ვორტის სახლი
ვორტის სახლი (ინგლ. House of Worth) — ფრანგული მოდის სახლი[1], სპეციალიზებული მაღალ მოდაზე, პრეტაპორტეზე და პარფიუმერიაზე. ისტორიული სახლი დაარსდა 1858 წელს დიზაინერ ჩარლზ ფრედერიკ ვორტის მიერ. სახლი აგრძელებდა მუშაობას მისი შთამომავლების დროსაც 1952 წლამდე და საბოლოოდ დაიხურა 1956 წელს. 1999 წელს „House of Worth“ ბრენდი აღორძინდა.
ისტორია
რედაქტირება1858 წელს ჩარლზ ფრედერიკ ვორტმა, ოტო ბობერგთან ერთად, გახსნა მოდის დიზაინის საკუთარი სახლი პარიზში, რიუ დე ლა პე-ზე (Rue de la Paix). მანამდე ის მუშაობდა შპს „Swan & Edgar“-სა და „Lewis & Allenby“-ში ლონდონში და „Maison Gagelin“-ში პარიზში. სწორედ ამ უკანასკნელში შეიქმნა მან მკერავის კარიერა. 1850-იან წლებში, გაგელინისთვის შექმნილი მისი დიზაინი დიდი მოწონებით სარგებლობდა მსოფლიო გამოფენებზე ლონდონსა და პარიზში.
როდესაც ვორტი გაგელინში მუშაობდა, სახლი იმპერატრიცა ეუხენიასთვის საქორწინო მზითვის მიმწოდებელი იყო. საკუთარი სახლის გახსნის შემდეგ, ვორტი წარუდგინეს იმპერატრიცას და დაინიშნა სასახლის დიზაინერად. იმპერატრიცა ეუხენიას მფარველობამ გააძლიერა მისი რეპუტაცია და ხელი შეუწყო ბიზნესის წარმატებას. ვორტი აცმევდა ასევე იმ დროის წამყვან მსახიობებს: სარა ბერნარს, ლილი ლენგტრის, ჯენი ლინდს და ნელი მელბას. გარდა ამისა, ვორტმა შექმნა თავისი განსაკუთრებული კლიენტებისთვის სპეციალური საკარნავალო კოსტიუმები და საქორწილო კაბები.
ვორტი ცნობილი იყო იმით, რომ ყოველი სეზონისთვის ქმნიდა რამდენიმე ახალ დიზაინს, რომლების დემონსტრირებას შემდეგ ცოცხალი მოდელები ახდენდნენ. კლიენტები აკეთებდნენ არჩევანს და მათ ზომებს უღებდნენ ვორტის სამუშაო ოთახებში. XIX საუკუნეში შეძლებულ ქალებს შეეძლოთ დღეში ოთხჯერ გამოეცვალათ და ბევრი კლიენტი მთელ გარდერობს ყიდულობდა ვორტთან.
1871 წელს, ვორტი დაშორდა ბობერგს. ამ დროისთვის, მისი მოდის სახლი საკმაოდ წარმატებული საერთაშორისო ბიზნესი გახდა. ვორტის გარდაცვალების შემდეგ 1895 წელს, მისმა ვაჟებმა გასტონ-ლუსიენმა (1853-1924 წწ.) და ჟან-ფილიპმა (1856-1926 წწ.) ჩაიბარეს ბიზნესი.
1924 წელს, როდესაც კომპანიას უკვე მართავდა დამფუძნებლის შვილიშვილი ჟაკი, სახლი პარფიუმერულ ბაზარზე გავიდა. პირველი სუნამო შექმნა პარფიუმერმა მორის ბლანშემ, სახელად „Dans La Nuit“. მინის ოსტატმა რენე ლალიკმა შექმნა მისთვის ფლაკონი. მალე დაარსდა ცალკე კომპანია „Les Perfumes Worth“, რომელმაც 1924-1947 წლებში 20-ზე მეტი არომატი გამოუშვა.
ვორტის შთამომავლების დროსაც სახლი წარმატებული იყო, მაგრამ გაიზარდა კონკურენცია. 1950 წელს იგი შეიერთა ჟანა პაკენის სახლმა. 1952 წელს, დამფუძნებლის შვილიშვილის, ჟან-შარლის (1881-1962) პენსიაზე გასვლით, ვორტის ოჯახის გავლენა დასრულდა. 1956 წელს სახლმა შეწყვიტა მუშაობა.
„Les Perfumes Worth“ შეიძინა კომპანია „Société Maurice Blanchet“-მა. 1992 წელს იგი შეისყიდა დევიდ რეიმერმა და გახდა საერთაშორისო International Classic Brands-ის ნაწილი. ის 1999 წელს შეიძინა Lenthéric-მა, რომელიც ახლა შპს „Shaneel Enterprises“-ის ნაწილია.[2]
ბრენდის რენესანსი
რედაქტირება1999 წელს House of Worth ბრენდი აღორძინდა მეწარმეების დილეშისა და ჰიტეშემ მეჰტამის მიერ.სახლის ინტელექტუალური საკუთრება გამოისყიდეს სხვადასხვა ოჯახებისა და კორპორატიული შთამომავლებისგან და გაერთიანდა ერთ იურიდიულ პირად. მთავარი დიზაინერი იყო ჯოვანი ბედინი, რომელიც ადრე მუშაობდა კარლ ლაგერფელდთან და ტერი მუგლერთან.
მაღალი მოდის პირველი კოლექცია წარმოდგენილი იყო 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის. მასში განახლდა და მოდერნიზებულ იქნა კორსეტები, უხვად მორთული მაქმანები და ბუმბულები. ფართე ხაბარდები შეცვალა ტიულის მოკლე ქვედაბოლოებმა (65 სმ) და ისინი მაღალი მოდის შემდგომ კოლექციებშიც ფიგურირებდა. 2011 წელს სახლმა წარმოადგინა თავისი პირველი პრეტ-ა-პორტე კოლექცია.
აღორძინებულმა სახლმა ხელახლა გამოუშვა სუნამოები Dans la Nuit (2000) და Je Reviens (2005) რეფორმირებულ ვერსიებში. მან ასევე წარმოადგინა ახალი სუნამოები Je Reviens Couture (2004), W Superbe, Joyeux Retour და Courtesan
კინოსთვის
რედაქტირება- 1938 — პიგმალიონი (ფილმი)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ House of Worth 1858-1954 The Birth of Haute Couture. by Chantal Trubert-Tollu. (ISBN: 978-0-500-51943-1) 336 pages
- ↑ შანელის ბრენდები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2021-10-14.