იენგ სარი
იენგ სარი (ქმერ. អៀង សារី [ʔiǝŋ saːriː]), დაბადებით კიმ ჩანგი; დ. 24 ოქტომბერი, 1925, ჩავინი, ვიეტნამი — გ. 14 მარტი, 2013[1], პნომპენი, კამბოჯა) — წითელი ქმერების ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავლენიანი ფიგურა. პოლ პოტის დიქტატურის პერიოდში (1975-1979) ეკავა დემოკრატიული კამპუჩიის პრემიერ-მინისტრის მოადგილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. პრესაში იგი მონათლეს, როგორც კამპუჩიის რეჟიმის „მეორე ადამიანი“, ხოლო საბჭოთა პრესაში კი გამოიყენებოდა ტერმინი „პოლ პოტისა და იენგ სარის რეჟიმი“. ფაქტობრივად იენგ სარი იყო „ნომერი სამი“, რადგან „ნომერ მეორის“, ნუონ ჩეას, სახელი პრაქტიკულად საზღვარგარეთ უცნობი იყო, თავად კამბოჯაშიც ცოტამ თუ იცოდა მის შესახებ. მისი ცოლი იენგ ტირიტი წითელი ქმერების მთავრობის სოციალურ საკითხთა მინისტრი იყო. იენგ სარი დააპატიმრეს 2007 წელს და დაადანაშაულეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის, მაგრამ გარდაიცვალა გულის უკმარისობით ვერდიქტის გამოტანამდე.
იენგ სარი | |
დემოკრატიული კამპუჩიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ივნისი, 1976 – 7 იანვარი, 1979 | |
წინამორბედი | სარინ ჩაკი |
მემკვიდრე | ჰუნ სენი |
დაბადებული | 24 ოქტომბერი, 1925 ჩავინი, ვიეტნამი |
გარდაცვლილი | 14 მარტი, 2013 (87 წლის) პნომპენი, კამბოჯა |
პოლიტიკური პარტია | წითელი ქმერები |
მეუღლე | იენგ ტირიტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიენგ სარი დაიბადა სამხრეთ-დასავლეთ ვიეტნამში 1925 წლის 24 ოქტომბერს. მამის ხაზით იგი ქმერი-კომის ტომიდან იყო, ხოლო დედით ჩინელი[2]. დაასრულა პნომპენში მდებარე მეფე სისოვატის კოლეჯი. მალევე გახდა წითელი ქმერების ორგანიზაციის წევრი და თავისი ვიეტნამური სახელი კიმ ჩანგი, შეცვალა და დაირქვა ქმერული სახელი იენგ სარი. იგი პოლ პოტის სისხლით ნათესავი იყო. მასთან ერთად სწავლობდა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა სასწავლებელში, სადაც ისინი შეხვდნენ საფრანგეთის მემარცხენე მოძრაობის ლიდერებს (მათ შორის ჟან-პოლ სარტრი).
კამბოჯაში დაბრუნდა 1957 წელს და გახდა ისტორიის პროფესორი მშობლიურ სისოვატის კოლეჯში. 1960 წელს აირჩიეს კამპუჩიის მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში[3]. სამოქალაქო ომის პერიოდში (1971-1975) იყო კამპუჩის ეროვნული ერთიანობის სამეფო მთავრობის წევრი და კამპუჩიის ერთიანი ეროვნული ფრონტის სპეციალური ემისარი. წითელი ქმერების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1975 წელს გახდა პრემიერ-მინისტრის მოადგილე საერთაშორისო საქმეებში და დემოკრატიული კამპუჩიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
წითელი ქმერების დამარცხებისა და მათი პარტიზანულ ტაქტიკაზე გადასვლის შემდეგ, კვლავ რჩებოდა დევნილობაში მყოფი მთავრობის ხელმძღვანელ პოზიციებზე, მაგრამ 1982 წელს, დემოკრატიული კამპუჩიის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქიეუ სამფანს გადააბარა. 1996 წელს დატოვა წითელი ქმერების რიგები ათასობით თავის მიმდევართან ერთად, რის სანაცვლოდაც მიიღო მეფე ნოროდომ სიანუკის შეწყალება და სამეფო ამნისტია 1994 წლის კანონის გამო, რომელმაც წითელი ქმერები კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა. ჩამოაყალიბა პარტია დემოკრატიულ-ეროვნული მოძრაობის კავშირი (რომლის იდეოლოგიცა პრაქტიკულად წითელი ქმერების იდეოლოგიის იდენტური იყო), შევიდა კავშირში ჰუნ სენის მთავრობასთან და პრაქტიულად მიიღო ქალაქ პაილინის მართვის მანდატი. 1996-2007 წლებში ცხოვრბდა ქალაქ პნომპენში დაცვის ქვეშ.
2007 წლის 12 ნოემბერს დაპატიმრეს მეუღლესთან ერთად და გადასცეს წითელი ქმერების ტრიბუნალს. მას წაუყენეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდება[4], იგივე ბრალდება წაუყენეს მის მეუღლესაც[5].
2009 წლის 16 დეკემბერს ტრიბუნალმა ოფიციალურად დაადანაშაულა ვიეტნამელებისა და მუსულმანი უმცირესობების წინააღმდეგ გენოციდში მონაწილეობისათვის.
გარდაიცვალა 2013 წლის 14 მარტს, გულის შეტევით საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ BBC News - Khmer Rouge senior leader Ieng Sary dies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-21. ციტირების თარიღი: 2013-03-17.
- ↑ Ieng Sary’s Brief Biography დაარქივებული 2008-01-18 საიტზე Wayback Machine. ; Ieng Sary, Howard J. De Nike, John B. Quigley, Kenneth J. Robinson, Cambodia Tribunal Populaire Revolutionnaire, Helen Jarvis, Nereida Cross. Genocide in Cambodia: Documents from the Trial from of Pol Pot and Ieng Sary (Pennsylvania Studies in Human Rights) (Hardcover). University of Pennsylvania Press, გვ. 90. ; Jurisdictional and Definitional Issues დაარქივებული 2018-11-06 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Chandler, David P., Revising the Past in Democratic Kampuchea: When Was the Birthday of the Party?: Notes and Comments, in Pacific Affairs, Vol. 56, No. 2 (Summer, 1983), pp. 288—300.
- ↑ Ed Johnson and Paul Tighe, "Khmer Rouge Foreign Minister Arrested in Cambodia", Bloomberg L.P., 12 November 2007.
- ↑ "Ex-official of Khmer Rouge and wife arrested for crimes against humanity" დაარქივებული 2008-02-17 საიტზე Wayback Machine. , Associated Press (International Herald Tribune), 12 November 2007