გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (რუს. Центральный научно-исследовательский институт геодезии, аэросъёмки и картографии; აბრ. ЦНИИГАиК) — სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც დაარსდა 1928 წელს მოსკოვში. მისი პირველი დირექტორი იყო თეოდოსი კრასოვსკი.[1]

გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დარგში ინსტიტუტის კვლევის ძირითადი მიმართულება იყო გეოდეზიის თეორიული პრობლემებისა და გეოდეზიური სამუშაოების ახალი მეთოდების შემუშავება: ასტრონომიულ-გეოდეზიური, გრავიმეტრიული და თანამგზავრული მონაცემებით დედამიწის ფიგურის, ზომებისა და გრავიტაციული ველის დადგენა, გეოდეზიური მეთოდებით დედამიწის ქერქის თანამედროვე მოძრაობის შესწავლა; საყრდენი გეოდეზიური ქსელების აგების თეორიისა და მეთოდების, აეროგადაღებისა და ფოტოგრამმეტრიის დარგში აეროგადაღებისა და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების თეორიისა და მეთოდების გაუმჯობესება, ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების შექმნა და განახლება, აგრეთვე მთვარის, მარსისა და ვენერის კარტოგრაფირება.[1]

კარტოგრაფიის დარგში ინსტიტუტმა შეიმუშავა დარგობრივი რუკების შედგენისა და გამოცემის მეთოდები, იკვლევდა გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტიზაციას. ინსტიტუტის მონაწილეობით შექმნილია რიგი ატლასებისა. აწარმოებდა აგრეთვე ასტრონომიულ-გეოდეზიური, გრავიმეტრიული, აეროგადარების, ფოტოგრამმეტრიული და კარტოგრაფიული ინსტრუმენტების შემუშავებას, კონსტრუირებასა და დამზადებას. ეკონომიკის დარგსა და ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული წარმართვის ორგანიზაციის ნაწილში კვლევა მიმართული იყო ავტომატური მართვის სისტემის შექმნაზე, დაგეგმილების თეორიისა და მეთოდების შემუშავებაზე, შრომისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ნორმირებაზე. ინსტიტუტს ჰქონდა ასპირანტურა, გამოსცემდა „შრომებს“ და აგრეთვე სხვა საინფორმაციო გამოცემებს. 1929–1977 წლების ფარგლებში ინსტიტუტმა გამოსცა 200-ზე მეტი „შრომა“.[1] კრასოვსკის სახელი ინსტიტუტს ეწოდა 1978 წელს.[2]

2013 წლის 19 ივლისს დაარსდა ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ცენტრი“, რომლის შემადგენლობაში შევიდა გეოდეზიის, აეროგადაღებისა და კარტოგრაფიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.[3]