თარხანმოურავისეული ვეფხისტყაოსანი
თარხანმოურავისეული ვეფხისტყაოსანი — XVII საუკუნის ,,ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი, რომელიც ბრიტანეთში, ოქსფორდში, ბოდლეს ბიბლიოთეკაშია დაცულია.[1] მას თავი და ბოლო აკლია და არც დამკვეთის ან გადამწერის შესახებ, არც გადაწერის დროის შესახებ ცნობები არ შემოუნახია. ხელის მიხედვით XVII საუკუნეს მიეკუთვნება. შიგადაშიგ დაზიანებული ადგილები აღუდგენიათ XVIII საუკუნეში. წიგნში ჩართულია სპარსულ ყაიდაზე შესრულებული 21 მინიატურა, რომელთა მხატვარიც აგრეთვე უცნობია.[2] ამათგან სამი მინიატურა ტექსტშივე არის ჩართული, დანარჩენები კი ცალკე ფურცლებზეა მოთავსებული და ხელნაწერში მოგვიანებით უნდა იყოს ჩაკრული. ამ ცალკე მინიატურების უკანა მხარეზე, რომელიც პირველად ცარიელი ყოფილა, არის გაკეთებული გვიანდელი მინაწერები ანტონ კათალიკოსისა, თარხნის ზაზას ძის ლუარსაბისა, ლექსის სტროფები, ვიღაცის სომხური მინაწერი და ა. შ.
თარხანმოურავისეული ვეფხისტყაოსანი | |
---|---|
თარიღი | XVII საუკუნე |
შენახვის ადგილი | ბოდლეს ბიბლიოთეკა |
მიკროფილმის შენახვის ადგილი | საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიბლიოთკაში |
გამომკვლევი | ექვთიმე თაყაიშვილი |
ილუსტრაცია | 21 |
ხელნაწერის მოგზაურობა
რედაქტირებაელენე თარხნიშვილი
რედაქტირებაეს წიგნი ერთ ქართულ სიძველეთა მაძიებელს, გვარად კარბელაშვილს, ჩავარდნია ხელში და ელენე თარხნიშვილისთვის მიუყიდია. ქსნის ერისთავის ასული და თარხანმოურავის მეუღლე ელენე ქართველ არისტოკრატთა უმაღლეს წრეს ეკუთვნოდა: ბებიამისი სოლომონ პირველის ასული იყო; მამამისი კონა ერისთავი, მუშაობაში ეხმარებოდა აკადემიკოს მარი ბროსეს, რომელსაც იგი ხშირად ჰყავს მადლობით მოხსენიებული. კონას და, ე. ი. ელენეს მამიდა, ცოლად ჰყავდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს გაგარინს. ელენეს ძალიან ჰყვარებია თავისი მამიდა და თითქმის სულ მასთან ყოფილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გენერალ-გუბერნატორი გაგარინი სვანეთის მთავარმა კონსტანტინე დადეშქელიანმა ხანჯლით აკუწა და მამიდა დაქვრივდა. როცა გაგარინის ქვრივი გარდაიცვალა, თბილისიდან ყირიმში წაასვენეს და იალტის მახლობლად, ქუჩუქ-ლამბათში, გაგარინის მამულში დამარხეს. ელენეც იქ გადასახლდა, ააშენა პატარა, მაგრამ ლამაზი ეკლესია მამიდამისის საფლავზე და მზრუნველობას უწევდა მას. ელენე ამ დროს უკვე ქვრივი იყო, ქალიშვილები კი გათხოვილი ჰყავდა და ქუჩუქ-ლამბათში მარტოდმარტო ცხოვრობდა. ელენემ ქუჩუქ-ლამბათში ორსართულიანი სასახლე ააშენა. მარტო დარჩენილი და დასნეულებული ელენე თავისი სასახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა. ამ მარტოხელა და სნეულ ქალს ეკუთვნოდა უთვალავი სიმდიდრე: ძვირფასი ხალიჩები, სურათები, ოქროსა და ვერცხლის ნივთები, და მათ შორის — ყველაზე ძვირფასი — „ვეფხისტყაოსნის“ ზემოხსენებული დასურათეული ხელნაწერი.[3]
ექვთიმე თაყაიშვილს რომ შეუტყვია, ელენე თარხნიშვილს ვეფხისტყაოსნის ძველი ხელნაწერი შეუძენიაო, წერილი გაუგზავნია იალტის გუბერნატორი ივანე დუმბაძისათვის: მანდ შენს ახლოს თარხნიშვილის ქვრივი ცხოვრობს, იმას „ვეფხისყაოსნის“ კარგი ხელნაწერი ჰქონია და, აბა, შენ იცი, თუ აიძულებ, რომ ჩვენს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას შემოსწიროსო.
