ერთაწმინდის ტაძარი

ერთაწმინდა — წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში. დღევანდელი სახელწოდება „ესტატე წმინდის“ შეცვლილი ფორმაა. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ერთაწმინდა
ერთაწმინდა

თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ტაძარს აქვს მხატვრობაც, მაგრამ იგი განსაკუთრებით ფასადებით გამოირჩევა. მას ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს. ისინი მკლავების ფრონტონებიდან იწყება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია აღმოსავლეთის ფასადი, ხსენებული ჯვრით, ღრმა, მდიდრულად მორთული ნიშებით და დიდი თუ მცირე სარკმლის საპირეებით. საგრძნობლად გვიანდელია ტაძრის გუმბათი, რომელიც რამდენადმე ამოვარდნილია პროპორციებიდან. მდიდრულად არის მორთული ეკლესიის პორტალები, რომლებიც მას სამი მხრიდან აქვს.

ტაძრის გუმბათი დასავლეთით ეყრდნობა ორ თავისუფალ სვეტს, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის ბემის კედელთან შერწყმულ ბურჯებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით.

ერთაწმინდის ტაძარი სტილისტიკით იმეორებს XII–XIII საუკუნეების ძეგლებს იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს.

XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება