ზაგემის ზარაფხანა
ზაგემის ზარაფხანა — ისტორიული ზარაფხანა ქალაქ ზაგემში. მოქმედებდა XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან. პირველად საქართველოში უშვებდა ფულს სეფიანთა დინასტიის ფულადი სისტემით. ზარაფხანა მუშაობდა XVII საუკუნის 30-იან წლებამდე.
ცნობილია ირანის სეფიანი შაჰების სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტის 80-მდე სხვადასხვა ნომინალი: თამაზ I-ის (1524–76) ბისთი და ნახევარი; შაჰები, რომელიც გამოშვებულია ჰიჯრის 963 (1555/6), 975 (1567/8) და 977 (1569/70) წლებში; აბას I-ის (1587–1629) სახელით ჰიჯრის 1012 (1603/4) წელს და 1614–1616 წლებამდე მოჭრილი მაჰმუდები და აბაზები; სეფი I-ის (1629–42) აბაზები, მოჭრილი 1039 (1629/30) და 1041 (1631/2) წლებში. ზაგემის ზარაფხანაში მოჭრილი ფული გვხვდება სამონეტო განძებში, რომლებიც საქართველოს (ამბროლაური, ბირკიანი, რაჭა, ჭიკაანი), აზერბაიჯანისა (შაჰბუზი) და სომხეთის (აშტარაკი) ტერიტორიებზე აღმოჩნდა.
მონეტები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიული მუზეუმების, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟისა და მოსკოვის ისტორიული მუზეუმის ფონდებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 297.