რამდენიმე ხნის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილს თვითონ მოუხდა ყირიმში ყოფნა, როცა სევასტოპოლის გზით ბრუნდებოდა ჩერნიგოვის გუბერნიიდან, სადაც მისი ძმა გენერალი ვარლამ თაყაიშვილი ცხოვრობდა. ექვთიმეს გზად იალტაზე გამოუვლია და თარხნიშვილის ქვრივისგან „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის მიღებას ეცადა. თუ ხელნაწერის მუზეუმისათვის საჩუქრად მიღებას ვერ მოვახერხებ, აღვწერ მაინცაო, – ფიქრობდა მეცნიერი. ელენე თარხნიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს მანამდე პირადად არ იცნობდა და საჭირო იყო ვინმეს რეკომენდაცია. ექვთიმემ ამ საქმეში ისევ გუბერნატორ დუმბაძის ავტორიტეტის გამოყენება სცადა, მაგრამ ამჯერად მკვლევარს ბედი არ სწყალობდა. გუბერნატორი იალტაში არ დახვდა. მის სახლში იყო მხოლოდ მისი ცოლისდა, რომელმაც, ექვთიმეს თხოვნით, დაურეკა თარხნიშვილის ქვრივს და უთხრა, ამა და ამ კაცს სურს თქვენი ნახვაო. მან სიამოვნებით მიიღო მეცნიერი და რამდენიმე დღეს დაიტოვა სტუმრად. ელენე ამ დროს უკვე სამოც წელს იყო მიღწეული, მაგრამ თავისი სილამაზე ჯერ კიდევ შერჩენოდა. ქართულად შესანიშნავად ლაპარაკობდა, მაგრამ, მაშინდელი არისტოკრატიის ჩვეულებისამებრ, საუბარში ხშირად რუსულს ურევდა.
თაყაიშვილი ელენეს სიძის იოსებ დადიანის ამხანაგი იყო და მის ქორწილსაც ესწრებოდა. მან დაწვრილებით გააცნო ელენეს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ამბავი და თავისი საქმიანობა ამ საზოგადოების მუზეუმის გასამდიდრებლად. ყველა ძველი ქართული ოჯახი ხალისით მაძლევს მუზეუმისათვის ნივთებსა და ხელნაწერებს და თქვენც, იმედია, არ დაიშურებთ, თუ კი რამე მოგეძებნებათო, – დასძინა ბოლოს. ქვრივს რომ ბევრი რამ „მოეძებნებოდა“, თავისთავად აშკარა იყო. თაყაიშვილის თხოვნას იგი თანაგრძნობით შეხვდა, მაგრამ უთხრა: – რაც რომ განძეული მაქვს, იალტის ხაზინაში შევინახე შიშიანობის გამო და, სანამ არეულობა არ მიწყნარდება, იქიდან ვერც გამოვიტანო. „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერზე ივანე დუმბაძემ საშველი აღარ მომცა, სულ მეუბნებოდა, რომ მისთვის გამომეტანებინა, მაგრამ ისიც ხაზინაში მაქვს შენახულიო.
