იერემია გულისაშვილი

იერემია დიმიტრის ძე გულისაშვილი (დ. 1 მაისი, 1863 — გ. 20 აპრილი, 1958) — ქართველი მწერალი და თეატრალური მოღვაწე, პედაგოგი.

დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მუშაობდა სკოლის მასწავლებლად ზუგდიდსა (1882-1888) და თბილისში (1888-1913). 1915-1919 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაგზავნილი იყო სკოლების ზედამხედველად ბათუმსა და აჭარაში, სადაც 40-მდე ქართული სკოლა გახსნა. 1919 წლიდან ცხოვრობდა მშობლიურ საგარეჯოში, იყო სკოლის დირექტორი და რუსული ენის მასწავლებელი.

პუბლიცისტურ სტატიებს აქვეყნებდა „ივერიაში", „სახალხო გაზეთში" და სხვ. შემდეგ თვითონ დაიწყო „ორკაპიკიანი" გაზეთის გამოცემა ღარიბი მოსახლეობისთვის. იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული წიგნების გამომცემლობის ამხანაგობისა და „ქართული კლუბის" დაარსებისა თბილისში. 1886 წელს ზუგდიდში პირველად დადგა გიორგი ერისთავის „ძუნწი" და თვითონვე შეასრულა მთავარი როლი, სისტემატურად მართავდა წარმოდგენებს; მიღებული შემოსავლით გახსნა სახალხო ბიბლიოთეკა. თბილისში გულისაშვილი იყო ქართული სახალხო თეატრის — ავჭალის აუდიტორიის — ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი რეჟისორობით იდგმებოდა გ. ერისთავის „გაყრა", ავქსენტი ცაგარელის „ციმბირელი", „ხანუმა", „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", „ადვოკატი მელაძე", კოტე მესხის „თამარ ბატონიშვილი" და სხვ. ამ წარმოდგენებში თვითონაც ასრულებდა როლებს მარიამ დემურიასა და ნ. ნაკაშიძესთან, ნიკოლოზ გოცირიძესა და იოსებ იმედაშვილთან, გ. ლასხიშვილსა და ი. ნაკაშიძესთან, გ. ჯაბაურთან და სხვებთან ერთად. საგარეჯოში დასახლების დღიდან სიკვდილამდე ქალაქის დრამატული დასის წევრი და თეატრის შენობის აგების ინიციატორი იყო. დაწერა ხუთმოქმედებიანი დრამა „დრონი მეფობენ" (1890) და პიესა „ცხოვრება ბრძოლაა" (1892, ცალკე წიგნად დაისტამბა 1895). იერემია გულისაშვილის ვაჟი, დიმიტრი (მიტო) 1918 წელს დუშეთის ამბოხების დროს პოლკოვნიკ იოსებ გედევანიშვილის პარტიზანული პოლკის ოფიცერი იყო და 24 წლის ასაკში სასიკვდილოდ დაიჭრა ბოლშევიკებთან ბრძოლაში ანანურთან.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება