თარხნიშვილები
თარხნიშვილები, თარხან-მოურავები — სათავადო სახლი ქართლის სამეფოში. დამაარსებელია გ. სააკაძის შვილიშვილი იორამი, რომელსაც როსტომ მეფემ XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს სააკაძეთა საგვარეულო სამფლობელო აღუდგინა, სხვა მამულებიც უბოძა და თარხნობა დაუმკვიდრა. ამის შემდეგ იორამის შთამომავლებს თარხნიშვილები ეწოდათ. ისინი ისტორიულ საბუთებში მოურავიშვილებადაც იხსენიებიან. აზნაურ სააკაძეთა გვარის ასეთი შეცვლა მათ გათავადებას ნიშნავდა. თარხნიშვილებს სათავადო მოიცავდა თეძმის ახალქალაქსა და მის მიდამოებს.
თარხნიშვილები | |
---|---|
ტიტული | თავადი, თარხანი, მოურავი |
ქვეშევრდომობა | საქართველო |
სამფლობელოები | სათარხნო , თბილისი |
სასახლეები | თარხნიშვილების სასახლე |
სამხედრო საქმიანობა | სარდალი , თოფჩიბაში |
რელიგიური საქმიანობა | ქვათახევის არქიმანდრიტი |
სათარხნო ქართლის უდიდესი სათავადოების რიცხვში შედიოდა. თავადი თარხან-მოურავების მფლობელობაში იყო დაახლოებით 100 დასახლებული პუნქტი, დღემდე შემორჩა 11 საგვარეულო ტაძარი. ცნობები შემორჩა ათამდე საგვარეულოს შესახებ რომლებიც იყვნენ თარხნიშვილების ვასალები. XVIII საუკუნეში, ქართლში სარდლები იყვნენ გივი ამილახვარი,თარხანი ლუარსაბი და ზაზა თარხნიშვილი. ერეკლე II-ის დროს ქართული არტილერიის შემქმნელი და თოფჩიბაშია გიორგი თარხანი. ამავე დროს სამეფო სადროშოს მეთაურია ლუარსაბ თარხანი. მორიგე ჯარების 8 მინბაშიდან 3 თარხან-მოურავი იყო. თარხან-მოურავთა საგვარეულო მონასტერი იყო ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი.
რუსეთის კავკასიური ომის დროს გენერლები რამაზ და კონსტანტინე თარხან-მოურავები იყვნენ სამხედრო ოლქების მმართველები. იოსებ თარხან-მოურავი იყო დაღესტნის მმართველი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 589-590.