ივანე რატიშვილი
ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი (რატიევი) (დ. 17 ივლისი, 1868, ორიოლი — გ. 26 აპრილი, 1958, თბილისი) — რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი, ქართველი თავადი, ზამთრის სასახლის კომენდანტი.
ივანე რატიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17 ივლისი, 1868 ორიოლი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
26 აპრილი, 1958 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, სსრ კავშირი |
ეთნიკურად | ქართველი |
ალმა-მატერი | ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი (სანქტ-პეტერბურგი), ნატიფი ხელოვნების აკადემია (საფრანგეთი) |
პროფესია | სამხედრო პირი |
წოდება | ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი |
მეუღლე(ები) | ეკატერინე ბაგრატიონ-გრუზინსკაია |
შვილ(ებ)ი | დიმიტრი, ოლღა |
მშობლები |
მამა: დიმიტრი რატიშვილი დედა: ოლღა მიხეილის ასული მასლოვა |
ჯილდოები | წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაივანე რატიშვილი 1868 წლის 17 ივლისს ქალაქ ორიოლში დაიბადა. ივანეს წინაპარი, სოფელ ქსოვრისიდან, 1724 წელს მეფე ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვა და მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. ივანეს მამა, დიმიტრი რატიშვილი (რატიევი), იყო რუსეთის არმიის ოფიცერი, დედა – ოლღა მიხეილის ასული მასლოვა.
განათლება და სამხედრო სამსახური
რედაქტირებაივანე რატიშვილი 10 წლის ასაკში სასწავლებლად შეიყვანეს ორიოლის კადეტთა კორპუსში. 1888 წელს სწავლა გააგრძელა სანქტ-პეტერბურგის ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგაც, მისივე თხოვნით, კავკასიაში გადაიყვანეს. 1890 წელს სამხედრო სამსახური დაიწყო ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში, რომელიც საქართველოში იყო განლაგებული.
ივანე რატიშვილს ჯანმრთელობის გამო სამხედრო სამსახურისთვის თავის დანემბება მოუწია. იგი თავის ესკადრონთან ერთად მონაწილეობდა დიდუბის იპოდრომზე გამართულ საჩვენებელ შეჯიბრში, რა დროსაც მისმა ცხენმა თავი ვერ შეიკავა და დაეცა. ივანემ მიიღო ტრამვა და მთელი ერთი წელი მკურნალობდა სამხედრო ჰოსპიტალში. ტრამვის გამო 1907 წელს იგი სამხედრო სამსახურიდან ვიცე-პოლკოვნიკის ჩინით გადადგა. მალე პარიზში გაემგზავრა და წარმატებით დაამთავრა ნატიფი ხელოვნების აკადემია.
ზამთრის სასახლე
რედაქტირებაივანე რატიშვილი განათლების მიღების შემდეგ, სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და რუსეთის განათლების სამინისტროში დაიწყო მუშაობა. სულ მალე განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, როგორც სახვითი ხელოვნების მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ზამთრის სასახლის სამმართველოში გადაიყვანეს. 1913 წელს ზამთრის სასახლის პოლიცმეისტერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, იმავე წელს გვარდიაში გადაიყვანეს. 1915 წელს კი წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და ზამთრის სასახლეში იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასულის მხატვრულ განძეულობათა საცავის სარევიზიო კომისიის წევრად დანიშნეს. 1916 წელს ივანე იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც უნდა გამოერკვია პეტროგრადის სასახლეების სამმართველოში შემავლი შენობების აუცილებელი სარემონტო სამუშაოები. ამ სამუშაოს წარმატებით შესრულებისათვის იმავე წელს მიენიჭა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი და პოლკოვნიკის წოდება. 1917 წელს აპრილში ივანე რატიშვილი დაინიშნა პეტროგრადის სასახლეების სამმართველოს უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ კომაროვის თანაშემწედ და სულ მალე კი – ერმიტაჟიდან და სასახლეებიდან განძეულობის ევაკუაციისათვის გამოყოფილი კომისიის თავმჯდომარედ.
ივანე რატიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის 1917 წლის რევოლუციების დროს ზამთრის სასახლის, ერმიტაჟის სამუზეუმო ექსპონანტებისა და განძეულობის გადარჩენაში.
1917 წლის თებერვლის რევოლუცის დროს პეტროგრადი განსაკუთრებულ სამხედრო ოლქად გამოცხადდა და მის სარდლად გენერალი სერგეი ხაბალოვი დაინიშნა, რომელმაც ზამთრის სასახლისა და ერმიტაჟის ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილები განალაგა. ამ მქედებით გაჩნდა რეალური საფრთხე სასახლის დაზიანების თუ მოწინააღმდეგე მხარე ქვემეხებს სამხედრო ნაწილების მიმართლებით გაისვრიდა. ივანე რატიშვილი, რომელსაც სასახლის დაცვა ევალებოდა, მოუწოდებდა გენერალს გაეყვანა ჯარები აღნიშნული ტერიტორიიდან, თუმცა უშედეგოდ. ივანე ტელეფონოით დაუკავშირდა ნიკოლოზ II–ის ძმას მიხეილს, რომელმაც გენერალს უბრძანა დაეტოვებინა რაზმებთან ერთად სასახლის ტერიტორია.