დარბაზში ეკიდა სოლომონ პირველის ასულის (ელენეს ბებიის) სურათი, დახატული გერმანელი მხატვრის მიერ იმერეთში XVIII ს. მიწურულს. თაყაიშვილმა ამ სურათს მაშინვე დაადგა თვალი და მის პატრონს ახლა ამ სურათის დათმობაზე ჩამოუგდო სიტყვა. ჯერ ვერც სურათებს მოგცემთ, რადგან იმპერატორი ნიკოლოზი იალტაში როცა ჩამოდის, ხშირად დასეირნობს ამ არემარეში; მითხრეს, შენთან აპირებს მოსვლასაო და, რომ მოვიდეს, სხვა რაღა ვაჩვენო, აქ არაფერი მაქვს, თუ არ სოლომონ მეფის ქალის სურათიო, – უთხრა ელენემ, – მაგრამ გაძლევთ პატიოსან სიტყვას და მერწმუნეთ, რომ არათუ ამ სურათებს, არამედ აგრეთვე აუარებელი ვერცხლეულს, ნოხებს, ძველ ნაქარგ ნაკერობასა და იმ „ვეფხისტყაოსანსაც“ ანდერძით თქვენ დაგიტოვებთ, ოღონდ მითხარით დაწვრილებით, თუ ვის სახელზე და როგორ დავწერო ის ანდერძიო. თაყაიშვილმა დაუწერა და ზეპირადაც განუმარტა, რომ ნივთები უნდა დაეტოვებინა ქართული საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისათვის. სტუმარმა უკვე წასვლა რომ დააპირა, ელენემ უთხრა: –თუ ახლა იალტაში გაბრუნდებით, გაგატანთ რწმუნების ქაღალდს ხაზინაში, რომ ის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი მაინც მოგცენო. სამწუხაროდ, ახლა აღარ შემიძლია გაბრუნება, მეჩქარება, მაგრამ თქვენ თუ გამოიტანთ, თბილისში გამომიგზავნეთო, – სთხოვა ექვთიმემ. შემდგომში მეცნიერს სანანებლად გაუხდა, რომ მაშინვე არ დაბრუნდა იალტაში ხელნაწერის წამოსაღებად. ელენე თარხნიშვილს თვითონ გამოეტანა ხაზინიდან „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი და შემთხვევას უცდიდა, რომ თბილისში თაყაიშვილისათვის გაეგზავნა. მალე ქუჩუქ-ლამბათში იოსებ დადიანიც ჩასულა ცოლითა და ცოლისდით. ელენეს უთხოვია სიძისთვის, ეს ხელნაწერი თაყაიშვილს წაუღეო, მაგრამ იოსებს არ გამოურთმევია, — მე ახლა პირდაპირ თბილისში არა ვბრუნდები, გზად სხვადასხვა ადგილებში უნდა გავიარო და ვაი თუ სადმე დამეკარგოსო!.[4] იოსებ დადიანმა დიდი საყვედური მიიღო ამის გამო ექვთიმე თაყაიშვილისაგან. „ვეფხისტყაოსნის“ ძვირფასი ხელნაწერი თარხნიშვილის ქვრივთან დარჩა. ამასობაში რევოლუცია მოხდა, მოხუცი ელენე გარდაიცვალა, მისი ძვირფასი ნივთები კი უგზოუკვლოდ დაიკარგა. მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი გადაურჩა საბოლოოდ დაკარგვას: მან მოულოდნელად ჯერ თურქეთში ამოყო თავი, შემდეგ საფრანგეთში წაიღეს და საბოლოოდ კი ინგლისში დაიდო ბინა.
