდო I-ის ღვიძლი და იყო.
იზაბელას დედა 1646 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამამისმა კიდევ ორჯერ იქორწინა: 1648 წელს თავისსავე ცოლის დაზე, ვიტორია ფარნეზეზე, ხოლო 1649 წელს, მეორედ დაქვირვდა, რის გამოც 1654 წელს მესამედ დაქორწინდა ლუკრეცია ბარბერინიზე, რომელთან ერთადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება.
1663 წელს იზაბელას ბიძაშვილი, პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი რანუჩო II ფარნეზეს მეუღლე, პრინცესა მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი გარდაიცვალა. ჰერცოგს მისგან ბავშვები არ დარჩა, ამიტომაც მემკვიდრის გასაჩენად მეორედ დაქორწინება განიზრახა. იზაბელას მამამ, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება პარმასთან კავშირის გამყარებას შეალია, მაშინვე შესთავაზა თავისი ასულის ხელი რანუჩოს, რომელიც სიხარულით დასთანხმდა წინადადებას.
იზაბელამ და რანუჩომ ერთმანეთი მხოლოდ 1664 წლის 18 თებერვალს, თავიანთ ქორწილში ნახეს პირველად, როდესაც საპატარძლო პარმაში ჩავიდა. ქორწილს დიდი ზეიმი და მუსიკალური წარმოდგენები მოჰყვა. იზაბელამ ჰერცოგს სამი ბავშვი გაუჩინა, რომელთაგან სამივე გადაურჩა ჩვილობაში სიკვდილს, განსხვავებით მისი პირველ ცოლთან შეძენილი ბავშვებისგან. მისი სამი შვილიდან აღსანიშნავია ოდოარდო ფარნეზე, რომელიც მართალია ვერ ავიდა პარმის ტახტზე, მაგრამ მისი ქალიშვილი ისაბელი იყო ფარნეზეთა გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომლის მემკვიდრეობითაც პარმას ესპანელი ბურბონები დაეპატრონნენ.
იზაბელასათვის ოდოარდოს გაჩენა საბედისწერო აღმოჩნდა. პრინცი ოდოარდო 1666 წლის 12 აგვისტოს დაიბადა. მასზე მშობიარობა ჰერცოგინიას განსაკუთრებულად გაუჭირდა, რის შემდეგაც სხვადასხვა გართულებამ იჩინა თავი. ცხრადღიანი წვალების შემდეგ, იზაბელა 1666 წლის 21 აგვისტოს, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ორ დღეში, 23 აგვისტოს დაკრძალეს პარმაში, სანტა მარია დელა სტრაჩეტას სამეფო მავზოლეუმში.
რანუჩოს მეორე ცოლის დაკარგვა, ისევე როგორც პირველის, დიდად არ განუცდია და სულ მალე დაიწყო ახალი თანამეცხედრის ძიება. პარმასთან კავშირის შესანარჩუნებლად ახალი საქორწინო წინადადება ისევ იზაბელას მამის მხრიდან წამოვიდა, რომელმაც სიძეს თავის მეორე ქალიშვილზე დაქორწინება შესთავაზა, რაზეც ჰერცოგი დასთანხმდა. ამრიგად, 1668 წელს რანუჩომ ცოლად იზაბელას და, მარია შეირთო, რომელთანაც კიდევ შვიდი შვილი შეეძინა, მათ შორის პარმის მომავალი ორი ჰერცოგი.
შვილები
რედაქტირება- მარგერიტა მარია (1664-1718), ცოლად გაჰყვა მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ტერეზა (1665-1702), მონაზონი;
- ოდოარდო (1666-1693), პარმის პრინცი. ცოლად შეირთო დოროთეა სოფია ნოიბურგელი, რომელთანაც შეეძინა ესპანეთის დედოფალი და ფარნეზეს დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ისაბელ ფარნეზე;
ლიტერატურა
რედაქტირება- Адель Виктория Марки. Парма и Вена. изд. Edizione Artegrafica Silva, Парма, 1988.
- Lundy, Darryl. "The Peerage: Isabella d'Este, Principessa di Modena".