თბილსრესი
თბილისის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური (თბილსრესი) — საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ბაზისური თბოელექტროსადგური. მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქ. გარდაბანთან, თბილისიდან 36 კმ-ზე. კონდენსაციური ტიპისაა. მთელი სიმძლავრე ემსახურება ელექტროენერგიის წარმოებას, ხოლო თბოენერგიას უმნიშვნელო რაოდენობით გამოიმუშავებს.[1] თავის დროზე შედგებოდა 10 ენერგობლოკისაგან.
ისტორია
რედაქტირება1958 წლის მაისში საკავშირო მთავრობამ გადაწყვიტა თბილისის მახლობლად ელექტროსადგურის აშენება. 1958 წლის ივლისში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ელექტროსადგურის ასაშენებლად გამოიყო მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში, ზაჰესთან ახლოს, მაგრამ იმის გამო, რომ სადგურის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ მოსალოდნელი იყო დედაქალაქის ეკოლოგიური დაბინძურება, მთავრობამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და 1959 წლის მაისში სადგურის ასაშენებლად საბოლოოდ შეარჩია რუსთავი (გარდაბნის რაიონი).[1]
„თბილსრესის“ მშენებლობა დაიწყო 1960 წლის მარტში. პირველი სამი ენერგობლოკი 1963–1965 წლებში ამოქმედდა, რომელთა სიმძლავრე 450 (3×150) ათ. კვტ შეადგენდა, ხოლო 1967–1972 წლებში მათ დაემატა კიდევ 800 (5×160) ათ. კვტ სიმძლავრის ხუთი ბლოკი. თბოელექტროსადგურის ამოქმედება ახალი ნაბიჯი იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარებაში. მისმა ამუშავებამ ელექტროენერგიის წარმოებაში მკვეთრად შეცვალა ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოსადგურების სიმძლავრეებს შორის მანამდე დამყარებული პროპორცია. თუ 1963 თესების ხვედრითი წილი ელექტროენერგიის საერთო გამომუშავებაში იყო 36,9%, 1970 წლისთვის – 70,5%-მდე, 1975 წლისთვის კი 77,9%-მდე გაიზარდა. აქედან ძირითადი წილი „თბილსრესზე“ მოდიოდა. თავისი არსებობის ისტორიაში „თბილსრესმა“ ყველაზე მეტი ელექტროენერგია – 7763 მლნ. კვტ·სთ – 1977 წელს გამოიმუშავა.[1]
1990–1994 წლებში ჩატარდა „თბილსრესის“ რეკონსტრუქცია-გაფართოება. დადგმულმა სიმძლავრემ 1100 მეგავატი შეადგინა. ექსპლუატაციაში შევიდა ახალი თაობის ზეკრიზისული პარამეტრებით მომუშავე მე-9 (1991; სრული დადგმული სიმძლავრე 1100 მეგავატი გახდა[2]) და მე-10 (1994; სრული დადგმული სიმძლავრე 1700 მეგავატი გახდა[2]) ენერგობლოკები, თითოეული 300 მეგვტ სიმძლავრის.[1]
№5, №6 და №7 ენერგობლოკებს სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებიათ და, აქედან გამომდინარე, ისინი ტექნიკურად გაუმართავები გახდა. №7 ენერგობლოკი მწყობრიდან 1994 წელს გამოვიდა, №5 ენერგობლოკი — 1995 წელს, №6 ენერგობლოკი კი 1996 წელს. 2002 წლის 1 იანვრიდან სადგურის დადგმული სიმძლავრე №3, №4 და №8 ბლოკების სახით 414 მეგავატი შეადგინა.[2] 1998 წლის მაისიდან თბილისის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „თბილსრესი“.[1] აქციათა სრული პაკეტის მფლობელი სახელმწიფო იყო.[2]
1999 წელს, სათანადო ინფრასტრუქტურით, ახალი ბლოკები (№9 და №10) სს „თელასთან“ ერთად კომპანია „ეი-ი-ეს“-ს (AES) გადაეცა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს №1-3-252 2002 წლის 26 აპრილის ბრძანებულებით, №1 და №2 ენერგობლოკები ახლის აშენების მიზნით ჩამოწერეს, რის გამოც 2003 წელს სადგურის დადგმულმა სიმძლავრემ 840 მეგავატი შეადგინა. ამასთან, ვერ მოხერხდა 1994–1996 წლებში იძულებით გაჩერებული №5 და №7 ენერგობლოკებზე სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ფინანსების უკმარისობის გამო, არც №3, №4 და №8 ენერგობლოკებზე ჩატარებულა სრულფასოვანი კაპიტალური რემონტი.[2] საერთო ჯამში, დარჩენილი რვა ბლოკიდან მთლიანად ამორტიზებული იყო ხუთი და შედარებით ქმედითუნარიანი — სამი (№3, №4, №8),[2] შემდგომ პერიოდში კი — მხოლოდ ორი (№3, №4).[1]
№3 და №4 ბლოკები
