ვილჰელმ ფრანც ჰაბსბურგ-ლოთარინგიელი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვილჰელმ ფრანც ჰაბსბურგ-ლოთარინგიელი,  ცნობილია ფსევდონიმით ვასილი ვიშივანი  (გერმ. Wilhelm Franz von Habsburg-Lothringen, უკრ. Василь Вишиваний; დ. 10 თებერვალი, 1895 , პულა, ისტრია(ოლქი) — გ. 18 აგვისტო, 1948, კიევი) — ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი, კარლ-შტეფან ავსტრიელის უმცროსი ვაჟი. ძირითადად ცნობილია, როგორც უკრაინის ტახტის წარუმატებელი კანდიდატი.[1][2]

ვილჰელმ ფრანც ჰაბსბურგ-ლოთარინგიელი
მშობლიური სახელი გერმ. Wilhelm Franz von Habsburg-Lothringen
დაბადების თარიღი 10 თებერვალი 1895
პულა, ისტრია (ოლქი), ხორვატია
გარდაცვალების თარიღი 18 აგვისტო, 1948 (53 წლის)
კიევი, უკრაინა, სსრკ
სხვა სახელები ვასილი ვიშივანი
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის დროშა ავსტრია-უნგრეთი (1895—1918)
დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა (1918—1919)
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა (1919—1920)
ავსტრიის დროშა ავსტრია (1920—1938, 1945—1948)
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია(1938—1945)
განათლება ტერეზიანის სამხედრო აკადემია
პროფესია არისტოკრატი, დეპუტატი, სამხედრო, დიპლომატი, პოეტი, მეწარმე
რელიგია კათოლიკე ქრისტიანი
მშობლები მამა: კარლ შტეფან ავსტრიელი
დედა: მარია-ტერეზა ავსტრიელი
ჯილდოები რკინის ჯვარი (ორდენი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვილჰელმი დაიბადა 1895 წლის 10 თებერვალს ჰაბსბურგ-ლოთარინგიის ავსტრიელი მთავრების საოჯახო მამულში, რომელიც მდებარეობს ქალაქ პულასთან (თანამედროვე ხორვატია). ვილჰელმის მამა იმპერატორ ფრანც იოზეფის  ბიძაშვილი გახლდათ და ავსტრია-უნგრეთის დაშლის დროს პოლონეთის ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას. იგი დაუნათესავდა პოლონეთის უმაღლეს არისტოკრატიას, როდესაც თავისი ქალიშვილები  ჩარტორიის და რაძივილის მთავრებს მიათხოვა.

ოჯახი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა პულაში, სადაც შვილები შეეძინათ. ბავშვები  სახლში იღებდნენ განათლებას კერძო მასწავლებლების მეშვეობით — გარდა ზოგადი სასკოლო პროგრამისა, მათ ასწავლიდნენ სამ ენას: იტალიურს, ფრანგულს და ინგლისურს. ვილჰელმის გადმოცემით, ბავშვობაში უყვარდა გერმანელი პოეტები ჰაინრიხ ჰაინე, ნიკოლაუს ლენაუ, ასევე იტალიელი მეტასტასიო, დანტე ალიგიერი და სხვ.[3]

 
მშობლებთან და და-ძმებთან ერთად. ვილჰელმი დედას უჭირავს ხელში. 1896 წელი

ვილჰელმი 12 წლიდან ცხოვრობდა მამის მამულში, დასავლეთ გალიციის პატარა ქალაქ ჟივიეცის მახლობლად. მოზარდობისას მან ინკოგნიტოდ იმოგზაურა ჰუცულების სოფლებში, მოიხიბლა უკრაინული კულტურით, ისწავლა უკრაინული ენა და კითხულობდა უკრაინულ ლიტერატურას. როგორც თავად იხსენებდა, წაკითხულ წიგნებს შორის იყო: მიხეილ გრუშევსკის ილუსტრირებული „უკრაინა-რუსეთის ისტორია“, სტეფანიკის „ისტორიული მინიატურები“, ფედკოვიჩის, შევჩენკოს, ფრანკოს წიგნები. გალიციის ღარიბი უკრაინელი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების სურვილის გამო მას მეტსახელად "წითელი პრინცი"შეარქვეს.

პირველი მსოფლიო ომის დროს 18 წლის პრინცი დაინიშნა  მე-13 ულანთა პოლკის ასეულის მეთაურად, სადაც მხოლოდ უკრაინელები მსახურობდნენ.[4] 1916 წელს ვილჰელმი გახდა ავსტრიის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრი.

1918 წლის მარტის დასაწყისში, უკვე პოლკოვნიკის წოდებით,  ვილჰელმი დაინიშნა სიჩ მსროლელთა მეთაურად. მსროლელებმა მას ვასილი უწოდეს და ნაქარგი პერანგი ჩააცვეს, საიდანაც მიიღო მეტსახელი „ვასილი მოქარგული“.[5] იგი გაგზავნეს ავსტრიის საოკუპაციო ჯარების ჯგუფის სათავეში ხერსონის რეგიონში. როდესაც 1918 წლის შემოდგომაზე გალიციაში დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა (დუსრ) გამოცხადდა, ვილჰელმი იქ გადავიდა თავის ქვედანაყოფთან ერთად.

 
1920 წ.

