თურქმენჩაის ზავი

(გადამისამართდა გვერდიდან თურქმანჩაის საზავო ხელშეკრულება)

თურქმენჩაის ზავირუსეთსა და ირანს შორის 1828 წელს დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების ომი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1828 წლის 10 (22) თებერვალს სოფელ თურქმენჩაიში, თავრიზის მახლობლად.

თურქმანჩაის ზავის ცერემონია

ირანი ვერ ეგუებოდა 1813 წლის 12 ოქტომბრის გულისტანის საზავო ხელშეკრულების პირობებს. ირანს რუსეთის წინააღმდეგ აქეზებდა ინგლისი, რომელსაც არ სურდა რუსეთის გაბატონება სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით, კასპიისპირეთში. 1826 წელს რუსეთსა და ირანს შორის მორიგი ომი დაიწყო, რომელიც 1828 წლამდე გაგრძელდა. 1826 წელს ირანის 60 ათასიანი არმია აზერბაიჯანში შეიჭრა, ყარაბაღი და განჯა დაიკავა და ბაქოს მიადგა. იმავდროულად ირანის არმია საქართველოს საზღვრებისკენ გაიჭრა და თბილისს შეუქმნა საფრთხე. რუსებმა თავდაცვის ორგანიზება შეძლეს, შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ და 1826 წლის სექტემბერში შამქორთან სასტიკად დაამარცხეს მოწინააღმდეგე. 1826 წლის ბოლოსთვის რუსებმა ირანის არმია ჩრდილოეთ აზერბაიჯანიდან განდევნეს, 1827 წელს აიღეს ერევანი, იმავე წლის სექტემბერში კი თავრიზი დაიკავეს. 1828 წლის იანვარში რუსეთის არმიამ თეირანის მიმართულებით შეუტია და დაიკავა ურმია, მარაღა, არდებილი და მიანი, რამაც გამოიწვია ირანის შაჰის კომპრომისი და ზავი ითხოვა.

თურქმენჩაის ზავის თანახმად რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ერევნისა და ნახჭევანის სახანოები (აღმოსავლეთი სომხეთი). ირანს დაეკისრა 20 მლნ. მანეთის კონტრიბუცია. რუსეთს დარჩა უპირატესი უფლება კასპიის ზღვაზე ჰყოლოდა სამხედრო ფლოტი. რუს ვაჭრებს ირანში შეღავათები ეძლეოდათ. თურქმენჩაის ზავმა განამტკიცა რუსეთის მდგომარეობა ამიერკავკასიაში და შეასუსტა ინგლისის გავლენა ირანში. შაჰი და ირანის მმართველი წრეები მტრულად შეხვდნენ თურქმენჩაის ზავის ფართო ანტირუსული პროპაგანდის შედეგი იყო თეირანში რუსეთის მისიის დარბევა და ალექსანდრე გრიბოედოვის მკვლელობა 1829 წლის 30 იანვარს. ოსმალეთთან ომის გამო რუსეთის მთავრობამ თავი შეიკავა ირანთან ომის განახლებისაგან და კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოაგვარა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 19.
  • ჟურნალი „ისტორიანი“, №28, 2013, გვ., 53-54