იეჟი თუმანიშვილი
იეჟი (გიორგი) თუმანიშვილი (ტუმანოვი) (ფსევდონიმი — Jerzy Traper; დ. 21 ივნისი, 1916, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 9 დეკემბერი, 2010, ფლორიდა, აშშ) — პოლონეთის (წარმოშობით ქართველი) სამხედრო საზღვაო მოღვაწე, კონტრ-ადმირალი (2008).
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი თუმანიშვილი პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი იყო. იგი იყო თავად პავლე თუმანიშვილისა და მისი პოლონელი მეუღლის იადვიგა შიშკოს ვაჟი. დედის მხრიდან იეჟი თუმანიშვილი მრავალ პოლონელ დიდგვაროვან ოჯახს ენათესავება. რაც შეეხება მამამისს, პავლე იოსების ძე თუმანიშვილს, იგი რევოლუციის დაწყებამდე მრავალი წლის განმავლობაში ტფილისის მაზრის თავად–აზნაურთა წინაძღოლი იყო და ხშირად გუბერნიის მარშლის თანამდებობასაც ასრულებდა. პავლეს დედა – იულია კონსტანტინეს ასული ზუბალაშვილი ნავთობის საბადოების მფლობელ ზუბალაშვილების გვარს ეკუთვნოდა. დედის ქონებას თავადი პავლე განკარგავდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ყველა სამრეწველო თუ სავაჭრო საქმეში, ასრულებდა საზოგადოებრივ საქმეებს და დიდი ქველმოქმედიც იყო. მან დააფინანსა ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიცია ლეჩხუმ-სავანეთში 1910 წლის ზაფხულში; „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას“ შესწირა საკუთარი მიწის ნაკვეთი ვერაზე მუზეუმ-წიგნსაცავის ასაშენებლად; აგრეთვე, შეიძინა საარქეოლოგიო ნივთები და საუცხოო ბიბლიოთეკასთან ერთად გადასცა მუზეუმს.
პავლე თუმანიშვილის პოლიტიკური მიმართულება ეროვნულ–დემოკრატიული იყო. მისი მონაწილეობით და ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამომუშავდა ამ პარტიის პირველი საჯარო ოფიციალური პროგრამა, რომელიც მან თავისი ხარჯით დაბეჭდა. სარწმუნოებით კათოლიკე იყო. მფარველობდა და შემწეობას უწევდა საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას, არაერთხელ ჰქონია პირადი აუდიენცია რომის პაპთან. იყო კავალერი წმ. სტეფანეს ორდენისა, რომელიც პაპმა მას უკვე ემიგრაციაში უბოძა.
იეჟის მშობლებმა ერთმანეთი პეტერბურგში გაიცნეს და იქვე დაქორწინდნენ 1915 წელს. სამსახურის გამო ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და იეჟიც იქვე დაიბადა 1916 წლის 21 ივნისს. მალე ოჯახი თბილისში დაბრუნდა. იმ დროს, როდესაც ბოლშევიკებმა რუსეთში ხელისუფლება აიღეს ხელთ, პავლე თუმანიშვილი დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად და ბიზნესის საწარმოებლად იყო პარიზში. თბილისში წითელი არმიის შემოჭრისას თუმანიშვილების სახლი რუსული არმიის ერთ-ერთი გენერლის რეზიდენციად იქცა. იადვიგამ ნაცნობი გერმანელი ელჩის დახმარებით მოახერხა ვიზისა და გამგზავრების ნებართვის აღება. 1921 წლის ბოლოს ოჯახი უკვე იტალიაში იმყოფებოდა. მალე პარიზიდან ბატონი პავლეც ჩავიდა და ყველანი ვარშავაში გაემგზავრნენ. თავიდან საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ, რადგან პავლე თუმანიშვილს გარკვეული თანხა ჰქონდა შვეიცარიის ბანკში. მაგრამ როდესაც ფულის მარაგი ამოიწურა და საქართველოში სწრაფი დაბრუნების იმედიც აღარ ჰქონდათ, საჭირო შეიქმნა რაიმე სამუშაოს მოძებნა. ეს კი ძალზე ძნელი საქმე აღმოჩნდა უცხოელისათვის, რომელმაც ამასთან, კარგად არ იცოდა პოლონური ენა. უნდა აღინიშნოს, რომ 1930 წლამდე პავლე თუმანიშვილი რამდენიმე წლის მანძილზე იყო საქართველო-პოლონეთის საზოგადოების პრეზიდენტი ვარშავაში.
