ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაიოანე ნათლისმცემლის სახელობის VIII-IX საუკუნეების ეკლესია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ბოძები და თაღები ამოყვანილია აგურით. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. კამარით გადახურული შუა ნავი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, გვერდის ნავები კი სწორკუთხა სათავსებით. ბაზილიკის კედლები მოხატულია. XVII საუკუნეში ბაზილიკაზე სამხრეთით აგურის ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიდგმული.

ალვნის ნათლისმცემლის მოხატულობა

რედაქტირება

ალვანის ნათლისმცემლის მოხატულობა პოსტბიზანტიური ნაკადის ერთ-ერთი ნიმუშია, ისევე, როგორც ლევან მეფის ბრძანებით მოხატული სხვა ტაძართა მოხატულობები. ის თავისი დროის მოწინავე, ე.წ. პროფესიული ნაკადის ბერძნული ორიენტაციის ქართულ ნიმუშებთან პოულობს გარკვეულ საერთოს. მაგ. მასზე მოგვიანო, მეჩვიმეტე საუკუნეში შესრულებული ლევან II დადიანის მოხატულობა წალენჯიხაში ასევე ერთაწმინდის მოხატულობა და თითქმის ალვანის თანადროული, გელათის წმინდა გიორგის ტაძრის მოხატულობა.

მოხატულობა ხელწერით ერთგვაროვანია. ერთნაირია თავად ფიგურათა ხასიათიც. ისინი პროპორციული და საკმაოდ მოცულობითია, დამუშავება კი საკმაოდ ფერწერულია. ფიგურები დამუშავებულია რბილი ფერადოვანი გადასვლებით. ფორმები მრგვალი და მძიმეა. რაც შეეხება უშუალოდ სხეულისა და სამოსის ნაკვთებს ისინი სქელი და მომრგვალებულია, ზოგი ფიგურის შემთხვევაში, სამოსის დეტალები ტეხილი ხაზებითაა მონიშნული.

ტაძრის შუა ნავის ზედა ნაწილში ათორმეტ დღესასწაულთა ციკლია გაშლილი, კედლების ქვედა არე წმინდანთა ფრონტალურ ფიგურებს უკავია. საუფლო სცენები გავრცობილი და მრავალფიგურიანია, უხვად არის გამოყენებული არქიტექტურული ელემენტები და პეიზაჟი, სწორედ ეს ელემენტები ერთი შეხედვით ცხადყოფს ამ მოხატულობის პოსტბიზანტიური ნაკადისათვის კუთვნილების საკითხს. მოხატულობის დიდი ნაწილი დაზიანებული ან დაკარგულია.

საკურთვევლის მოხატულობა სამრეგისტრიანია. კონქში წარმოდგენილია ნიკოპეას ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის გამოსახულება მთავარანგელოზთა შორის. მეორე რეგისტრში წარმოდგენილია პურითა და ღვინით ზიარების სცენა. სარკმლის აქეთ-იქით ქრისტე-მღვდელმთავარი სალხინებლიდან აზიარებს მოციქულთა ექვს-ექვს კაციან ჯგუფს, საკურთხევლის მარჯვნივ — პურით, ხოლო მარცნივ — ღვინით. ხოლო მესამე რეგისტრი ეკლესიის მამათა რიგს უკავია.

ათორმეტ დღესასწაულთა ციკლი გაშლილია შუანავის კედლის ზედა ნაწილში. როგორც ჩრდილოეთი, ასევე სამხრეთი ნაწილები, ერთმანეთისგან სადა, წითელი რეგისტრის ხაზებითაა გამოყოფილი. თითოეულ მხარეს წარმოდგენილია ექვს-ექვსი კომპოზიცია. სამხრეთ ნაწილის მდგომარეობა, დაცულობის მხრივ, საკმაოდ მძიმეა. მხატვრობა შემორჩენილია (ისიც პატარა ნაფლეთებად) მხოლოდ მეორე რეგისტრში, პირველი რეგისტრი სრულიადაა დაკარგული. მეორე რეგისტრში პირველად მხატვარმა ხარების სცენა წარმოგვიდგინა.

მიუხედავად იმისა, რომ სცენა თითქმის სრულიად არის ჩამოცვენილი, საკვანძო დეტალების წყალობით (ანგელოზის ფრთა, ორი ფიგურის შარავანდი, სულიწმინდა, რომელიც ერთ-ერთ ფიგურაზე გადმოდის) შესაძლებელია სცენის იდენტიფიკაცია და მხატვრულ სტილზე საუბარი. მსუბუქი, პლასტიკური ფორმები, სამოსის დაკუთხული, მაგრამ რბილი დანაწევრება და დეტალების მკაფიოდ ამოხატვა (რაც აშკარად იკითხება არქიტექტურულ ფონზე, რომელიც ხარების სცენაშია ჩართული) და ორნამენტული მორთულობა. აღსანიშნავია ალვანის ოსტატის სიყვარული არქიტექტურული ფორმების მიმართ (არქიტექტურული ფორმების ხაზგასმა დამახასიათებელია ზოგადპოსტბიზანტიური მხატვრობისათვის). ალვანის ოსტატი ასევე აქტიურად იყენებს ორნამენტულ მოტივებს, აყვავებულ მცენარეულ დეკორს და სხვადასხვა გეომეტრიულ ფორმებს, რომლებითაც მხატვარი ამკობს რეგისტრის ხაზებსა და სცენებს შორის არეებს.

ტაძრის დასავლეთ კედლის ქვედა რეგისტრში გამოსახულია 5 ფიგურისაგან შემდგარი რიგი, რომლითაგანაც პირველი ფიგურა წარმოადგენს წმინდა ნინოს, ხოლო ბოლო ორი იმპერატორ კონსტანტინესა და მის დედას, ელენეს. რიგის მეორე და მესამე გვირგვინოსანი ფიგურა წარმოადგენს ქტიტორთა პორტრეტებს. ისტორიული წყაროები მოწმობენ რომ რიგის მეორე ფიგურა წარმოადგენს ლევან კახთა მეფეს. ჯერ კიდევ ორმოცდაათი წლის წინ ამ ფიგურის გვერდით იკითხებოდა წარწერა „ლეონ“, რომელიც ახლა დაკარგულია. რაც შეეხება რიგის მესამე ფიგურას, ის ძალზედ დაზიანებულია და მისგან მხოლოდ გვირგვინოსანის სილუეტიღაა შემორჩენილი. ადრინდელი კვლევები მას მიაკუთვნებდნენ თინათინ გურიელს, ლევან მეფის მეუღლეს, თუმცა უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა რომ ამ ფიგურის სახეზე შეიმჩნევა მამაკაცის წვერის ფორმაზე მონიშნული სპეციალური ნაკაწრების, გრაფემების კვალი, რომელსაც იყენებდნენ მოსამზადებელი ნახატისათვის კონტურების მოსანიშნად. შესაბამისად, რიგის მესამე ფიგურა უნდა ეკუთვნოდეს მამაკაცს.

ლიტერატურა

რედაქტირება