თეთრიწყაროს ნასოფლარი

(გადამისამართდა გვერდიდან თეთრი წყაროს ნასოფლარი)

თეთრიწყაროს ნასოფლარიენეოლითის ბოლოსა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარი) ნამოსახლარი თეთრიწყაროდან 7 კმ-ზე. გაითხარა 1956-1958 (გ. გობეჯიშვილი). შემორჩენილია ქვის მრგვალი და ოთხკუთხა საცხოვრებელი შენობების საძირკვლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა (ქვის იარაღის სახელოსნო, ფარეხი) ნაშთები. არქეოლოგიური მასალის უმეტესობა კერამიკაა. ნასახლარზე დადგენილი 2 არქეოლოგიური ჰორიზონტის მიხედვით წარმოდგენილია სამეთუნეო საქმის განვითარების ორი ერთმანეთზე გადაბმული საფეხური. ქვედა ჰორიზონტის კერამიკა მონაცრისფრო-ცარდისფერია, შემკულია ამოკაწრული სახეებით. ზედა ფენაში ჭარბობს რელიეფური სპირალებით შემკული შავპრიალა და წაბლისფერი ჭურჭელი. ქვის იარაღიდან გვხვდება კაჟის, რწეულას და ობსიდიანის დაკბილული ნამგლის ჩასართები, სატეხები, ისპირისპირები, ფირფიტები, ანატკეცები, ანდეზიტბაზალტის სანაყები, როდინები, ხელსაფქვავები და სხვა.

თეთრიწყაროს ნასოფლარის მასალის უმთავრესი ნაწილი მტკვარ-არაქსის კულტურის საწყისი საფეხურის ძეგლების (დიდუბე, კიკეთი, ოზნი, ბეშთაშენი, სამშვილდე, კოდა, თამარისი და სხვა) მსგავსია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გობეჯიშვილი გ.,თეთრი წყაროს ნასოფლარი, თბ., 1978