ექვთიმე თაყაიშვილი
რედაქტირებარევოლუციის შემდეგ იოსებ დადიანი ცოლით, ცოლისდითა და ქალიშვილებით ემიგრაციაში წავიდა და ერთხანს სტამბოლში ცხოვრობდა. ერთხელ სტამბოლში მასთან მისულა ერთი ქართველი და „ვეფხისტყაოსნის“ სურათებიანი ხელნაწერი უჩვენებია: – ეს წიგნი სევასტოპოლის ბაზარში ვიყიდე, მაგრამ გამიჭირდა და ახლა ვყიდი, შენ ხომ არ იყიდიო? იოსებმა მაშინვე იცნო წიგნი: – ეგ ხელნაწერი ჩვენი ოჯახის იყო, ქუჩუქ-ლამბათში ინახებოდა და სევასტოპოლის ბაზარ ზე რა უნდოდაო?!. აშკარა იყო, რომ გამყიდველი ტყუოდა. ალბათ მან თვითონ მოიპარა ხელნაწერი ქუჩუქ-ლამბათის სასახლიდან იმ იმედით, რომ შემდეგ კარგ ფასად გაყიდდა. ტყუოდა, მაგრამ ახალმა პატრონმა უკან მაინც აღარ დაიხია და ნათქვამი აღარ გადათქვა. ბევრი დავისა და ვაჭრობის შემდეგ იოსებმა ათასი ლირა გადაუხადა და ხელნაწერი დაიბრუნა. შემდეგ დადიანების ოჯახი საფრანგეთში გადავიდა და პარიზის მახლობლად სევრში ცხოვრობდა. აქ შეხვდნენ ერთმანეთს იოსებ დადიანი და ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც მენშევიკური მთავრობის მიერ წაღებული განძის მცველად იყო დანიშნული. მეგობრებმა კარგა ხანს ისაუბრეს. მერე იოსები მეორე ოთახში გავიდა და „ვეფხისტყაოსნის“ სურათებიანი ხელნაწერი გამოიტანა. ეს ის ხელნაწერია, რომელიც შენთვის გადმოსაცემად მაძლია სიდედრმა, მაგრამ, როგორც გითხარი, მაშინ ვერ წამოვიღე და, ხომ გახსოვს, რა დავიდარაბა ამიტეხე ამის გამო?! ეს წიგნი სტამბოლში ათასი ლირა დამიჯდაო, – უთხრა იოსებმა და უამბო, როგორც იყო საქმე. ახია შენზე, რომ ეგრე ძვირად დაგჯდომია ეგ ხელნაწერი შენი დაუდევრობის წყალობით; ახლავე გამიხვიე ქაღალდში! — ხუმრობით შეუტია გახარებულმა ექვთიმემ.
თაყაიშვილმა აღწერა ხელნაწერი და მის შესახებ მოკლე ცნობები გაზეთში გამოაქვეყნა, ვრცელი აღწერილობა კი თბილისის უნივერსიტეტს მიაწოდა. ხელნაწერის რამდენიმე მინიატურა გადაიღო პარიზში ყოფნისას მხატვარმა დავით კაკაბაძემ და გაუგზავნა თბილისში თავის ძმას – პროფესორ სარგის კაკაბაძეს, რომელმაც ისინი დაბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ თავისეულ გამოცემაში.
ბოდლეის ბიბლიოთეკა
რედაქტირებაგავიდა თითქმის ოცი წელიწადი, რაც ხელნაწერი თაყაიშვილს ჰქონდა. ერთხელ უსახსრობით შეწუხებული იოსებ დადიანი მივიდა მასთან და დარცხვენილმა დიდი მორიდებით უთხრა: −შინ ქალებმა ლამის შემჭამონ, დედაჩვენის „ვეფხისტყაოსანი“ რომ თაყაიშვილს გადაეცი, იმის შეწირვას, მართალია, დაჰპირებია დედაჩვენი, მაგრამ მან ხომ ვერ შეასრულა დაპირება და მერე ხომ შენ შენი ფულით იყიდე. ახლა ჩვენია ის წიგნი და რომ გავყიდოთ, კარგ ფასსაც მოგვცემენო. ამიტომ უთხარი თაყაიშვილს, დაგვიბრუნოსო!. ექვთიმემ უარით გაისტუმრა,– ამ ხელნაწერს ვერ შეველევიო. მერე თვითონ ელენე თარხნიშვილის ქალებმა (იოსებ და დიანის ცოლმა და ცოლისდამ) მიაკითხეს მეცნიერს, საშველი აღარ მისცეს, – უმწეო მდგომარეობაში ვართ და მაგ ხელნაწერში