რედაქტირება2010 წლის 23 თებერვალს გამართულ აუქციონზე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ჰოლდინგში შემავალმა კომპანია „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციამ“ „თბილსრესის“ სრული სამეურვეო ქონება და მათ შორის №3 და №4 ენერგობლოკები შეიძინა. ინვესტორმა აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ამ ენერგობლოკების ექსპლუატაცია და მოთხოვნის შესაბამისად, ელექტროენერგიის რეალიზაცია, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი სს „თბილსრესის“ რეზერვუარებში არსებული მაზუთის უსასყიდლოდ შენახვა.[3]
№9 და №10 ბლოკები
რედაქტირება№9 და №10 ბლოკები (დადგმული სიმძლავრით 300 მეგვტ) განთავსებულია გარდაბნიდან აღმოსავლეთით 2 კმ-ზე.[4] 1999 წლის დეკემბერში ისინი და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა მფლობელობაში გადაეცა „ეი-ი-ეს გარდაბანი ჰოლდინგი ბივი“-ს როგორც „თბილსრესი“-საგან დამოუკიდებელი ნაწილი. ახალი იურიდიული პირი დარეგისტრირდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, როგორც შპს „ეი-ი-ეს გარდაბანი“ (რეგისტრაციის №2/4-2309). შპს „ეი-ი-ეს გარდაბანი“-ს მფლობელობაში შევიდა თბოელექტროსადგური 600 მეგვტ დადგმული სიმძლავრით. შემდგომ, 2003 წლის 1 სექტემბერს „ეი-ი-ეს გარდაბანი ჰოლდინგ ბივი“ გაიყიდა ფინურ კომპანიაზე „РАО ნორდიკი“, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნოდა რუსულ „ИНТЕР РАО ЕЭС“-ს. ამასთან დაკავშირებით, 2004 წლის აპრილში შეიცვალა თბოელექტროსადგურის სახელწოდება და დაერქვა შპს „მტკვარი ენერგეტიკა“. შპს „მტკვარი ენერგეტიკა“-ს ერთპიროვნულ მფლობელს წარმოადგენს „გარდაბანი ჰოლდინგ ბივი“.[5] მე-10 ენერგობლოკი 2002 წელს თბოსადგურის საქვაბეზე მომხდარი აფეთქების შედეგად დღემდე არ ფუნქციონირებს.[4]
თბოელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქ. რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობა — კაშხალი და მისგან გამომავალი მიწისქვეშა გვირაბებისა და ღია არხების სისტემა. აღნიშნული კაშხლით მდინარე მტკვრიდან ხორციელდება წყლის აღება რამდენიმე თბოელექტროსადგურის ტექნიკური მოხმარებისთვის. კაშხალი აგრეთვე გამოიყენება გარდაბნის რაიონის მიწების სარწყავი სისტემის წყლით უზრუნველყოფისათვის. თბოელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება ძირითად ხორციელდება სექტემბრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში. მისი დადგმული სიმძლავრის გათვალისწინებით, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურს საქართველოში.[6]
გამომუშავებული ელექტროენერგია
რედაქტირებასაბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში №10 ბლოკის მწყობრიდან გამოსვლისა და საწვავის (ბუნებრივი გაზისა და მაზუთის) ქრონიკული დეფიციტის გამო სადგურში მკვეთრად იცვლებოდა ელექტროენერგიის გამომუშავება.[1]
წელი | ელექტროენერგია
(მლნ. კვტ·სთ) |
---|---|
1965 | 1447,0 |
1970 | 4946,3 |
1975 | 7723,9 |
1980 | 6734,7 |
1985 | 6948,9 |
1990 | 5578,1 |
1995 | 699,2 |
2000 | 1520,1 |
2005 | 292,1 |
2010 | 90,6 |
2012 | 1106,2 |
2013 | 816,8 |
„თბილსრესის“ წილი საქართველოს ელექტროენერგიის საერთო გამომუშავებაში შეადგენს 8,3%-ს, ხოლო თბოსადგურებში – 48,1%-ს (2013).
„თბილსრესის“ ქმედითობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის დონეს, ამიტომ მისი ნორმალური მუშაობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვანი პირობაა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ჩომახიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ჯიმშერ რეხვიაშვილი, თბილსრესი - ქართული ენერგეტიკის სახე და ხსნა // ბიზნესი და მენეჯმენტი : ჟურნალი, თბ., 2004, № 2(2).
- ↑ „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ „თბილსრესი“ შეიძინა“. gig.ge. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი. 26 თებერვალი, 2010. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 4.0 4.1 მტკვარი ენერგეტიკა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 2021-02-26.
- ↑ ისტორია. „მტკვარი ენერგეტიკა“. mtkvarienergy.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-30. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
- ↑ შპს „მტკვარი ენერგეტიკა“. energyplatform.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-26. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021