ვოსხოდი (კოსმოსური პროგრამა)

„ვოსხოდი“ (რუს. Восход) — გეოცენტრულ ორბიტაზე გასაფრენი საბჭოთა მრავალადგილიანი კოსმოსური ხომალდების სერიის სახელწოდება.

„ვოსხოდ-1“ — სამადგილიანი კოსმოსური ხომალდი, მასა 5320 კგ. ორბიტაზე გაიყვანეს 1964 წლის 12 ოქტომბერს ვ. კომაროვის მეთაურობით. ხომალდში იყვნენ აგრეთვე მეცნიერი თანამშრომელი კ. ფეოქტისტოვი და ექიმი ბ. ეგოროვი. ორბიტის პერიგეუმის სიმაღლე იყო 177.5 კმ, აპოგეუმისა — 408 კმ. იფრინა 1 დღე-ღამე და დაეშვა კუსტანაიდან 312 კმ-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთით. კონსტრუქციისა და მოწყობილობის მიხედვით „ვოსხოდ-1“ განსხვავდებოდა „ვოსტოკის“ სერიის კოსმოსური ხომალდებისაგან. „ვოსხოდს“ ჰქონდა რბილად დაჯდომის სისტემა, აგრეთვე სარეზერვო სამუხრუჭო ძრავიანი ხელსაწყო, ახალი აპარატურა (იონურგადამწოდიანი დამატებითი საორიენტაციო სისტემა, გაუმჯობესებული სატელევიზიო და რადიოტექნიკური აპარატურა და სხვა). ფრენის მიზანი იყო მრავალადგილიანი პილოტირებული კოსმოსური ხომალდის გამოცდა ჯგუფური ფრენის დროს, კოსმონავტთა შრომისუნარიანობის გამოკვლევა, ფიზიკურ-ტექნიკური და სამედიცინო-ბიოლოგიურ გამოკვლევათა გაფართოებული პროგრამის ჩატარება და სხვა.

„ვოსხოდ-2“ — ორადგილიანი კოსმოსური ხომალდი. კოსმოსში იფრინა 1965 წლის 18-19 მარტს, ჯამში 26 საათი. მისი ორბიტის აპოგეუმის სიმაღლე იყო 498 კმ, პერიგეუმისა — 173 კმ. ხომალდს ჰქონდა რაბის ნაკვეთური და კოსმოსში ადამიანის გამოსასვლელად საჭირო მოწყობილობა. მეთაურობდა პ. ბელიაევი, მეორე პილოტი იყო ა. ლეონოვი. ამ ფრენის დროს პირველად კოსმონავტიკის ისტორიაში კოსმონავტი (ა. ლეონოვი) ღია კოსმოსურ სივრცეში გავიდა. იგი იმყოფებოდა სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტომატური სისტემით აღჭურვილ სკაფანდრში, კოსმოსური ხომალდის კაბინის გარეთ დაჰყო 20 წთ, აქედან რაბის გარეთ ღია კოსმოსში — 12 წთ, რითაც დაამტკიცა კოსმოსური ხომალდის გარეთ კოსმონავტის ყოფნისა და მუშაობის შესაძლებლობა. ეს პროცესები გადაიღო ხომალდზე მოთავსებულმა კინოკამერებმა. ხომალდი ხელის მართვის სისტემის გამოყენებით რბილად დაეშვა პერმის მახლობლად.

ლიტერატურა

რედაქტირება