მარტის პირველ რიცხვებში მაქსიმ გორკის ინიციატივით მოეწყო თათბირი რევოლუციის მსხვერპლთათვის დასაფლავების ადგილის შესარჩევად. ბევრმა აზრი გამოთვა ზამთრის სასახლის მოედანზე დაეკრძალათ მიცვალებულები. ივანე რატიშვილმა, რომელიც თათბის ესწრებოდა, ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა, რადგანაც მოედნის გრუნტში განლაგებული იყო დიდი რაოდენობით მიწისქვეშა კომუნიკაციები. მან წინადადება წამოაყენა აერჩიათ მარსის მოედანი, სადაც ეწყობოდა დედაქალაქის გარნიზონის ჯარების პარადი. გორკიმ ივანეს წინადადებას მხარი დაუჭირა.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის დროს ივანე რატიშვილმა მეორედ გადაარჩინა ზამთრის სასახლის საგანძური და სიკვდილისგან იხსნა დაჭრილი ჯარისკაცები. 1917 წლის 25 ოქტომბრის ღამეს, როდესაც დროებითი მთავრობა ზამთრის სასახლეს შეეფარა, საგანძური კვლავ საშიშროების წინაშე დადგა. ზამთრის სასახლის მთელი რიგი დარბაზების ფანჯრები გადიოდა სასახლის მოედანზე, სადაც მოთავსებული იყო სამხედრო ჰოსპოტალი, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროს დაჭრილი 1000-ზე მეტი ჯარისკაცი იწვა. ვიდრე რევოლუციონერები ზამთრის სასახლის იერიშისთვის ემზადებოდნენ ივანე რატიშვილმა დაიხმარა რამდენიმე ჯარისკაცი, თავისი ვაჟი – პაჟთა კორპუსის კურსანტი დიმიტრი და დაჭრილების საწოლები შიგნით უფანჯრო ოთახებში გადაიტანა, სადაც ტყვია ვერ შეაღწევდა და ამით ათასზე მეტი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა. სასახლეზე იერიშის დროს ხელქვეითების დახმარებით ოქროს, ფაიფურისა და სპილოს ძვლის ქანდაკებები სარდაფის საცავებსა და სეიფებში გადამალა. როდესაც სასახლეში რევოლუციური ჯარები შეიჭრნენ და სიტუაცია უმართავი გახდა ივანე რატიშვილმა მოახერხა და კავშირი დაამყარა სასახლის შტურმის ხელმძღვანელებთან ვ. ა. ანტონოვ–ოვსეენკოსა და გ. ი. ჩუდნოვსკისთან და მათი დახმარებით აღკვეთა ქურდობა და ძვირფასეულობის დატაცების მცდელობა.
ზამთრის სასახლის აღება და ივანე რატიშვილის გმირობა აღწერილი აქვს ამერიკელ მწერალს ჯონ რიდს წიგნში „ათი დღე, რომელმაც შესძრა კაცობრიობა".
რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ლენინი ზამთრის სასახლეს ეწვია და პირადად გადაუხადა მადლობა ივანე რატიშვილს. ლენინმა იგი პეტროგრადის რაიონის ყველა სახელმწიფო სასახლის, მუზეუმებისა და ისტორიული ძეგლების მთავარ კომენდანტად დანიშნა.
1919 წლის მარტში, როდესაც საბჭოთა მთავრობა პეტროგრადიდან მოსკოვში გადავიდა, ლენინის ბრძანებით ივანე რატიშვილს, იაკობ სმირნოვთან ერთად, დაევალა სახელმწიფო ბანკის ოქროს მარაგისა და დიდი რაოდენობის სხვა ფასეულობათა მოსკოვში გადატანის ორგანიზება და მგზავრობისას მათი დაცვა. მან ოქრო და ძვირფასი ნივთები 5 მატარებლით გადაიტანა, რომელთა მარშრუტი და გასვლის დრო უაღრესად გასაიდუმლოებული იყო.
ოჯახი
რედაქტირება1896 წელს ივანე რატიშვილმა ცოლად შეირთო ეკატერინე ბაგრატიონ-გრუზინსკაია, რომლის დედა, თამარი იყო პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტის წევრი. ეკატერინეს მამა – ირაკლი ბაგრატიონი – ერეკლე II-ის შვილიშვილი. ივანესა და ეკატერინეს ორი შვილი – დიმიტრი და ოლღა – შეეძინათ.
ცხოვრების ბოლო წლები
რედაქტირებაივანე რატიშვილის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა – 1917 წელს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო 1926 წელს ვაჟიშვილი მოსკოვში მდინარეში ბანაობის დროს დაიხრჩო. 1920-1930 წლებში იგი მთარგმნელად მუშაობდა მოსკოვის სხვადასხვა ორგანიზაციებში. 1931 წელს საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და ქალიშვილის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მას საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის პერსონალური პენსია დაენიშნა. გარდაიცვალა 1958 წლის 26 აპრილს.
გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში დაცულია ივანე რატიშვილის მიერ ჩაბარებული მრავალი რელიქვია: მიხეილ ლერმონტოვისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის პირადი ნივთები, საოჯახო ალბომები, ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ლექსების ადრეული ხელნაწერები და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანტონოვი ვ. სასახლის პირველი საბჭოთა კომენდანტი // თბილისი. – 1970, 30 მარტი. – N 74. – გვ 2.
- გოგიძე, შ. "ამხანაგი თავადი" - განძეულობათა გადამრჩენი. თბილისი : ხელოვნება, 1987.
- ვადბოლსკი მ. ზამთრის სასახლის უკანასკნელი კომენდატი // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1955, 20 ოქტომბერი. – N 126. – გვ 3.
- თორდუა ვ. სათავეებთან // კომუნისტი. – 1988, 16 თებერვალი. – N 40. – გვ 3.