ზემო ხოდაშნის წმინდა გიორგის ეკლესია
ზემო ხოდაშნის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ზემო ხოდაშნის სამხრეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესი დარბაზულია (8,3 X 4,8 მ), რომელსაც დასავლეთიდან (მთელ სიგრძეზე) გვიანდელი მინაშენი ეკვრის. ეკლესია აგებულია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. მოგვიანებით (როგორც ჩანს მინაშენის მიშენებისას) კედლები შიგნიდან და გარედან შეულესავთ და შეუთეთრებიათ. ძეგლი დაზიანებულია: სახურავზე აყრილია კრამიტი, ჩამოშლილია ლავგარდანი, აქა-იქ საპირე წყობა და შელესილობის დიდი ნაწილი. ჩამონგრეულია დასავლეთ მინაშენის კამარა და გრძივი კედლების ზედა ნაწილები. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა - მინაშენიდან. კარი გარედან თაღოვანია, შიგნით - სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, აფსიდის ღერძზე ფართო და დაბალი თაღოვანი სარკმელი. თითო მსგავსი სარკმელი გრძივ კედლებშიცაა, აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშია. აფსიდის შუაში დგას აგურით ნაგები კუბური ტრაპეზი. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია და ნახევარწრიული ამბიონი აქვს. მოგვიანებით საკურთხეველი დარბაზისგან კანკელით გაუმიჯნავთ, რომელშიც ორი შესასვლელია მოწყობილი. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა მარტივი პილასტრების სამი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით გაყოფილია ოთხ, თითქმის თანაბარ ნაწილად. დარბაზის სამივე კედელს, მთელ სიგრძეზე, საფეხური გასდევს. ფასადები სადაა. კედლები დასრულებული ყოფილა თაროსებრი ლავგარდნით, რომელიც ნაწილობრივ არის შემორჩენილი. მოგვიანებით ეკლესიისთვის დასავლეთიდან მიუშენებიათ აგურით და რიყის ქვით ნაგები სწორკუთხა (4,8 X 4 მ), სათავსი მასში ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. ღიობი გარედან თაღით არის დასრულებული, შიგნით კი თარაზული გადახურვა აქვს. შესასვლელის ზემოთ მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. ერთი სარკმელია ჩრდილოეთ კედელშიც, რომელსაც მხოლოდ ქვედა ნახევარი შემორჩა. სათავსი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით. სათავსის დასავლეთ კედელზე დაშენებულია ოთხწახნაგა, ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი, აგურის სამრეკლო. სამრეკლოს საფუძვლის შესაქმნელად, სათავსის დასავლეთ კედლის შუა ნაწილი, გვერდის ნაწილების მიმართ, შიგნით და გარეთ რამდენადმე გასქელებულია, რომლის ქვედა ნაწილში, ორივე მხრიდან, გამოყვანილია თითო ფართო და მაღალი ყრუ თაღი, რომელშიც სათავსის შესასვლელია მოქცეული. სათავსის კედლები დასრულებული ყოფილა აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით (შემორჩენილია დასავლეთ კედელზე). სამრეკლო გადახურულია აგურის პირამიდული სახურავით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 93-94.