თუმანიშვილების ოჯახი თავდაპირველად ცხოვრობდა ვარშავის გარეუბანში, გოძიაშვილების სახლში. 1927 წელს გადავიდნენ ვარშავაში, სადაც 1928 წელს იეჟმა სწავლა დაიწყო სტეფანე ბატორის სახელობის გიმნაზიაში. პავლე თუმანიშვილი პარიზში გადავიდა, სადაც ცდილობდა საკმარისი რაოდენობით თანხა გამოემუშავებინა ოჯახის სარჩენად და ძველი ვალების დასაბრუნებლად. ამასობაში იეჟის უფროსმა ძმამ, კაზიმეჟმა (დედამისის პირველი ქორწინებიდან), რომელიც ამ დროს უნივერსიტეტში სწავლობდა, იშოვა სამუშაო და მთელი ოჯახი ვილნიუსში გადავიდა საცხოვრებლად. იეჟიმ ლელეველის სახელობის (XIX საუკუნის ცნობილი პოლონელი ისტორიკოსი) გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა. 1935 წელს კაზიმეჟი კიდევ უფრო დააწინაურეს. ოჯახმა თითქოს ამოისუნთქა და სწორედ ამ დროს 63 წლის ასაკში პოლონეთის ქალაქ სუვალკში 1935 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა თავადი პავლე თუმანიშვილი.
იმავე წელს იეჟი თუმანიშვილი, როგორც თავად იხსენებს, გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძის პროტექციით, სამხედრო-საზღვაო საოფიცრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც ამ პერიოდში ტორუნში (პოლონეთის ერთ-ერთი სავოევოდო) მდებარეობდა. თავის მოგონებებში იეჟი თუმანიშვილი წერს, რომ სხვა მოსწავლეებისაგან იგი არაფრით გამოირჩეოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არც მთლად ასე იყო. მაგალითად, ცურვაში ჩატარებულ შეჯიბრში იგი თანაკურსელთა შორის პირველი იყო, ასევე პირველობდა მრავალ სხვა გამოცდაშიც.
1938 წლის 15 ოქტომბერს იეჟი თუმანიშვილს მიენიჭა პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პორუჩიკის წოდება. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას სამხედრო სამსახურს იწყებს ხომალდ „ბურჟაზე“. იბრძვის ინგლისის სამეფო საზღვაო ძალებთან ერთად, როგორც წყალქვეშა ძალების ოფიცერი. 1940 წლის გაზაფხულზე იგი გადაჰყავთ გემ „ურაგანზე“, რომელიც ატლანტიკის ოკეანეში გამართულ საომარ ოპერაციებში მონაწილეობს. 1941 წლის 3 მაისს იეჟი ჯვარს იწერს მარგარეტ ჰოგჰერზე, ინგლისელ ქალზე. 1941 წლის სექტემბერში იეჟიმ მიიღო პოლონეთის მოქალაქეობა. ამავე პერიოდში მას აწინაურებენ – გადაჰყავთ ხომალდ “კრაკოვიაკზე” და არტილერიის ოფიცრის წოდებას ანიჭებენ. ამ ხომალდზე იეჟი იბრძვის 1943 წლის თებერვლამდე, ანუ მანამდე, ვიდრე ფიზიკურად ქანცგაწყვეტილი და გამოფიტული არ გადავა ნაპირზე. მკურნალობისა და ძალების მოკრების შემდეგ ბრუნდება სამხედრო ხომალდ „ტირპიტზე“, რომელიც მალე ცხარე ბრძოლებში ჩაება ნორვეგიის ნაპირებთან.
იეჟი თუმანიშვილმა ომი კაპიტნის ჩინით დაასრულა. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით. მათ შორის, პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენით –„ვირტუტი მილიტარით“. არც მშვიდობიან დროს შეურცხვენია თავი და პოლონეთის მთავრობის მიერ მისი მრავალგზისი დაჯილდოებით აღინიშნა.
