იგორ კურჩატოვი
იგორ კურჩატოვი (რუს. Игорь Васильевич Курчатов; დ. 12 იანვარი, 1903 — გ. 7 თებერვალი, 1960) — რუსი ფიზიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგორ ვასილის ძე კურჩატოვი დაიბადა 1903 წლის 12 იანვარს უფიმის გუბერნიის სოფელ სიმში, მეტყევის ოჯახში. 1920 წელს კურჩატოვმა დაამთავრა სიმფეროპოლის სახაზინო გიმნაზია ოქროს მედალზე, ხოლო შემდეგომ შევიდა ყირიმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის განყოფილებაზე. მატერიალური მდგომარეობის გამო მას სწავლასთან ერთად მუშაობაც უწევდა. მან იმუშავა: აღმზრდელად (საბავშვო ბაღში), დარაჯად (საბჭოთა მეურნეობის ბაღში), შეშის მხერხავად (საკონსერვო ქარხანაში) და მრავალი სხვა. 1922 წლის მესამე კურსის სტუდენტი კურჩატოვი მუშაობას იწყებს ყირიმის უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიის პრეპარატორად. 1923 წელს მან ჩააბარა გამოცდები და ვადაზე ადრე დაამთავრა უნივერსიტეტი. შემდგომ კურტჩატოვი მუშაობას იწყებს ქალაქ პავლოვსკის მაგნიტო-მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში დამკვირვებლად, ხოლო მომდევნო წელს დაიწყო მეცნიერული მუშაობა.
მოღვაწეობა
რედაქტირება1924 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ნაშრომი α-რადიოაქტივობის შესახებ. 1929 წელს კურჩატოვს დაევალა მარილის ანომალიურად მაღალი დიელექტრიკული განვლადობა. იგი ამ კვლევაზე კობეკოსთან ერთად მუშაობდა. მათ გამოარკვიეს, სეგმენტური მარილი ანალოგიურია ფერომაგნეტიკებისა, ესეიგი ამ მარილის კრისტალი შედგება სპონტანური დაელექტროების არეებისაგან, ამასთან ყველა სფერო შეიცავს ერთი მიმართულებით ორიენტირებულ ელექტრულ დიპოლებს. მეზობელ არეებში დაელექტროებულ მიმართულებათა შენაცვლების გამო მთლიანი კრისტალი ელექტრულად ნეიტრალურია. მომდევნო ნაშრომებში კურჩატოვი დაიწვრილებით შეისწავლის სეგნეტური მარილის სპონტანური პოლარიზაციის მექანიზმს. გამოირკვა, რომ სქელ კრისტალებში პოლარიზაცია უფრო დიდია და კრისტალის მაღალი თვისებებისა და კარგი კონტაქტების პირობებში დიფერენციალურმა დიელექტრიკულმა მუდმივამ მცირე ველებში 190 000 ერთეულამდე შეიძლება მიაღწიოს. შედეგად გარკვეულ იქნა სეგმენტური მარილის პოლარიზირების ასიმეტრიის მეორადი წარმოშობის მიზეზები, რაც ოციანი წლების მიწურულის მსოფლიო ფიზიკოსების თავსატეხ მოვლენად მიაჩნდათ. ამგვარად მან საფუძველი ჩაუყარა ფიზიკის ახალ დარგს — მოძღვრებას სეგნეტოელექტრობის შესახებ.
1931-1932 წლებში კურჩატოვმა მუშაობა დაიწყო მყარი სხეულების ფიზიკის ახალ დარგში — ნახევრადგამტართა ფიზიკაში, ხოლო 1932 წლიდან იგი თანდათან გადადის ატომბირთვის ფიზიკის კვლევაზე. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ბირთვულ ვიზიკაში კურჩატოვის მეცნიერული მოღვაწეობა ფერმის მიერ მიმართული ნეიტრონებით მიღებული ხელოვნური რადიოაქტივობის აღმოჩენის შემდეგ.
1939 წლიდან კურჩატოვმა მუშაობა დაიწყო ახალ პრობლემაზე — მძიმე ბირთვების გაყოფაზე. 1943 წელს მან ჩამოაყალიბა ინსტიტუტი, რომელსაც შემდგომში ატომური ენერგიის ინსტიტუტი ეწოდა (მისი გარდაცვლაბევის შემდეგ ინსტიტუტს ეწოდა კურჩატოვის ინსტიტუტი). სწორედ მისი ხელმძღვანელობით ამუშავდა პირველი ატომური რეაქტორი სსრ კავშირსა და ევროპაში, 1946 წელს. 1954 წელს ასევე მისი ხელმძღვანელობით ამუშავდა პირველი ატომური ელექტროსადგური.
1960 წლის 7 თებერვალს თავის თანამშრომლებთან ყოფნისას (ამ დროს ერთ-ერთ ნაშრომს განიხილავდნენ) იგორ ვასილის ძე კურჩატოვი უეცრად გარდაიცვალა 57 წლის ასაკში. იგი დარკძალულია წითელ მოედანზე, კრემლთან ახლოს.
იგორ კურჩატოვი იყო სამგზის სოციალისტური შრომის გმირი, სკკპ წევრი 1948 წლიდან, ლენინური პრემიის ლაურეატი, სახელმწიფო პრემიის ოთხგზის ლაურეატი, ხუთგზის ლენინის ორდენოსანი და მრავალი სხვა მედლისა და ორდენის მფლობელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 251-256, თბ., 1980.
- Успехи физических наук, 1961, т. XXIII, вып. 4, апрель.
- П. Т. Асташенков, И. В. Курчатов, М., 1972.
- М. Е. Головин, И. В. Курчатов, М., 1972.
- БСЗ, изд. З, т. 14, М., 1973.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Метрическая запись о рождении академика И.В. Курчатова.
- ↑ 2.0 2.1 Курчатов Игорь Васильевич / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Norris R. S., Cochran T. B. Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Munzinger Personen