ზა
ზა, ზასი — ისტორიული სოფელი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
XVIII საუკუნის ქართველი სწავლულის ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიაში და რუკაზე აღნიშნულია როგორც „ზა”, ისტორიულ წყაროებში გვხვდება აგრეთვე „ზასი”. ვახუშტისეულ სოფლების სიაში ზის ხეობაში 6 სოფელია ჩამოთვლილი.
ისტორიულ დოკუმენტებში იხსენიება XVI საუკუნიდან როგორც საბარათიანოში, შემდგომ კი — საგერმანოზიშვილოში შემავალი სოფელი. XVII საუკუნეში ზას მოსახლეთა შორის დასახელებულია გვარები: კახაბრიშვილი, პაპუჩაშვილი, ფარდონასშვილი, მამაცაშვილი, ახალკაციშვილი. 1721 წელს ზაში ითვლებოდა 9 მებატონე (ნამანგლელევიშვილები, ქავთარაშვილები, გერმანოზიშვილები, კანჭაშვილები და სხვ.), 18 გამომღები და 4 ბოგანო ყმა.
ზაში შემორჩენილია X–XI საუკუნეების 3 ეკლესია — ღვთისმშობლის, წმ. გიორგის და პეტრე-პავლესი. წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიის აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლები გამოირჩევა რელიეფური გამოსახულებებით: დანიელი ლომების ხაროში, საერო და სასულიერო პირთა, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი, ასევე ჯვრები. ეკლესიის მიმდებარე სასაფლაოზე ქვაჯვრებიანი და საყოფაცხოვრებო გამოსახულებებიანი საფლავის ქვებია. XX საუკუნის დასაწყისში აქ ექვთიმე თაყაიშვილმა იპოვა ქვა ასომთავრული წარწერით, სადაც იხსენიებოდა საქართველოს მეფე ბაგრატ IV. XIX საუკუნის 70-იან წლებში ამ ტერიტორიაზე მთიულეთიდან გადმოვიდნენ მოახალშენენი და დასახლებას ახალსოფელი უწოდეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. I მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935.
- მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, ზ. ალექსიძის და შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1964.
- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 294.
- Какабадзе С. С., Грузинские документы Института народов Азии, М., 1967.
- Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в.4, Тфл., 1913.