თევზისმჭამელი ღამურასებრნი ან კურდღლისტუჩიანები (ლათ. Noctilionidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ხელფრთიანების რიგისა. მოიცავს 2 სახეობას. საშუალო ზომის ღამურები არიან. დიდი თევზისმჭამელი ღამურის სიგრძე 6,5–13,2 სმ-ს, ხოლო წონა 60-78 გ-ს აღწევს. თმის საფარველი მოკლეა. ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმი: მამლები ფერად მოწითალო ან ღია წითურები არიან, ხოლო დედლები — მონაცრისფრო-წითლები. გავრცელებულნი არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ნადირობენ ჯგუფებად, რომელშიც 5–15 წევრია გაერთიანებული. იკვებებიან მწერებით, თევზებით, ბაყაყებითა და კიბოსნაირებით. წყალში ყვინთავენ 20–50 სმ სიღრმეზე და ექოლოკაციის დახმარებით იჭერენ არც ისე დიდი ზომის (10 სმ-მდე სიგრძის) თევზებს. შეჯვარების პერიოდი სექტემბრიდან იანვრამდე მიმდინარეობს. მაკეობა 2 თვემდე გრძელდება. ველურ ბუნებაში 10–12 წლამდე ცოცხლობენ. თევზისმჭამელ ღამურებზე ნადირობენ გველები, ენოტები, კაკომიცლები, მცირე კატისებრნი და მტაცებელი ფრინველები.