იასონ კაპანაძე
იასონ კაპანაძე (დ. 1874 — გ. 15 აპრილი, 1962) — ქართველი სასულიერო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირველი ქართველი სასულიერო პირი ალასკის შტატში, კუნძულ კოდიაკზე, მამა იასონ კაპანაძე იყო. მას იქ, როგორც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფ პირს ისე არ უმსახურია. იგი საქართველოდან რუს ეპისკოპოსს გაჰყვა და რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მსახურებდა.
პროტოპრესვიტერი იასონ კაპანაძე დაიბადა 1874 წელს ქუთაისის გუბერნიაში (შორაპნის მაზრა) გლეხის ოჯახში. მან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა. 1894 წლის 31 იანვარს იასონმა სემინარიაში სწავლა მიატოვა და სავარაუდოდ მალევე გაემგზავრა ამერიკაში. 1895 წლის 1 დეკემბერს იგი ალეუტის ეპარქიის კადბაკის (ალასკა) აღდგომის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1897 წლის 19 ივლისს ალეუტისა და ალასკის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ზიოროვი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და მედავითნის ადგილზე დატოვა.
1897 წლის 1 სექტემბერს იასონ კაპანაძე პენსილვანიის შტატში გადაიყვანეს. 1900 წლის 6 აპრილს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის იგი საგვერდულით დაჯილდოვდა, 1902 წლის 29 მარტს — მადლობის სიგელით.
1902 წლის 1 ივლისს მამა იასონი კლივლენდის წმ. თეოდოსის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ეს სამრევლო 1895 წელს დაარსდა და მისი მრევლი მხოლოდ 15 რუსულ გაჭირვებულ ოჯახს ითვლიდა. მოძღვარმა დახმარებისთვის რუსეთის ეკლესიის სამისიონერო ფონდს მიმართა, მიიღო მათგან ფულადი დახმარება და მაშინვე დიდი საგანმანათლებლო მოღვაწეობა გააჩაღა.
ამავე წელსვე კლივლენდში არსებული რომაულ–კათოლიკური წმ. ავგუსტინეს დედათა მონასტერი დაიხურა და მისი მიწები და საკუთრება (30 აკრი) 30 000 დოლარად მამა იასონმა შეიძინა ტაძრისათვის. ამ ტერიტორიაზე გაკეთდა ორი ქუჩა, წმ. ოლღასი და წმ. ტიხონის, სადაც 80 ოჯახი მრევლი დასახლდა. სამსართულიან ქვის სახლში კი პირველ სართულზე განთავსდა სკოლა და მღვდლის საცხოვრებელი, მეორე სართულზე — ეკლესია, ხოლო მესამეზე — საცხოვრებელი ოთახები შორიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის.
იასონ კაპანაძის დამსახურებით ეს სკოლა ცნობილი გახდა მთელს ამერიკაში და იქ სასწავლებლად შორეული შტატებიდანაც კი ჩამოდიოდნენ. სკოლის სახელწოდება გახლდათ „ბურსა“.
1903 წლის 6 აპრილს მამა იასონს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 1 ივლისიდან 1907 წლის 1 ივლისამდე ამერიკის საეკლესიო საზოგადოების მთავარი თავმჯდომარე იყო. 1905 წელს კამილავკა ეწყალობა. 1908 წლის 14 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მას საეკლესიო მთავრობისაგან ჰქონდა ნებართვა გამშვენებული ჯვრის ტარებისა, რომელიც კლივლენდის მრევლმა მიართვა საჩუქრად.
1908 წლის 29 მაისს მოძღვარი გათავისუფლდა ალეუტის ეპარქიიდან და ცოლ–შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. 1908 წლის 18 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი იმერეთის ეპარქიაში მიიღო და ქუთაისის საკათედრო ტაძრის უშტატო წევრად დანიშნა. 1910 წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპარქიის სამზრუნველო წევრად აირჩიეს.
1914 წლის აგვისტოში მამა იასონი პირველ მსოფლიოში სამხედრო კაპელანად წავიდა და მთელი ოთხი წელიწადი ფრონტზე გაატარა. იქვე მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1919 წლის თებერვლის ბოლოს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. 1920 წელს აირჩიეს საკათალიკოსო საბჭოს წევრად. 1920–1921 წლებში, ასევე, საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიის მდივანი იყო. 1922 წლის თებერვალში დეკანოზმა იასონმა კვლავ ამერიკაში გამგზავრების სურვილი გამოთქვა და თხოვნაც შეიტანა საკათალიკოსოს საბჭოში, რაზეც თანხმობა მიიღო.
1922 წლის მარტში, დღემდე გავრცელებული ვერსიის თანახმად, გენუის კონფერენციისადმი მიმართული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) მიერ შედგენილი მემორანდუმი საზღვარგარეთ გაიტანა მღვდელმა იასონ კაპანაძემ, რასაც 1923 წლის იანვარში მთელი საკათალიკოსო საბჭოს დაპატიმრება მოჰყვა. სასამართლო გაიმართა 1924 წლის 10–19 მარტს ნაძალადევის თეატრში. უზენაესი სასამართლოს განაჩენით სასჯელი დაედო საკათალიკოსო საბჭოს ყველა წევრს, მათ შორის, დეკანოზ კაპანაძეს (დაუსწრებლად) მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით. ამის შემდეგ დეკანოზი იასონი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იგი კვლავ ამერიკაში მსახურობდა რუსულ საზღვარგარეთის ეკლესიაში, ქ. კლივლენდის (ოჰაიოს შტატი) ტაძრის წინამძღვრად. იქვე მიენიჭა პროტოპრესვიტერის წოდება.
იასონს კლივლენდში დიდი სახელი და ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. 1957 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, იგი კვლავ დარჩა ტაძრის საპატიო წინამძღვრად. იასონ კაპანაძის მეუღლე იყო მარიამ კაშევაროვა. მათ ორი ვაჟი ჰყავდათ — ნიკოლოზი და რომანი. სასულიერო პირია მისი შვილთაშვილი, დეკანოზი იასონ კაპანაძე, რომელიც 1988–1999 წლებში კლივლენდის წმ. თეოდოსის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ, ხოლო 1999 წლიდან საცხოვრებლად ნიუ–იორკის შტატში ქალაქ ელმირა–ჰეითსში გადავიდა და ამავე ქალაქის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. იასონ კაპანაძე მეუღლესთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა 1962 წლის 15 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. დაკრძალულია კლივლენდის წმ. თეოდოსის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- პროტოპრესვიტერი იასონ კაპანაძე // საპატრიარქოს უწყებანი, 2015, N27, გვ. 17–20
- ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსის, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის, უნეტარეს თეოდოსის სიტყვა // ჯვარი ვაზისა, 1986, N2, გვ. 8