ივანე ცომაია
ივანე მაქსიმეს ძე ცომაია (დ. 1879 — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ლიდერი 1918-1921 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებამსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. პოდპორუჩიკის ჩინით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905) და მძიმედ დაიჭრა. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის აქტივისტი. I მსოფლიო ომის (1914-1918) დაწყების შემდეგ კვლავ გაიწვიეს ჯარში. იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. 1915 წელს დაიჭრა. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. სამეთაურო თანამდებობებზე იყო საქართველოს სახალხო გვარდიაში: 1918-1919 წლებში იყო გურიის გვარდიის ბატალიონის, 1919-1921 წლებში — თბილისის ბატალიონის უფროსი. მონაწილეობდა იმ პერიოდის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში. 1920 წელს ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 1921 წლის თებერვალში მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთის ჯართან შეტაკებებში სადახლოსა და ნავთლუღში, შემდეგ თავისი ბატალიონით უკან დაიხია ლანჩხუთამდე, სადაც 25 მარტს მთელი აღჭურვილობა და შემადგენლობა ცომაიამ საბჭოთა მთავრობას გადასცა. იმავე წლის ივლისში ახალმა ხელისუფლებამ მისი დაპატიმრება სცადა, რის გამოც ცომაია არალეგალურად ცხოვრობდა ოზურგეთის მაზრაში. 1924 წლის 9 ივლისს ჩეკამ დააპატიმრა ანტისაბჭოთა ამბოხების მზადებაში მონაწილეობისთვის. აგვისტოს აჯანყების დღეებში დახვრიტეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ივანე ცომაია — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)