თელასი (თბილისის ელექტროქსელი) — ელექტრო-გამანაწილებელი კომპანია თბილისში, საქართველო. დაფუძნდა 1937 წელს, ორი ფუნქციით – ტექნიკური და კომერციული, რომლებსაც აკონტროლებდა თბილისის საქალაქო საბჭო. „თბილელექტროქსელი“ ელექტროენერგიას იღებდა გენერაციის ერთი ობიექტიდან – ზაჰესიდან, რომელიც აშენდა გოელრო-ს გეგმის შესაბამისად.

1965 წელს სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით „თბილელექტროქსელის“ კომერციული ფუნქციები გადაეცა საქენერგოს. თუმცა, ამ პერიოდში აღინიშნა ფულადი სახსრების შეგროვების მნიშვნელოვანი შემცირება და 1968 წელს კომერციული ფუნქციები ისევ გადაეცა “თბილელექტროქსელს”.

1973 წელს გამანაწილებელი ქსელი გაყოფილ იქნა 10 ნაწილად, თბილისის ადმინისტრაციული (რაიონული) დაყოფის შესაბამისად. შემდეგ დაემატა მე-11 რაიონი.

1993 წლის 7 ოქტომბრიდან „თბილელექტროქსელი“ გახდა თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული მუნიციპალური საწარმო. 1995 წლის მაისში „თელასი“ დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოების სახით. 1998 წლის დეკემბერში AES Silk Road Holdings B.V., კორპორაცია AES-მა შეიძინა სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75%. 2003 წლის აგვისტოში კორპორაცია AES-მა, ფაქტობრივმა მფლობელმა, „Silk Road Holdings B.V.”-ს აქციათა პაკეტის 100% მიჰყიდა ფინურ კომპანიას — სააქციო საზოგადოება RAO Nordic Oy, რომლის ერთადერთი აქციონერია ღსს „ინტერ რაო“. დღესდღეობით, ჯგუფი „ინტერ რაო“-ს საკუთრებაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო აქციათა დაახლოებით 25% სახელმწიფოს საკუთრებაშია.

სს „თელასი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას და გასაღებას. ამჟამად, კომპანიაში შრომობს 2057 ადამიანი.

საქმიანობის ძირითადი სახეობებია: ელექტროენერგიის შესყიდვა და გაყიდვა; ელექტრული ქსელების მომსახურება და ექსპლუატაცია; ელექტროენერგიის სატრანზიტო მომსახურება; აბონენტთა ტექნიკური მომსახურება; ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირება.

სს „თელასი“ ემსახურება საქართველოს დედაქალაქს. თბილისში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით 2935 მლნ კვტ/სთ.

კომპანია ემსახურება 606,2 ათას აბონენტზე მეტს. მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრული ქსელების ექსპლუატაცია ხორციელდება 10 ბიზნეს ცენტრში, რომლებიც განთავსებულია ქალაქის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში.

დედაქალაქის ელექტრული ქსელის საერთო სიგრძე შეადგენს — 5338,3 კმ, მათ შორის საჰაერო ეგხ (ჯაჭვების მიხედვით) სიგრძეა — 2184,5 კმ., საკაბელო ეგხ სიგრძეა — 3153,8 კმ. 110/35 კვ დამადაბლებელი ქვესადგურების რაოდენობაა — 40 ცალი. სატრანსფორმატორო ქვესადგურების 10/6/0,4 კვ — 1986 ც.

ამჟამად, თელასი ახორციელებს სამუშაოებს ელექტროქსელის ტექნიკური გადაიარაღების და მოდერნიზაციის მიზნით. ძირითადი ყურადღება ეთმობა გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური თვალსაზრისით ყველაზე სუსტი სეგმენტების რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას. პრიორიტეტული ამოცანაა — ტექნიკური ინციდენტების რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა და ელექტროენერგიის დანაკარგების საერთო დონის მნიშვნელოვანი შემცირება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება