თარხანი (ხეთური: თარხუნთი — ჭექა-ქუხილის ღმერთი; მონღოლური: „თარ“ — თავისუფალი და „ხან“ — ხელმწიფე, „თავისუფალი ხელმწიფე“; თურქ. طرخان — თავისუფალი ბატონი), აქვს ორი მნიშვნელობა:

  • დიდი ფეოლდალის ტიტული, წოდება, რომელიც სხვადასხვა პრივილეგიებს ითვალისწინებს;
  • შეუვალობის სიგელი, რომელიც გლეხს, ვაჭარს, სასულიერო ან სხვა პირს ათავისუფლებს გადასახადებისაგან.

თარხნობა გავრცელებული იყო მონღოლეთში, თურქეთში, სპარსეთში, კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთში. ხაზარებში თარხანი სარდლის ტიტული იყო. ჩინგიზ-ყაენი თავის ვაჟებს ნიშნავდა დაპყრობილი ქვეყნების ხელმწიფეებად და ანიჭებდა თარხნობას.

საქართველოში თარხანი და თარხნობა თავისუფალისა და შეუვალობის მნიშვნელობით შემოვიდა (დადასტურებულია XIV საუკუნის დოკუმენტში). იხმარებოდა აზატის სინონიმადაც. თარხნობას ანიჭებდნენ როგორც თავადაზნაურობას, ეკლესია-მონასტრებს, დიდვაჭრებს (შეუვალობის სახით), ისე გლეხებს (ზოგიერთი გადასახადის ამოკვეთის სახით). XVII-XVIII საუკუნეებში საგლეხო საგადასახადო დავთრებში "თარხანი" მსახურის სინონიმად იხმარებოდა (იგულისხმებოდა მებეგრე გლეხის "თავი ბეგრისაგან" განთავისუფლება და მსახურად დადგენა).

XVII საუკუნში თარხანი თანამდებიბისა და ტიტულის სახით გვხვდება. ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს როსტომ მეფემ გ. სააკაძის შვილს — იორამს უბოძა თარხნობა, როგორც საპატიო ტიტული, რაც სააკაძეთა გათავადებას გულისხმობდა, არაა სწორი. იოანე ბაგრატიონის ცნობით დიდი მოურავის წინაპრებმა მესამე ხარისხის თავადობა ჯერ კიდევ 1503 წელს მიიღეს[1], დიდი მოურავის პაპის მამა, თბილისის მოურავი - ივანე სააკაძე, რომ თავადია, ეს ლუარსაბ I-ის დროინდელი საბუთებიდანაც სჩანს[2], პლატონ იოსელიანის ცნობით,1604 წელს ერევნის აღებისას გიორგი სააკაძემ იმდენად გამოიჩინა თავი, რომ გიორგი X-მ მას 1605 წელს დიდებული თავადის ტიტული უბოძა [3]. სიმონ II-ს პერიოდში, ქართლს ფაქტობრივად მართავდა დიდი მოურავი გიორგი სააკაძე და როგორც ქართლის ცხოვრება იუწყება „თავადები მას მონებდნენ“. დიდი მოურავის აღმატების დასადასტურებლად, 1622 წელს, მას თარხნის ტიტული მიენიჭა, რომელიც უპირველეს ყოვლისა დიდებულთა დარბაზის წინამძღოლობას, აგრეთვე სხვა პრივილეგიებს გულისხმობდა.

XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს როსტომ მეფემ გიორგი სააკაძის შვილიშვილს — იორამს განუახლა თარხნობა, რომელიც ასევე უპირველეს ყოვლისა დიდებულთა დარბაზის (მეჯლისის) წინამძღოლობასა და სხვა პრივილეგიებს გულისხმობდა: 1) გვარის უფროსი შთამომავლობით მეჯლისის თარხანია, 2) იგი გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისან ცხრა დიდი დანაშაულისათვის, 3) იგი თავისუფალია გადასახადებისაგან ცხრა თაობაში, 4) იგი არ იხდის საომარი ნადავლის მეათედს, 5) ის უნებართვოდ შედის მეფესთან, 6) მას ცხრა ჭიქა ღვინოს უწვდის მეფე, 7) ლაშქრობისას ის მეფის გვერდზეა, 8) მეფის ქალიშვილის გარდა, მას ნებისმიერი ქალი მოჰყავს ცოლად მამის თანხმობის გარეშე და 9) მისი პატივი და დიდება ცას გაუტოლდება ცხრა სახის საჩუქარით.

თარხნის ტიტულს ატარებდა დიდებულ თავად თარხან-მოურავთა გვარის უფროსი, ტიტული გაუქმდა რუსეთის იმპერატორის ბრძანებით 1815 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯამბურია გ., ქსე, ტ. 4, გვ. 589, თბ., 1979
  • გიორგი თარხან-მოურავი, დავით თარხან-მოურავი, თარხან-მოურავთა ფეოდალური სახლი, წგნ., 1, წგნ., 2, თბ., 2001
  1. იოანე ბაგრატიონი „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“, თბილისი, 1997 წ., აგრეთვე ჟურნალი ივერია, № 5, 1884 წლის მაისი
  2. იხილეთ თუნდაც Hd-1039, 1543 წლის 20 აპრილი, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი
  3. პლატონ იოსელიანი. დიდი მოურავი გიორგი სააკაძის ცხოვრება. თბილისი, 1973, გვერდი 14-15; იხილეთ ასევე Hd-14418, 1616 წელი, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი; საქართველოს ისტორიის საზოგადოების მოამბე, IV, 1962, გვერდი 253

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება