თარგი:ახალი რჩეული 3

სოფელ არადეთის ხედი არადეთის ციხიდან
სოფელ არადეთის ხედი არადეთის ციხიდან

არადეთისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეთის თემში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1-ის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 660 მეტრზე, ქარელიდან 7 კილომეტრში. მოსახლეობა მისდევს მეხილეობასა და მებოსტნეობას.

არადეთი იხსენიება XI საუკუნეში, განძის ამირა ფადლონისა და ბაგრატ IV-ის ბრძოლებთან დაკავშირებით. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის ბაგრატ IV-მ არადეთი კახთა მეფე აღსართან I-ს უბოძა. 1483 წელს არადეთის მიდამოებში გაიმართა არადეთის ბრძოლა. ერთმანეთს შეებრძოლნენ კონსტანტინე II-ის მომხრეები და ყვარყვარე II ჯაყელი ათაბაგი. XV-XVI საუკუნეებში არადეთი საამილახვროში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ I-მა არადეთი მოღალატე ანდუყაფარ ამილახვარს ჩამოართვა და სახასოდ აქცია. 1794 წელს ერეკლე II-მ არადეთი უბოძა თავად წერეთელს. არადეთი მოსახლე სოფლის სახელით მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში. 1910 წელს სოფელი შეისწავლა და აღწერა ივანე ჯავახიშვილმა.

სოფლის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლია შემორჩენილი. აღსანიშნავია ციხესიმაგრე სამი მრგვალი კოშკით. ციხესიმაგრე აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის I ნახევარში. მის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე დგას წმინდა საბას სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერიდან ჩანს, რომ იგი 1666 წელს აუგია როსტომ მეფის მეუღლეს მარიამ დედოფალს.