მიხეილ ვადბოლსკი
მიხეილ ნიკოლოზის ძე ვადბოლსკი (რუს. Михаил Николаевич Вадбольский; დ. 20 თებერვალი, 1899, ვარშავა, — გ. 19 მაისი, 1990, თბილისი) — ფერმწერი, გრაფიკოსი, პუბლიცისტი, ქართული ჰერალდიკის და ჭადრაკის ისტორიის მკვლევარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1981).
დაიბადა არისტოკრატული წარმოშობის რუსი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ბავშვობა გაატარა პეტერბურგში. დაამთავრა ბარონ შტიგლიცის სამხატვრო სასწავლებელი (1917). მონაწილეობდა I მსოფლიო და რუსეთის სამოქალაქო ომებში. სამოქალაქო ომმა მთელი მისი ოჯახი შეიწირა, რის შემდეგაც, 1924 წელს, ვადბოლსკი თბილისში დასახლდა. მუშაობა დაიწყო მხატვარ-გამფორმებლად, ასევე მოღვაწეობდა პოლიტიკური სატირისა და აგიტაციის დარგში. ამავე პერიოდში შექმნა ისტორიულ პირთა პორტრეტები, ქართულ ისტორიულ საგვარეულოთა გერბები, დროშები, მოიძია ფულისა და ქართული ტანსაცმლის ნიმუშები, სწავლობდა საჭადრაკო თეორიებს და საქართველოში ჭადრაკის ისტორიის საკითხებს და სტატიების სახით აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. II მსოფლიო ომის დროს დაუბრუნდა პროპაგანდის თემას და ხელმძღვანელობდა თბილისის წითელი არმიის სახლის „სატირის ფანჯარას“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვადბოლსკის წვლილი ქართული ჰერალდიკური მეცნიერების განვითარებაში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- საქართველოს ჰერალდიკური სიმბოლიკა, თბ., 1980.
- ჭადრაკი 1400 წლის მანძილზე, თბ., 1973.
- მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები ჭადრაკის ისტორიაში, თბ., 1966.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვადბოლსკი, მიხეილ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 130.
- ბიჭიკაშვილი ი., მიხეილ ვადბოლსკი და ქართული ჰერალდიკა, თბ., 2020.