თამარ ლიჩელი
თამარ (თათა) ლიჩელი (დ. 8 ნოემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი პიანისტი, პედაგოგი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებათამარ ლიჩელი დაიბადა 1978 წლის 8 ნოემბერს, თბილისში. მამა — ვახტანგ ლიჩელი — ცნობილი ქართველი არქეოლოგი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დედა — პიანისტი. სწორედ დედის დამსახურებაა, რომ ფორტეპიანოზე 5 წლის ასაკიდან უკრავს. დაამთავრა თბილისის მე-5 სამუსიკო სკოლა, პედაგოგ ნათელა გულდამაშვილთან. 1996 წელს დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედი“ (ფორტეპიანოს განხრით, პედაგოგი გ. გოგია). კონსერვატორიაში ბატონ თენგიზ ამირეჯიბის მოსწავლე იყო. 1997 წელს გაიარა მასტერ კლასი პედაგოგ ჰ. ლეიგრაფთან. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 2004 წელს, სტაჟირებას გადიოდა რომის სანტა-ჩეჩილიას ნაციონალურ აკადემიაში, პროფესორ სერჯო პერტიკაროლისთან, ხოლო 2009 წელს, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები დაამთავრა მიუნჰენის უმაღლეს სამუსიკო აკადემიაში გერჰარდ ოპიტცან. იტალიასა და გერმანიაში ცხოვრება და ამ ორ არაჩვეულებრივ მუსიკოსთან ურთიერთობა მისთვის დიდი სკოლა იყო, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ იმ ძირითადს, რასაც ბატონი გიზი აძლევდა თავის სტუდენტებს, არაფერი შეცვლის და არაფერი შეედრება — ესაა ყველაზე ამაღლებული, ლოგიკური და, ერთდროულად, ემოციური, ყველაზე დახვეწილი მუსიკა. ამის დასტურია მაესტროს მრავალრიცხოვანი, წარმატებული სტუდენტების სია. სხვადასხვა წლებში თამარ ლიჩელი იყო თბილისის მერიის, საქართველოს პრეზიდენტის, იტალიისა და გერმანიის მთავრობის სტიპენდიატი. 2007 წლიდან იგი ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორია.
თამარ ლიჩელი არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა: 1997 — მარკო-პოლოს საერთაშორისო კონკურსი, I პრემია; 2003 — საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, I პრემია; ეტლინგენის საერთაშორისო კონკურსი; გიოტინგენის შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, სპეციალური პრიზი ჰაიდნის სონატის საუკეთესო შესრულებისათვის; საერთაშორისო კონკურსი "Bradshaw&Buono", II პრემია; საერთაშორისო კონკურსი „Ibla Grand Prize”, I პრემია, გრან პრი, სპეციალური პრიზი რაველის და ნაციონალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის. ამ გამარჯვების შემდეგ. ყოველ წელს იწვევენ ამავე კონკურსის ჟიურის წევრად. ჟიურის შემადგენლობა ძალზე სოლიდურია და მისი თავმჯდომარე ცნობილი მუსიკოსი მარჩელო აბადოა. თათა ლიჩელისთვის ყველაზე გამორჩეული, მაინც, ნაციონალური ნაწარმოების შესრულებისთვის მიღებული პრიზი გახლდათ. კონკურსზე მან მერი დავითაშვილი„ს ხორუმი“ დაუკრა. თამარი საერთაშორისო დონის პიანისტია, მაგრამ მსოფლიო კლასიკასთან ერთად, იგი დიდ დროს უთმობს ქართულ რეპერტუარს. განსაკუთრებით უყვარს ახალშექმნილ ნაწარმოებზე მუშაობა და ქართველი კომპოზიტორებიც სიამოვნებით თანამშრომლობენ მასთან. თამარ ლიჩელი აღიარებულია ქართული მუსიკის პროპაგანდისტად და საუკეთესო შემსრულებლად; ქართული რეპერტუარი: ფ. ღლონტი — საფორტეპიანო კონცერტი N3, ზ. ნადარეიშვილი — „საფორტეპიანო ვარიაციები“ ს. ცინცაძის თემაზე, ჩლაიძის საფორტეპიანო ტრიო, მაჭავარიანის საფორტეპიანო კონცერტი, ვ. აზარაშვილის საფორტეპიანო კვინტეტი, რ. კემულარიას პიესები. იგი ყველა ამ ნაწარმოების პირველი შემსრულებელია; გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მუსიკოსის ქართული მუსიკის რეპერტუარშია — ა. მიზანდარის, მ. დავითაშვილის, ს. ცინცაძის, ო. ტატიშვილისა და სხვათა საფორტეპიანო პიესები; სხვა რეპერტუარი: ლისტი - ფანტაზია უნგრულ თემებზე, დებიუსი - „ბერგამული სუიტა“, რაველი — „ვალსი“, ფრანკი — საფორტეპიანო კვინტეტი და სხვ.