1950 წლიდან იეჟი თუმანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ეს დაგეგმილი არ ჰქონდა. სავაჭრო გემი, რომელზედაც ის მსახურობდა როგორც ბორტის ოფიცერი, ნიუ-იორკსა და სამხრეთ ამერიკის პორტებს შორის დაცურავდა. ამ გემით მრავალი ქალაქი მოინახულა: ბუენოს-აირესი, სანტოსი, მონტევიდეო, რიო დე ჟანეირო, ტრინიდადი, ამაზონის შესართავის პორტებში და კუნძულ ბარბადოსზე კი იყო, მაგრამ ერთ დღესაც გემი გაიყიდა და მთელი მისი ეკიპაჟი უმუშევარი დარჩა. ნიუ-იორკში ჩარჩენილმა ლონგ აილენდში, ფერმაში დაიწყო მუშაობა. ეს ადგილი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა იქ დასახლება. გარკვეული ხნის შემდეგ დაბრუნდა ინგლისში, ემიგრაციისათვის საჭირო დოკუმენტები გააფორმა და ზუსტად ერთი წლის შემდეგ მთელი ოჯახი ნიუ-იორკში გაემგზავრა.
იეჟი თუმანიშვილი პენსიაზე შედარებით ადრე, 1977 წელს გავიდა. ოჯახი დასახლდა ორიგონის შტატში 15 ჰექტარიან ფერმაში, რომლის მდებარეობაც ძალიან წააგავს კავკასიის მთისწინა ადგილებს. იეჟიმ დააფუძნა საკონსულტაციო ფირმა, რომელსაც მისი შვილი, სტეფანეც შეუერთდა. ფირმა ერთჯერადი შპრიცების, რეზინის ხელთათმანებისა და სხვა ამგვარი პროდუქციის წარმოებაზეა სპეციალიზებული. ამ სფეროში მუშაობამ საშუალება მისცა მეუღლესთან ერთად თითქმის მთელ მსოფლიოში ემოგზაურა. მრავალგზის ესტუმრა პოლონეთსაც.
იეჟი თუმანიშვილმა კალამს ჯერ კიდევ ომის დროს მოკიდა ხელი, „მებრძოლი პოლონეთის“ ფურცლებზე წერდა ფსევდონიმით „Jerzy Traper“. მისი პირველი მოთხრობები ლონდონში დაიბეჭდა 1940 წელს პოლონურ „ლიტერატურულ გაზეთში”. ამერიკაში დასახლების შემდეგ ამ კონტინენტის მკვიდრთა შესახებ მოთხრობებს ამ ორი გაზეთის გარდა აქვეყნებდა, ასევე, ნიუ-იორკში გამომავალ “პრჟეგლად პოლსკიში” (“პოლონეთის მიმოხილვა”). 70-იან წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში შეუდგა პოლონეთის სამხედრო – საზღვაო ძალების ისტორიის წერას. მასალებს გაზეთ „პრჟეგლად პოლსკის” აწვდიდა და ამერიკულ გაზეთებსაც უგზავნიდა. მთელმა ამ ნამუშევარმა 400 მანქანაზე ნაბეჭდი გვერდი შეადგინა და გასაცნობად, ხოლო შემდეგ გამოცემაში დახმარებისთვის გაეგზავნა პოლონეთის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორ ი. კონდრაცკის.
1990 წელს პოლონეთის პრეზიდენტმა დევნილობაში რიშარდ კაჩოროვსკიმ, იეჟი თუმანიშვილს მიანიჭა კომანდორ-ლეიტენანტის წოდება. 2008 წელს მიეკუთვნა კონტრადმირალის წოდება (პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი). იეჟისა და მის მეუღლეს ჰყავთ ოთხი შვილი (ორი ქალიშვილი — ელიზაბეტი და ქრისტინე და ორი ვაჟი — პავლე და სტეფანე), შვილიშვილები და შვილთაშვილები.
გიორგი (იეჟი) თუმანიშვილი 2010 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა ფლორიდაში.
მედელები და ორდენები
რედაქტირება- Krzyż Srebrny Orderu Wojennego Virtuti Militari – 1945
- Krzyż Komandorski z Gwiazdą Orderu Odrodzenia Polski – 2009 კომანდორის ჯვარი პოლონეთის აღორძინების ვარსკვლავით
- Krzyż Oficerski Orderu Zasługi RP – 2004 ჟპ დამსახურების ორდენის ოფიცრის ჯვარი
- Krzyż Walecznych (trzykrotnie) მამაცობის ჯვარი (სამჯერ)
- Medal Morski (czterokrotnie) საზღვაო მედალი (ოთხჯერ)
- norweski Deltagermedaljen ნორვეგიული Deltagermedaljen
ლიტერატურა
რედაქტირება- გრიშიკაშვილი ამბროსი. ქართველები პოლონეთში. თბ., 2008.– გვ. 218–232.