1919 წლის იანვარში დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის უკრაინის სახალხო რესპუბლიკასთან  გაერთიანების შემდეგ მან მიიღო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის არმიის გენერალური შტაბის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის პოსტი და გადავიდა კამენეც-პოდოლსკიში, სადაც ხელმძღვანელობდა სამხედრო სკოლების ქსელის შექმნას. მან დაამყარა კონტაქტები უცხოურ მისიებთან. 1920 წელს, გაეროს ხელმძღვანელის სიმონ პეტლიურას მიერ პოლონეთთან ხელმოწერილი შეთანხმების პროტესტის ნიშნად, რაც გულისმხობდა პოლონეთის მიერ უკრაინის სახალხო რესპუბლიკისთვის სამხედრო დახმარების გაწევას  გალიციის სანაცვლოდ, ვილჰელმ ჰაბსბურგი გადადგა და გაემგზავრა ვენაში.

1921 წელს ვენაში ვასილ ვიშივანის ფსევდონიმით გამოიცა მისი ლექსების კრებული უკრაინულ ენაზე სახელწოდებით "გასული დღეები".

 
პირველი მსოფლიო ომის დროს გადაღებული ფოტო

1930-იან წლებში მან შეინარჩუნა კავშირები უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის ლიდერებთან ევგენი კონოვალეცთან და ანდრეი მელნიკთან. მისი კანდიდატურა განიხილებოდა უკრაინის ტახტის პრეტენდენტად. ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ვენაში მის მიერ გამოცემული უკრაინულენოვანი გაზეთი „სობორნა უკრაინა“.იგი ასევე გახლდათ საღებავების ქარხნის მფლობელი. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა პარიზში, შემდეგ კი ვენაში დაბრუნდა. ფრანგული პრესის თანახმად, 1935 წელს ვიშივანი  საცოლის თუ საყვარლის, ტელეგრაფისტ პაულეტ კუიბას წყალობით ფულთან დაკავშირებულ თაღლითობაში გაერია. მართლმსაჯულებას  ვენაში გაექცა და დაუსწრებლად მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაზეთები აცხადებდნენ, რომ ყველაფერი საბჭოთა ან ჩეხოსლოვაკიის დაზვერვის მიერ იყო მოწყობილი ვიშივანის პიროვნების დისკრედიტაციისთვის.

მეორე მსოფლიო ომის დროს ის ვენაში ცხოვრობდა. მონაწილეობდა ანტინაცისტური წინააღმდეგობის მოძრაობაში, ინარჩუნებდა კონტაქტებს უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და საფრანგეთის დაზვერვასთან. ომის შემდეგ იგი დარჩა ავსტრიის ოკუპაციის საბჭოთა ზონაში. 1947 წლის აგვისტოში იგი დააპატიმრეს საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების უწყებებმა და გადაიყვანეს კიევში. დაკავების მიზეზი იყო მის მიერ ორგანიზებული ფრანგი კაპიტანი პოლისიეს შეხვედრა უკრაინელი ნაციონალისტური ორგანიზაციის წარმომადგენელ მიროსლავ პროკოპთან, რათა განეხილათ საფრანგეთის მთავრობის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგობის არმიის ფორმირებების დახმარების საკითხი. 1948 წლის 25 მაისს სპეციალურმა სათათბირომ მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდაიცვალა ტუბერკულოზით იმავე წლის 18 აგვისტოს კიევის ლუკიანოვსკაიას ციხეში. [6]

იგი არასოდეს დაქორწინებულა, ჰქონდა ჰომოსექსუალური მიდრეკილებები.

ვილჰელმ ფრანც ჰაბსბურგ-ლოთარინგიელის რეაბილიტაცია მოხდა 1989 წლის 28 დეკემბერს.

კულტურაში

რედაქტირება

პოსტსაბჭოთა უკრაინაში ვილჰელმის ფიგურისადმი ინტერესი თანდათან გაიზარდა. 2017 წელს გამოქვეყნდა ნატალია სნიადანკოს რომანი "ერცჰერცოგი ვილჰელმის აკურატული ჩანაწერები" (უკრ.:Охайні прописи ерцгерцога Вільгельма), რომელშიც მოთხრობილია მისი ნამდვილი ბიოგრაფია.

2021 წელს შედგა ოპერის პრემიერა „ უკრაინის მოქარგული მეფე“ (უკრ. Вишиваний. Король України) . მუსიკა — ალა ზაგაიკევიჩის. ლიბრეტო — სერგეი ჟადანის; ოპერა უკრაინის საოპერო ხელოვნების მთავარ მოვლენად იქცა.[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Timothy Snyder (2008). Red Prince: the Secret Lives of a Habsburg Archduke. New York: Basic Books
  • Snyder (2008). pg. 100 - In the words of Austria's military intelligence officer responsible for Ukraine - "We, as the creators of the first Ukrainian military unit, are called upon to enter Ukraine as leaders - against Germany!"
  1. Lundy D. R. Wilhelm Franz Joseph Karl Erzherzog von Österreich // The Peerage
  2. Timothy Snyder. Der König der Ukraine. Die geheimen Leben des Wilhelm von Habsburg. / Aus dem Amerikanischen von Brigitte Hilzensauer. — W.: Paul Zsolnay, 2009. — 414 S.
  3. Мемуари Вільгельма Габсбурга. Полковника УСС.[1] (უკრ.)
  4. «Король Украины» (რუს.)
  5. Вильгельм Габсбург хотел стать королём Украины. // Gazeta.ua.(რუს.)
  6. Andriushchenko. Archduke in the Kiev jail. The case of Vasyl Vyshyvanyi and KGB (Эрцгерцог в киевской тюрьме. Дело Василия Вышиваного и КГБ). Argumentua. 31 December 2019
  7. Liza Sirenko. «Вишиваний. Король України» — сучасній класичній опері в Україні бути. Але як?.. // The Claquers, 17.10.2021.(უკრ.)