ნავთლუღი — ძველი უბანი თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამგორის რაიონში, სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს (ნავთობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ ჰქონდა).

ვიკიციტატა
„ხოლო ტფილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით არს ნავთლუხი. მუნ დის ნავთი, კიდესა მტკვრისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ იღების.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 73-74)

XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აქ ციხე-გალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დასახლდა. 1770 წლიდან ნავთლუღს უწოდებდნენ ერეკლეს ციხესაც. ნავთლუღზე გადიოდა აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა (ე. წ. კახეთის გზა). ნავთლუღის ტერიტორიაზე შემორჩენილია წმინდა ბარბარეს სახელობის 2 ეკლესია; ერთი შუა საუკუნეებისა (ახლანდელი სახე XIX საუკუნეში მიეღო) — ნავთლუღის სასაფლაოს წმინდა ბარბარეს ეკლესია, მეორე — XIX საუკუნის II ნახევრისა. სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია ერეკლეს ციხის ნანგრევების ნაშთები.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977;