თარხნიშვილების სასახლე
თარხნიშვილების სასახლე, მარშლიანთ სასახლე — არქიტექტურული ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში. მდებარეობს მთის ფერდობის გავაკებულ ადგილზე და სოფელ ახალქალაქის ქვედა უბანს გადაჰყურებს. აგებულია XIX საუკუნის 30-იან წლებში. კომპლექსის შემადგენლობაში შედის სასახლე და ორგუმბათიანი აბანო.
თარხნიშვილების სასახლეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
სასახლე
რედაქტირებასასახლე ორსართულიანია, პირველი სართული ნაგებია რიყის ქვით, მეორე კი აგურით. ასევე აგურისგანაა ნაშენი სწორკუთხა სარკმლების წირთხლები, თაღები, სვეტები, ტიხრები და შენობის კუთხეები. მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ამ მხარეს, პირველ სართულზე, შენობის შუა ნაწილში თაღებით გახსნილი ლოჯიაა, რომელშიც გვერდის ოთახებისა და დიდი დარბაზის კარები გამოდის. აღმოსავლეთის შუა ოთახში მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა. მეორე სართულს გარს აკრავს აივანი. მეორე სართულზე, ისევე როგორც პირველზე კედლებში ნიშები და ბუხარია.
1965 წელს სასახლე გადაეცა სამხატვრო აკადემიას, რომელიც მას შემოქმედებით ბაზად იყენებს. რამდენიმე უპროექტო გადაკეთების შედეგად სასახლემ და აბანომ ძლიერ შეიცვალა პირვანდელი სახე. თავდაპირველი სახით შემორჩა მხოლოდ საზეიმო ოთახის ჭერი, კედლები მოხატულობის ნაშთებით და თაბაშირის სტალაქტიტებით მორთული ფრიზი.
აბანო
რედაქტირებასასახლის ეზოში, მისგან ჩრდილოეთით, ნახევრად მიწაში ჩამჯდარი, აგურით აგებული აბანო დგას. იგი შედგება ორი, გეგმით კვადრატული გუმბათოვანი სათავსისაგან — გასახდელისა და სააბაზანოსაგან. სათავსები ერთმანეთს კარით უკავშირდება. ორივე ოთახის კედლებზე თაღები გადადის.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 144-145.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5207
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-04.