ზაზასეული ვეფხისტყაოსანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზაზასეული ვეფხისტყაოსანიXVII საუკუნისვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი, რომელიც გადაუწერია იოსებ ტფილელს,[1] გვარად სააკაძე (ტფილელი მისი სასულიერო წოდება იყო).[2] ხელნაწერის პირველი მფლობელი ყოფილა XVII საუკუნის ცნობილი სარდალი და სახლთუხუცესი ზაზა ციციშვილი.[3]

ზაზასეული ვეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია
გადამწერი იოასებ ტფილელი
დამკვეთი ზაზა ციციშვილი
თარიღი XVII საუკუნე
შენახვის ადგილი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ჩამატებული სტროფები

რედაქტირება

იოსები თვითონაც პოეტობდა და რუსთაველის პოემაში თავისი სტროფებიც ჩაურთავს (4 სტროფი), ბოლოშიც დაუმატებია ორი ანდერძი–ტარიელისა და ავთანდილისა (61 სტროფი) ასე რომ, 65 სტროფი ამ ხელნაწერში ტფილელს ეკუთვნის. ამავე ხელნაწერში ჩართულია რამდენიმე სტროფი და ავთანდილის ანდერძი მეორე პოეტის ნანუჩა ციციშვილისა, რომელიც აგრეთვე XVII საუკუნეში მოღვაწეობდა და რომლის შესახებაც მეფე-პოეტი არჩილ მეორე წერდა:

ნანუჩას რუსთვლის ნათქვამში ბევრი რამ ჩაურევია, საბრალოს ვერ შეუტყვია, წმინდა რამ აუმღვრევია.

როგორც ჩანს, იმ დროს არ ერიდებოდნენ გადაწერისას ვეფხისტყაოსანში თავიანთი სტროფების ჩამატებას. იოსებ ტფილელსაც ასე გაურევია სარდალ ზაზა ციციშვილისათვის განკუთვნილ ხელნაწერში მისი სიმამრის, ნანუჩა ციციშვილის სტრიქონები და ზედ თავისი საკუთარიც მიუყოლებია.

ზაზა ოცდაათი წლის იყო, როდესაც იოსებ ტფილელს გადაწერა დაუწყია. ხელნაწერს დართული აქვს გადამწერის ლექსად დაწერილი ანდერძი, სადაც ზაზას შესახებ ნათქვამი იყო:

ვაქებთ კაცს ბრძენსა, ჭკვით სავსეს, სარდალ-სახლთხუცეს ზაზასა“... ის ჭაბუკი არს, არ არის ოცდაათის წლის მეტია.

პოემის ტექსტი მოთავსებულია ოქროს ვარაყიან ოთხკუთხა ჩარჩოში, აშიები შემკულია ყვავილოვანი გრავიურით. მკვლევართა დაკვირვებით, ეს გრავიურიანი ჩარჩოები ადრე სხვა ხელნაწერისათვის ყოფილა გამოყენებული. შემდგომში ეს ჩარჩოები ხელახლა შემოუწებებიათ ტექსტის საწერად განკუთვნილი ფურცლებისათვის და ასე გამზადებულ ფურცლებზე შესდგომია საქმეს გადამწერი.

ხელნაწერი პირველად 1870 წელს მიმოიხილა პლატონ იოსელიანმა, რომელიც აღნიშნავს, რომ ხელნაწერს ილუსტრაციებიც ახლავს და შიგ 212 ფურცელიაო. მაგრამ იმ დროიდან დღემდე ხელნაწერს 22 ფურცელი დაჰკლებია და დღეისათვის მხოლოდ 190 ფურცელს შეიცავს. საფიქრებელია, რომ ამ დაკარგულ ფურცლებზე სწორედ ილუსტრაციები იყო მოთავსებული, რომლებიც რაღაც მიზნით ამოიღეს ხელნაწერიდან. გარდა ამისა, მას შიგადაშიგ ტექსტიც აკლია. პლატონ იოსელიანის ცნობით, ამ ხელნაწერს ჰკუთვნებია აგრეთვე შოთა რუსთველის პორტრეტი, სადაც პოეტი წარმოდგენილია ფეხმორთხმით მჯდომარე, აღმოსავლურ ყაიდაზე, ერისკაცის ტანსაცმელში.

