ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110201183713/დრამატურგიული მწერლობა
თეატრის შექმნამ საქართველოში გამოიწვია დრამატული მწერლობის, როგორც ჟანრის ჩამოყალიბება. პროფესიული თეატრი საქართველოში მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, ერეკლე მეორის მეფობის დროს. ძველ საქართველოში თეატრს ცვლიდა სხვადასხვა სახალხო დადგმა, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ყეენობა და ბერიკაობა.
ქართული პროფესიული თეატრი შეიქმნა რუსული თეატრალური კულტურის კეთილზემოქმედებითი გავლენის შედეგად. გადმოცემით, რუსეთში განათლებამიღებულ ვინმე გაბრიელ მაიორს გაუმართავს თბილისში პირველი თეატრალური წარმოდგენა. ქართულ ენაზე დრამატურგიული მწერლობის პიონერები გახდნენ დავით ჩოლოყაშვილი (დაახ. 1735 - 1809) და გიორგი ავალიშვილი (1769 - 1850). დავით ჩოლოყაშვილს ქართულად დაუმუშავებია როსინის "ეფიგენია", წყაროდ მას ჰქონია ამ ტრაგედიის რუსული თარგმანი, ნაწილობრივ თითქოს ფრანგული დედნითაც უსარგებლია. "ეფიგენიის" ტექსტი ჩოლოყაშვილს შეუფარდებია ერეკლეს დროის საქართველოს სინამდვილისათვის, მთავარი პერსონაჟი აღამემნონი მას თვით ერეკლედ დაუსახავს.
ერეკლეს დროინდელი ქართული თეატრი, ისე როგორც სტამბა და სასულიერო სემინარიები, იმსხვერპლა აღამაჰმადხანის ბარბაროსულმა შემოსევამ. ისტორიულად დადასტურებულია, რომ აღამაჰმადხანის შემოსევის დროს ბრძოლაში დაღუპულან ქართული თეატრის პირველი გამოჩენილი მოღვაწენი - გაბრიელ მაიორი და "მუზიკი და კომენდიანტი, უფროსი მსახიობთა შორის, რომელსა სახელსდებდნენ მაჩაბელად".
XVIII - XIX საუკუნეთა მიჯნაზე, რუსული ენიდან უთარგმნიათ კიდევ რამდენიმე დრამატურგიული თხზულება რუსი და უცხოელი ავტორებისა. მათ შორის აღსანიშნავია "ათეისტის ტრაგედია", თარგმნილი მირიან ბატონიშვილის (1766 - 1834) მიერ; "აღათოკლე", ტრაგედია ვოლტერისა, უნდა ეთარგმნა ფრანგულიდან თეიმურაზ ბატონიშვილს (1782 - 1846); "ტრაღედია ველისარიანი", უთარგმნია რუსულიდან უცნობ პირს. XIX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა რამდენიმე ორიგინალური ქართული დრამატული ნაწარმოებიც. გოდერძი ფარალიშვილის (1768 - 1823) მიერ ტრაგედიადაა დამუშავებული შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა "ვეფხისტყაოსანი" და უწოდებია მისთვის "ინდოეთის ტახტის მემკვიდრე და სიყვარული სამშობლოსადმი". პიესას ჰქონდა გარკვეულად პატრიოტული ფაბულა. ცენზურას უარი უთქვამს მის ბეჭდურ გამოქვეყნებაზე და აუკრძალავს სცენაზე დადგმა. "ვეფხისტყაოსანი" პიესად გადაუკეთებია ოქროპირ ბატონიშვილსაც (1795 - 1857). თეიმურაზ ბატონიშვილმა დაწერა "სამსახეობა რაინდისა".
ლიტერატურა
რედაქტირება1. ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი პირველი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954