ივანე ფანჩულიძე
ივანე ფანჩულიძე (დ. 1759 — გ. 9 იანვარი, 1815) — ქართველი სამხედრო პირი.
ივანე ფანჩულიძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1759[1] |
გარდაცვალების თარიღი | 1815[1] |
ბიოგრაფია
რედაქტირება1812 წლის სამამულო ომში მებრძოლ ქართველ გენერალთაგან განსაკუთრებით პოპულარულები იყვნენ ძმები ფანჩულიძეები – ივანე და სიმონი. მათი მამა, აზნაური დავით ფანჩულიძე, 1738 წლიდან გადასახლდა რუსეთში და სიცოცხლის ბოლომდე სამოქალაქო სამსახურში იმყოფებოდა. 1782 წლიდან იგი მუშაობდა სარატოვის სამოქალაქო პალატის მრჩევლის თანამდებობაზე. დავითის უმცროსი ვაჟი – ალექსი სარატოვის გუბერნატორი იყო. ივანე დავითის ძე ფანჩულიძე რუსეთის სამხედრო სამსახურში შევიდა 1774 წელს, 15 წლის ასაკში. მისი პირველი სამუშაო ადგილი იყო პრეობრაჟენსკის ლეიბ გვარდიის პოლკი; 1777 წელს მას სერჟანტის წოდება მიანიჭეს და სმოლენსკის პოლკში გადაიყვანეს; 1786 წლის 1 იანვარს ივანემ სამსახური დაიწყო კინბურნის დრაგუნთა პოლკში.
პირველი საბრძოლო ნათლობა ივანე ფანჩულიძემ 1787–1791 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომში მიიღო და თავიც გამოიჩინა: 1787 წელს ოჩაკოვოს ციხე–სიმაგრის შტურმის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის მას მიენიჭა სეკუნდ–მაიორის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს საგანგებო ნიშნით; ასევე ისახელა მან თავი 1789 წელს ტამანის ნახევარკუნძულზე, თურქული ბატარეის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1793 წელს ივანე დავითის ძე გადაიყვანეს ტვერის კარაბინერთა პოლკში; 1794 წელს, პოლონეთის კამპანიის დროს, მოწინააღმდეგის ესკადრონის დატყვევებისთვის იგი აყვანილ იქნა პრემიერ–მაიორის ხარისხში; 1796 წელს მონაწილეობდა სპარსეთზე ლაშქრობაში; 1797 წლის 30 აგვისტოს ტვერის კარაბინერთა პოლკის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაიყვანეს სოფიის კირასირის პოლკში; ამავე პოლკში 1797 წლის 12 აგვისტოს მიიღო პოდპოლკოვნიკის, ხოლო 1799 წლის 11 ოქტომბერს, ბარკოვის კირასირთა პოლკში – პოლკოვნიკის წოდება; 1800 წლის 1 იანვარს ეს პოლკიც გაუქმდა და ივანე ფანჩულიძე განაწესეს მე–2 კირასირის ესენის პოლკში; 1803 წლის 18 იანვარს იგი დაინიშნა ტვერის დრაგუნთა პოლკის, ხოლო 1806 წელს – ჩერნიგოვის დრაგუნთა პოლკის მეთაურად.
1805 წლის კამპანიაში ნაპოლეონის წინააღმდეგ შენგრაბენის ცნობილი ბრძოლის დროს პოლკოვნიკი ფანჩულიძე გენერალ პეტრე ბაგრატიონის მარჯვენა ფლანგის კავალერიას მეთაურობდა და „გზა გაუკაფავს მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვან ნაწილებთან შეტაკებაში“. შენგრაბენის ოპერაციისთვის ივანე დავითის ძე დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენით. ასევე ისახელა მან თავი 1805 წლის 20 ნოემბერს აუსტერლიცთან ბრძოლაში, რომლის გადამწყვეტ ფაზაში იგი „შეიჭრა მოწინააღმდეგის რიგებში და მანამდე ჩეხა, ვიდრე ტყვიამ არ დაჭრა“. მომდევნო, 1806–1812 წლებში, ივანე ფანჩულიძე რუსეთ–თურქეთის ომის ფრონტზე იბრძოდა. 1807 წლის მაისში მას გენერალ-მაიორის წოდება ებოძა. 1809 წელს იგი ხელმძღვანელობდა ხუთიათასიან რაზმს თურქებისგან ანაპის განსათავისუფლებლად. გონივრული სამხედრო მოქმედების შედეგად ანაპის ფაშა განადგურებულ იქნა, ხოლო ციხესიმაგრე აღებული. ამ ოპერაციისთვის გენერალი ფანჩულიძე დაჯილდოვდა წმ. ანას I ხარისხის ორდენით.
