კარლ ოტო ლაგერფელდი (გერმ. Karl Otto Lagerfeld; დ. 10 სექტემბერი, 1933, ჰამბურგი, მესამე რაიხი — გ. 19 თებერვალი, 2019, ნეიი-სიურ-სენი, საფრანგეთი) — გერმანელი მოდის დიზაინერი, ფოტოგრაფი, კოლექციონერი და გამომცემელი. სიკვდილამდე იყო იტალიური მოდის სახლ Fendi-ის (1965 წლიდან) და ფრანგული Chanel-ის (1983 წლიდან) შეუცვლელი მთავარი მოდის დიზაინერი. 1966–1983 და 1992–1997 წლებში კოლექციებს ქმნიდა Chloé-სათვის. დააარსა საკუთარი მოდის სახლი Karl Lagerfeld (1984).

კარლ ლაგერფელდი

2014 წელს
მშობლიური სახელი Karl Lagerfeld
დაბადების სახელი Karl Otto Lagerfeld
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1933
ჰამბურგი, მესამე რაიხი
გარდაცვალების თარიღი 19 თებერვალი, 2019 (85 წლის)
ნეიი-სიურ-სენი, საფრანგეთი
გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის სიმსივნე
ეროვნება გერმანელი
მოქალაქეობა გერმანიის დროშა გერმანია
საქმიანობა მოდის დიზაინერი, ფოტოგრაფი, კოლექციონერი და გამომცემელი
მშობლები მამა: ოტო ლაგერფელდი
დედა: ელიზაბეთ ლაგერფელდი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენი
საიტი karl.com
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარლ ლაგერფელდი დაიბადა 1933 წლის 10 სექტემბერს ჰამბურგში, მსხვილი მეწარმის, შედედებული რძის გამომშვები ქარხნის მფლობელის, ოტო ლაგერფელდის ოჯახში. ჰყავდა და, რომელიც 1957 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და 2015 წელს გარდაიცვალა,[1][2] და ნახევარდა.[3].

1934 წელს მშობლებმა დიდი მამული იყიდეს ბად-ბრამშტედტში. 1939 წელს ოჯახი ჰამბურგში დაბრუნდა. 1944 წელს, როდესაც ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა მოკავშირეთა დაბომბვებისაგან, ლაგერფილდები ისევ ბად-ბრამშტედტში დასახლდნენ. 1949 წელს ისევ დაბრუნდნენ ჰამბურგში. კარლმა სწავლა გააგრძელა ოტო ფონ ბისმარკის სახელობის სკოლაში.

1953 წელს დედასთან ერთად გადავიდა პარიზში, სადაც მიიღო სამოდელო განათლება. 1954 წელს დაჯილდოვდა პირველი პრემიით მემოდელეებს შორის გამართულ კონკურს Fashion Design Competition-ში. 1955 წელს მიიღო პრემია პალტოს დიზაინისათვის. შემდეგ, 1958 წლამდე პიერ ბალმენის ასისტენტი იყო.

1959 წელს მიიწვიეს ჟან პატუს მოდის სახლში დიზაინერად. 1965 წელს სათავეში ჩაუდგა იტალიურ Fendi-ის, სადაც უშვებდა ტანსაცმლს ტყავისა და ბეწვისაგან. 1966 წლიდან იყო ფრანგული მოდის სახლის, Chloé-ის მთავარი მემოდელე, რომელთანაც 1980-იანი წლების შა ხანებამდე თანამშრომლობდა.

1973 წელს გადაეცა პრემია „ოქროს ჯარა“. 1979 წელს მოწვევა მიიღო ვენის გამოყენებითი ხელოვნების უმაღლესი სკოლიდან პროფესორის თანამდებობაზე.

1983 წელს გახდა Chanel-ის სამხატვრო დირექტორი. 1984 წელს დააარსა საკუთარი მოდის სახლი — Karl Lagerfeld Impression. გამოუშვა ხაზები KL და KL by Karl Lagerfeld.

1987 წლიდან დაკავდა ფოტოგრაფიით, გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი. 1987–1995 წლებში თანამშრომლობდა მსხვილ გერმანელ ტანსაცმლის მწარმოებელთან, კლაუს შტაილმანთან. 1992–1997 წლებში ისევ იყო Chloé-ის მთავარი მემოდელე.

1998 წელს პარიზში გახსნა სამხატვრო გალერეა — Lagerfeld Gallery — Studio 7L.

2015 წლის ბოლოს პირველად წარადგინა „მაღალი ბეწვის“ კოლექცია Fendi-საგან, რომლის ფარგლებშიც შემნა მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქურქი, რომელიც 1 მლნ აშშ დოლარად იყო შეფასებული და სიასამურის ტყავისაგან დამზადებული.

ლაგერფელდი წიგნების დიდი მოყვარული იყო, მის პირად ბიბლიოთეკაში ინახებოდა 300 ათასი ტომი. 2000 წელს პარიზში დააარსა საკუთარი საგამომცემლო სახლი 7L და გახსნა ამავე სახელის წიგნის მაღაზია. ამავე წელს, Christie's-ის აუქციონზე გაყიდა საკუთარი წიგნების კოლექციის ნაწილი XVIII საუკუნის ფრანგული ხელოვნების შესახებ.

ცნობილი იყო, როგორც პარფიუმერი. გამოუშვა არომატები Chloé (1975), KL (1982), Jako (1997), აგრეთვე არომატი წიგნის სუნით.

2019 წლის 18 იანვარს მოხდა მისი ჰოსპიტალიზირება. მეორე დღეს, 2019 წლის 19 იანვარს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, მიზეზი პანკრეასის სიმსივნე გახდა.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება