ვერენის ციხე
ვერენის ციხე, ვერონის ციხე — IX–X საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე), სოფელ ვერონის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) მახლობლად. მოღწეულია ნანგრევების სახით.
ციხე აღმართულია ვერონის აღმოსავლეთით, მაღალ კლდოვან მთაზე. ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით. შემორჩენილია ქვითკირის კედლები, მრგვალი ბურჯები და კოშკები. კედლებში რამდენიმე ადგილას დატანილია კერამიკული მილები. გალავანი რელიეფს გასდევდა, შემორჩენილია სამხრეთით და აღმოსავლეთით 3–4 მ-მდე სიმაღლის კედლები და ნახევარწრიული მოხაზულობის კოშკების პირველი სართულები. კოშკებს შესასვლელი ეზოდან ჰქონდა. მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდან იყო. მშენებლობის ტექნიკა დამახასიათებელია ადრე შუა საუკუნეებისათვის. ციხის შუა ნაწილში მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია. ციხის ტერიტორიაზე 1965 წელს გამოვლინდა დაზიანებული სამარხი, მასში აღმოჩნდა სარდიონის მძივები (XII–XIV სს.). ციხის ქვედა ტერასაზე შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების დანგრეული კოშკი.
ვერენის ციხეს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII საუკუნე): „ნინოწმიდას ზეით ერთვის იორს სამების ჴევი... ესევე ჴევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა. ამ ჴევზედ არს ციხე ვერენისა, მაგარი, და გარდავალს გზა შიგნით-კახეთს შუამთაზედ.“ ციხე დარაჯობდა ივრის ხეობიდან გომბორის უღელტეხილით ალაზნის ველზე გამავალ გზას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვერონა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- მაისურაძე ბ., ვერონის არქეოლოგიური ძეგლები // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 218-219, თბ., 2013 წელი.
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 101.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6407