აღებული ფულით ცოტა სულს მოვითქვამთო. თაყაიშვილმა გაიგო, რომ ოჯახს მეტისმეტად უჭირდა, თანაც ხელნაწერი ხომ კანონით მართლაც მათ ეკუთვნოდათ და დაუბრუნა. მათ ხელნაწერი ჯერ პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკას შესთავაზეს, მაგრამ ბიბლიოთეკის გამგემ 10.000 ფრანკზე მეტი არ მისცათ და ვერ მორიგდნენ. ბოლოს დადიანებს აღმოუჩნდათ ერთი კარგი ნაცნობი მდიდარი ინგლისელი, რომელსაც ხელნაწერი ძლიერ მოეწონა და 25 000 ფრანკად იყიდა. აქედან ნახევარზე მეტი დადიანის ცოლისდამ წაიღო და მაროკოში წავიდა თავის შვილთან, დანარჩენი კი დადიანებს დარჩათ და ცოლ ქმარსა და მათ ექვს ქალიშვილს ცოტა სულის მოთქმის საშუალება მისცა. ინგლისელმა ელენე თარხან-მოურავის ნაქონი „ვეფხისტყაოსანი“ ბოლოს ბრიტანეთის მუზეუმს შესწირა და მისი ამბავიც ამით დასრულდა.
ხელნაწერი ამჟამად ინახება ოქსფორდში, ბოდლეს ბიბლიოთეკაში.[5][6]
ლიტერატურა
რედაქტირება- ს. ცაიშვილი, ’’ვეფხისტყაოსნის’’ ტექსტის ისტორია, ტ. II, 1970, გვ. 33.
- ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებები, ჟურნ. ’’მნათობი’’, ნომ. 11, 1958, გვ. 167.
- იოსებ მეგრელიძე, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1989, გვ. 178.
- ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებები, ჟურნ. ’’მნათობი’’, ნომ. 7, 1958.
- ს. ყუბანეიშვილი, ’’ვეფხისტყაოსნის’’ ხელნაწერთა სტროფული შედგენილობა, 1959, გვ. 312.
- ზ. ჭუმბურიძე, ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ, 1983, გვ. 261-268.
- ე. თაყაიშვილი, მოგონებები, ჟურნ. ’’მნათობი’’, 1958, ნომ. 7. ს.
- ყუბანეიშვილი, ’’ვეფხისტყაოსნის’’ ხელნაწერთა სტროფული შედგენილობა, 1959, გვ. 312.
- ზ. ჭუმბურიძე, ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ, 1983, გვ. 268.
- ე. თაყაიშვილი, მოგონებები, ჟურნ. ’’მნათობი’’, 1958, ნომ. 7, გვ. 166-169.
- ს. ყუბანეიშვილი, ’’ვეფხისტყაოსნის’’ სტროფული შედგენილობა, 1959, გვ. 312.
- ს. ცაიშვილი, ’’ვეფხისტყაოსნის’’ ძველი რედაქციები, 1968, გვ. 63.
- ზ. ჭუმბურიძე, ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ, 1983, გვ. 268.
- დ. ლენგი, ქართველოლოგიური კვლევა-ძიება ოქსფორდში, ჟურნ. ’’ცისკარი’’, 1967, გვ. 161.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელენე თარხნიშვილის ბიოგრაფია nplg.gov.ge-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ შოთა რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი". mananabakradze5.blogspot.com
- ↑ ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრატორები. mananabakradze5.blogspot.com
- ↑ VefxisyaosnisGadamcerni_2000. space.nplg.gov.ge
- ↑ ვეფხისტყაოსნის გადამწერნი დაარქივებული 2021-07-14 საიტზე Wayback Machine. . www.bu.org.ge
- ↑ ,,ვეფხისტყაოსანი" და მისი ილუსტრაციები.mkochiashvili8.blogspot.com
- ↑ ჩვენ და ვეფხისტყაოსანი. rustvelli.yolasite.com