ნავთლუღის სასაფლაოს წმინდა ბარბარეს ეკლესია
ნავთლუღის სასაფლაოს წმინდა ბარბარეს ეკლესია, ქვემო ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია, — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს თბილისში, ქინძმარაულის შესახვევში, წმინდა ბარბარეს სასაფლაოზე.
ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია პირველად 1779 წელს მოიხსენიება. ეკლესია სოფელ ნავთლუღის მფლობელთა და მეპატრონეთა, თავადი სუმბათაშვილების საგვარეულო საძვალეც იყო. მათი შთამომავლები დღეისათვის საფრანგეთში ცხოვრობენ.
მოსე ჯანაშვილი წერს: „ტაძარი წმინდა ბარბარესი ქვემო ნავთლუღში, აგებული ძველ დროს, დიდი თაყვანის-საცემელია, დღეობას აქ იკრიბება დიდძალი მლოცველი, წმინდა ბარბარეს მოსალოცად აქ მუდამ მოჰყავთ სახადით მოსარჩენალი ბავშვები“. თბილისში არსებობდა უძველესი ტრადიცია, ყველა ოჯახს ბავშვი ამ ეკლესიაში მიჰყავდა დასალოცად და წმინდა ბარბარეს მამალსაც სწირავდა.
1880-1883 წლებში ეკლესია შეაკეთა და განაახლა მღვდელმა თეოფანე ჩიჯავაძემ. ამჟამად ტაძრის მოძღვრის მამა იესე არხოზაშვილის ინიციატივით ტაძარი იხატება დავით იმერლიშვილის მიერ.
თბილისის წმინდა ბარბარეს ქვემო ეკლესიაში დასვენებულია წმინდა ბარბარეს XVI-XVII საუკუნის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც სამი შარავანდედი ადგას თავზე. ასევე აქ დასვენებულია XVI საუკუნის ყოველთა წმიდათას აღდგომის ხატი და სხვა ხატები.
წმინდა ბარბარეს (ქვემო) ეკლესია წარმოადგენს ერთნავიან შენობას, რომლისთვისაც მინაშენი მეფე ერეკლეს XVIII საუკუნეში გაუკეთებია. 1903 წლის გაზეთი ”ივერია” წერდა, რომ: ”4 იანვარს, ნავთლუხში, ნავთლუხის წმინდა ბარბარეს ეკკლესიის მღვდელის მამა იოსებ ჩიჯავაძის მოთავეობით გამართული იქნება საქველმოქმედო საღამო მუსიკალური განყოფილებით. შემოსავალი ამ საღამოსი გაეგზავნებათ ქალაქ ანდიჯანში მიწისძვრისაგან დაზარალებულთ შესაწევრად”. ამ სტატიის მიხედვით, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რამდენად ფართო იყო ამ ეკლესიის საქმიანობის ფარგლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 98-101