თამარ ლიჩელი აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა. იგი კონცერტებით გამოდის როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გასტროლებით შემოიარა: იტალია, გერმანია, ავსტრია, ტაივანი, შვეიცარია, ინგლისი, ლიტვა, აშშ, საფრანგეთი, შვედეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა; მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო ფესტივალში; ამერიკისა და იტალიის კონკურსებზე გამარჯვების შემდეგ ჯილდოს სახით გამართა ტურნე სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის „კარნეგი-ჰოლში“. პიანისტი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ლიანა ისაკაძე, მარინა იაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, სიმებიანი კვარტეტი „იბერი“, კენ აისო, აკიკაზუ ნაკამურა, ალექსანდრე რუდინი, იური ჟისლინი, ლავარდ ლარსენი, ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე, რევაზ ტაკიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, დავით მუქერია, დევიდ დელპინო კლინგე, ტან ლიჰუა, ჯანლუკა მარჩიანო და სხვები. თამარ ლიჩელის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კამერულ მუსიკას. მუსიკალურ ფორუმებში იგი ხშირად გამოდის, როგორც კამერული ანსამბლის წევრი. პირველი საფორტეპიანო ტრიოს შემადგენლობაში მასთან ერთად უკრავდნენ: მისი პედაგოგი ბატონი ოთარ ჩუბინიშვილი და მანანა ქანთარია. 2014 წელს თამარმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა საფორტეპიანო ტრიო "Sempre"; ეს ჯგუფი, მიუხედავად მცირე ასაკისა, მეტად ნაყოფიერ საკონცერტო ცხოვრებას ეწევა. ონლაინ გამოცემა „ბრიტანეთი“ წერდა: „ისინი არიან უმაღლესი კლასის მუსიკოსები, რომლებმაც თავიანთი ამოუწურავი შესაძლებლობების ბრწყინვალე დემონსტრირება მოახდინეს. მსმენელებს უძნელდებოდათ ტრიოსთან განშორება და მუსიცირებას კიდევ ითხოვდნენ“.
მუსიკოსი ხშირად ატარებს მასტერ-კლასებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; არის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. თამარ ლიჩელი მაესტრო გიზი ამირეჯიბის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფე იყო. ამ ორი ადამიანის, მასწავლებლისა და შეგირდის განსაკუთრებული ურთიერთობა გამოჩნდა კიდეც, როცა თამარმა თავი მოუყარა ამ დიდი მუსიკოსის შესახებ დღემდე არსებულ მასალებს და 2013 წელს გამოსცა წიგნი — „თენგიზ ამირეჯიბი“. ტექსტი მოცემულია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. თამარ ლიჩელი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია: თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალისა და თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა რეგიონალური კონკურსისა; ასევე, იგი არის „კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015. გვ. 288
- ლიჩელი, თამარ. თამარ ლიჩელმა იტალიური ფესტივალი დაიპყრო : "ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში მაღალი დონის ხელოვნების სკოლებია" : ნაცნობი სახეები / თამარ ლიჩელი ; მოამზადა ლელა ჯიყაშვილმა // კვირის პალიტრა. თბ., 2009. გვ.42
- თოდუა, თათა. თამარ ლიჩელის ცხოვრების მელოდია // ბომონდი. - თბ., 2011. გვ. 40-46.
- ლიჩელი, თამარ. როგორ მოიპოვა მსოფლიო აღიარება თამარ ლიჩელმა და რა დაუმტკიცა მან საკუთარ თავს : ინტერვიუ / თამარ ლიჩელი ; ესაუბრა კატო ჟღენტი // თბილისელები. თბ., 2011. გვ.67
- ლიჩელი, თამარ. Sempre : ინტერვიუ / თამარ ლიჩელი; ესაუბრა თეა ყიფიანი // მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი. თბ., 2014. გვ.35-39.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამარ ლიჩელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლიჩელი თამარ ვახტანგის ასული დაარქივებული 2023-10-06 საიტზე Wayback Machine.