1810 წელს ივანე ფანჩულიძე მონაწილეობდა ტრაპიზონის საზღვაო ექსპედიციაში. 1811 წლის 4 თებერვალს იგი დაინიშნა მეოთხე საკაველირეო დივიზიის მე–12 ბრიგადის მეთაურად. 1812 წლის სამამულო ომში ივანე დავითის ძე თავისი ჯარით პეტრე ბაგრატიონის მეორე არმიის შემადგენლობაში იბრძოდა და არაერთხელ ისახელა თავი. იგი რუსეთის კავალერიის ბრიგადას სარდლობდა სმოლენსკის, ბოროდინოს, მოაისკის, ტარუტინოს, მალოიაროსლავეცის, კრასნისა და სხვა ბრძოლებში; იმ პირთა სიაში, „რომელთაც თავი გამოიჩინეს ერთგულებით და მამაცობით არიერგარდის ვიაზმიდან ბოროდინომდე მოძრაობის დროს“ და რომელნიც წარდგენილნი იყვნენ ჯილდოზე, დასახელებული იყო ჩერნიგოვის დრაგუნთა პოლკის უფროსი გენერალ–მაიორი ივანე ფანჩულიძე. ეს პოლკი გამოირჩეოდა 1812 წლის 26 აგვისტოს ბოროდინოს ველზე გამართულ გენერალურ ბრძოლაში, ხოლო, 1813 წლის 3 ივნისს ივანე დავითის ძე დაჯილდოვდა წმ. გიორგის III ხარისხის ორდენით „1812 წლის 4–6 ნოემბერს კრასნისთან გამართულ ბრძოლაში ფრანგული ლაშქრის წინააღმდეგ გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და გმირობისათვის“.
ივანე ფანჩულიძე აქტიურად მონაწილეობდა 1813-1814 წწ. რუსული არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობებში. მათ შორის, თავი გამოიჩინა 1813 წლის კამპანიაში ლიუცენის, ბაუცენის, რაიხენბახისა და კაცბახის ბრძოლებში, 1814 წელს იბრძოდა რეიმსთან, ლა ფერ–შამპენუაზთან, ასევე, მაინცის ბლოკადისა და პარიზის აღების დროს. 1813 წლის სექტემბერში ივანე ფანჩულიძეს ებოძა რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდება ლიუცენის ბრძოლაში გამოჩენილი მხედრული ღირსებისათვის. მისი სიმამაცე და სამხედრო შენაერთების უნარიანი ხელმძღვანელობა არაერთხელ აღინიშნა რუსეთის იმპერიისა და უცხოეთის სახელმწიფო ჯილდოებით. გენერალი ფანჩულიძე გარდაიცვალა 1815 წლის 9 თებერვალს. იგი დაქორწინებული იყო მარია ანდრეევნა ბარატინსკაიაზე. მათ ჰყავდათ სამი ქალიშვილი: ეკატერინა, ანნა და ელიზავეტა. გმირობისა და დამსახურებისთვის ძმების, ივანე და სიმონ ფანჩულიძეების პორტრეტები გამოფენილი იყო ზამთრის სასახლეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ივანე ფანჩულიძე - გენერალ-ლეიტენანტი // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. თბ., 2012 სექტემბერი სპეციალური გამოშვება. გვ. 33-35
- ქუთათელაძე, ზურაბ. ივანე ფანჩულიძე (1759-1815) : გენერალ-ლეიტენანტი. 1812 წლის რუსეთის სამამულო ომის გმირი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. თბ., 2011 გვ.158.
- ფანჩულიძე ივანე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. თბ., 2012 გვ.179
- ფანჩულიძე, ჯუმბერ. გენერალ-ლეიტენანტი ივანე დავითის ძე ფანჩულიძე // ფანჩულიძეთა გვარი / ჯ. ფანჩულიძე. თბ., 2012 გვ.32-35
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.