თეოდოსი კრასოვსკი

თეოდოსი კრასოვსკი (რუს. Феодосий Николаевич Красовский; დ. 26 სექტემბერი 1878 — გ. 1 ოქტომბერი, 1948) — რუსი ასტრონომ-გეოდეზისტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939). რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1943). მოღვაწეობდა აგრეთვე კარტოგრაფიის დარგში.[1]

თეოდოსი კრასოვსკი
რუს. Феодосий Николаевич Красовский
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი, 1878
დაბ. ადგილი გალიჩი, კოსტრომის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1948
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
რუსეთის იმპერია
საქმიანობა ასტრონომი, გეოდეზისტი და კარტოგრაფი
მუშაობის ადგილი კონსტანტინეს სამიჯნო ინსტიტუტი და გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ალმა-მატერი კონსტანტინეს სამიჯნო ინსტიტუტი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

თეოდოსი კრასოვსკიმ 1900 წელს დაამთავრა სამიჯნო ინსტიტუტი მოსკოვში, 1907 წლიდან მასწავლებელია, 1917 წლიდან პროფესორი, 1919–21 წლებში ამ ინსტიტუტის რექტორი, რომლის ბაზაზე კრასოვსკის ხელმძღვანელობით 1930 წელს შეიქმნა მოსკოვის გეოდეზიის ინსტიტუტი, რომელიც 1936 წელს გარდაიქმნა გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ინჟინერთა მოსკოვის ინსტიტუტად. კრასოვსკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „უმაღლესი გეოდეზიის“ დისციპლინის განვითარებაში, რომელიც საფუძვლად დაედო ასტრონომგეოდეზიის სპეციალობას. 1928 წლის ბოლოს მისი ინიციატივით შეიქმნა გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორი (1928–30) და დირექტორის მოადგილე (1930–37) იყო სამეცნიერო ნაწილში.[2]

1924–30 წლებში ხელმძღვანელობდა ასტრონომ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს სსრკ-ში. 1928 წელს კრასოვსკიმ შეიმუშავა სსრკ-ის სახელმწიფო საყრდენი გეოდეზიური ქსელის აგების პროგრამა. დაამუშავა ასტრონომ-გეოდეზიური და სანიველირე ქსელების აგების, ტოპოგრაფიული აგეგმვის, გრავიმეტრიულ სამუშაოთა წარმართვისა და სხვა სამეცნიერო-თეორიული და პროგრამულ-მეთოდური საკითხები. დაადგინა დედამიწის ელიფსოიდის პარამეტრები.[2]

1940 წელს რუსმა გეოდეზისტმა ალექსანდრე იზოტოვმა გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში თეოდოსი კრასოვსკის საერთო ხელმძღვანელობით გატარებული კვლევების საფუძველზე დაადგინა დედამიწის ელიფსოიდის პარამეტრები, რომლის გამოყენება სსრკ-ში დაიწყეს 1942 წლიდან, ხოლო სსრკ მინისტრთა საბჭოს 1946 წლის 7 აპრილის დადგენილებით, მისი გამოყენება სავალდებულო გახდა სსრკ-ში გეოდეზიური სამუშაოების შესრულებისას. ამ რეფერენც-ელიფსოიდს კრასოვსკის ელიფსოიდი ეწოდა.[3]

კრასოვსკის ფუნდამენტური ნაშრომი: „უმაღლესი გეოდეზიის სახელმძღვანელო“ (მე-2 გამოცემა, 1938) ინარჩუნებს სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ ღირებულებას და ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითსა და სასწავლო-მეთოდოლოგიურ სამუშაოებში. მინიჭებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1943; 1952). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მოსკოვში, ვედენსკოეს სასაფლაოზე.[1]

თხზულება

რედაქტირება
  • Из­бран­ные со­чи­не­ния. М., 1953–1956. Т. 1–4.