ხელნაწერის დამკვეთი ზაზა ციციშვილი დიდი ფეოდალი იყო. ზაზას მამა, პაპუნა, სარდალი და სახლთუხუცესი იყო 16501663 წლებში, ხოლო შემდეგ ეს ორივე თანამდებობა ზაზას მიუღია. მამასაც და შვილსაც ბევრჯერ გაუწევიათ ერთგული სამსახური მეფისათვის, მაგრამ ამავე დროს, როგორც ჩანს, სხვა დიდ ფეოდალებთან ერთად ზაზა იბრძოდა მეფის უფლებათა შეზღუდვისათვის. იგი ვახტანგ მეხუთესთან (შაჰნავაზთან) დაუსმენიათ და მეფეს მისი შეპყრობა უბრძანებია. მეფის ძემ გიორგიმ „უგვანად ინება შეპყრობა მისი“, რის გამოც ზაზა არ დაემორჩილა გიორგი ბატონიშვილის მხლებლებს, „მოწვდილითა ხანჯლითა მიეტევა... და მოკლა ფავლენიშვილი. ამისათვის მოჰკლეს იგიცა ბრძანებითა გიორგის მეფისძისათა“. ეს ამბავი მომხდარა 1670 წელს ან 1671 წლის დასაწყისში.[4]

ზაზა დაუმარხიათ ყინცვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეკვდერში. ზაზას მოკვლას მოჰყვა მისი ოჯახის აკლება, ქონების, სიგელ-გუჯრებისა და ძველი წიგნების წართმევა. ამ წიგნებს შორის ყოფილა „ზაზასეული ვეფხისტყაოსანიც“.

ზაზას სახლ-კარის დარბევის შემდეგ „ვეფხისტყაოსნის“ ძვირფასი ხელნაწერი მეფის ოჯახის საკუთრება გახდა, კერძოდ, იგი ხელთ ჰქონია ლევან მირზას, ანუ ლევან ბატონიშვილს. ამის გამო ის სტრიქონი, სადაც ზაზა იყო ნახსენები, ასე გადაუკეთებიათ: „ვაქებთ კაცსა ბრძენსა, ჭკვით სავსესა, ლევან მირზასა“... ლევანი იყო ვახტანგ მეხუთის (შაჰნავაზის) შვილი, საქართველოს ჯანიშინი (გამგებელი) და ერევნის მდივანბეგი.

 
პლატონ იოსელიანი

ზაზასეული „ვეფხისტყაოსანი“ ლევან მირზას სიკვდილის შემდეგ მისი შვილის, ვახტანგ მეექვსის ხელში გადავიდა. როცა ვახტანგმა „ვეფხისტყაოსნის“ დაბეჭდვა განიზრახა და ტექსტის გამართვას შეუდგა სწავლულ კაცებთან ერთად, მის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს ტექსტზე მუშაობისას ზაზასეული ხელნაწერი წარმოადგენდა. ორთოგრაფიულად ვახტანგის გამოცემა (1712 წლისა) სწორედ ამ ხელნაწერს მისდევს,[5] სტროფული შემადგენლობა კი სხვაა, რადგან ვახტანგს თავის გამოცემაში არ შეუტანია ნანუჩა ციციშვილისა და იოსებ სააკაძის ჩანართები. გავიდა ხანი და ზაზასეული „ვეფხისტყაოსანი“ ვახტანგმა მზითევში გაატანა თავის ქალიშვილს თამარს, მეფე თეიმურაზ მეორის მეუღლეს, ერეკლე მეორის დედას. შემდგომში ერეკლე მეორემაცვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი მზითევში გაატანა თავის ქალიშვილს თეკლე ბატონიშვილს.[6] თეკლეს ვაჟი იყო ალექსანდრე ორბელიანი (18021869), დიდი მოწინააღმდეგე მეფის რუსეთისა და მეთაური 1832 წლის შეთქმულებისა. ამის გამო, ცხადია, რუსეთის მთავრობა ალექსანდრეს კარგი თვალით არ უყურებდა. მეფის ნაცვალ ვორონცოვის გული რომ მოეგო, ალექსანდრე ორბელიანს გადაუწყვეტია მისთვის საჩუქრად მიერთმია „ვეფხისტყაოსნის“ ძვირფასი ხელნაწერი. ალექსანდრე ორბელიანმა ზაზასეული „ვეფხისტყაოსანი“ საჩუქრად მიართვა მიხეილ ვორონცოვს 1853 წლის 1 სექტემბერს, რაც აღნიშნულია ამ წიგნის მინაწერშიც. ეს წარწერა პლატონ იოსელიანის ხელით არის გაკეთებული, რომელსაც ამ საქმეში შუამავლის როლი უნდა შეესრულებინა. ამის შემდეგ ზაზასეული „ვეფხისტყაოსანი“ ოთხმოცი წლის მანძილზე ვორონცოვის არქივში ინახებოდა ჯერ ოდესაში, უფრო გვიან მოსკოვში და შემდეგ სანქტ-პეტერბურგში. ქართველი მეცნიერები, რომლებიც პლატონ იოსელიანის აღწერილობით იცნობდნენ ამ ხელნაწერს, დიდხანს ამაოდ ეძებდნენ მას.

1933 წელს მოსკოვურ ჟურნალში „Литературное наследство“ (№ 9–10) ი. ტროიცკიმ გამოაქვეყნა ვორონცოვთა არქივის მიმოხილვა. მკვლევარი მიმოიხილავდა ვორონცოვის არქივს, რომელიც დაცული იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ-არქეოგრაფიულ ინსტიტუტში და აღნიშნავდა, რომ არქივში სხვა მასალებთან ერთად მოიპოვებოდა „ვეფხისტყაოსნის“ დეფექტური, მაგრამ გრაფიკულად შესანიშნავი ხელნაწერი.

ი. ტროიცკის ამ წერილს ყურადღება მიაქცია პოეტმა გიორგი ლეონიძემ, რომელიც იმ დროს თბილისის უნივერსიტეტში ახლად ჩამოყალიბებული შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. მან გან ცხადებით მიმართა უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს ლევან აღნიაშვილს. ამ განცხადების საფუძველზე თბილისის უნივერსიტეტმა ხელნაწერის ჩამოსატანად სანქტ-პეტერბურგში გაგზავნა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე დუდუჩავა, რომელმაც ხელნაწერი ადგილზე შეამოწმა 1934 წლის 2728 დეკემბერს. ამ საქმეში მას ეხმარებოდნენ მიხეილ ჩიქოვანი და იოსებ მეგრელიძე. 1935 წლის 1 იანვარს ხელნაწერი დუდუჩავამ წამოიღო თბილისში, რაც ხელნაწერში არის აღნიშნული. 5 იანვარს ხელნაწერი უკვე თბილისში იყო. მის შესახებ პირველი ცნობა გამოაქვეყნა დუდუჩავამ გაზეთ „კომუნისტში1935 წლის 11 თებერვალს. იმავე წლის 1 მარტსკომუნისტშივე“ წინასწარი ცნობის სახით გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის წერილიც – „ვეფხისტყაოსნის ახალი ხელნაწერი“. შემდეგ ეს წერილი უფრო ვრცელი სახით გამოქვეყნდა. იმავე წელს „ლიტერატურული მემკვიდრეობის“ 1 წიგნში.ლეონიძემ გაარკვია ხელნაწერის გადაწერის დრო, მისი გადამწერი, დამკვეთი. ამის შემდეგ შეერქვა ამ ხელნაწერს ზაზასეული (დამკვეთის სახელის მიხედვით). შემდგომში ამ ხელნაწერს მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა და დიდი როლი მიეკუთვნა ტექსტის დადგენის საქმეში.

ამჟამად იგი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (Q – 1082).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შარაძე გ. ვეფხისტყაოსნის ე. წ. ზაზასეული ხელნაწერის გარშემო, ’’მაცნე’’, 1970, ნომერი 4-5.
  • შარაძე გ. თეიმურაზ ბაგრატიონი, 1974. შარაძე გ. ვორონცოვის არქივიდან, ’’ლიტერატურული საქართველო’’,
  • 1969, ნომერი 2. შარაძე გ. არქეოგრაფიული ძიებანი, თბ., 1973.
  • შარაძე გ. პლატონ იოსელიანი დ რუსთველოლოგი, თბ., 1980.
  • ცაიშვილი ს. ვეფხისტყაოსნის ძველი რედაქციები, 1963.
  • ცაიშვილი ს. ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორია, წ. 1-2, 1970.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება