ვახტანგ სულაქველიძე

ვახტანგ სულაქველიძე (დ. 25 აპრილი, 1917, ქუთაისი — გ. 30 აპრილი, 1984) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1942 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიიწვიეს მსახიობად. 1945 წელს  კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა. 1947 წელს მას იწვევენ სამუშაოდ  თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში რეჟისორად და პედაგოგად. პიონერთა სასახლეში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ნინო ნაკაშიძის „კოტეს დანაშაული“, გიორგი შატბერაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“ (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით), სერგეი მიხალკოვის „წითელი ყელსახვევი“, და „შინ დაბრუნება მინდა“, ა. ბრუნშტეინის „ცისფერი და ვარდისფერი“.

ვ. სულაქველიძე სახასიათო როლების შესანიშნავი შემსრულებელი მსახიობი იყო. მისი სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: არტემ ივანიჩი (ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), გრუმიო (უილიამ შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“),  პეტრე ურცხვაძე (ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღუანაშვილი“), კორნელი კვინტრაძე (ვალერიან კანდელაკის „სარეველა“), არქიპო (იონა ვაკელის „საქმიანი კაცი“),  ფეოდოროვა (მიხეილ მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი“),  კირილე (ირ. ჭავჭანიძის „თბილისელი ქალიშვილები“),  პოლაზოვი (ვ.  მალიარევსკის „ქარიშხლის წინ“), დიტო (ვ. როზოვსკის „ხალისიანი მეგობრები“),  პანტალონე (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), არსენიო (ჯაილზ ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“) და სხვა. ვ. სულაქველიძემ ქართულ კინოშიც შეიტანა თავისი წვლილი: მუსიკოსი („თოჯინები იცინიან“), ორკესტრის ხელმძღვანელი („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) და სხვა. განსაკუთრებული  წარმატება ხვდა წილად  მის აბესალომს ირაკლი კვირიკაძის ფილმში „ქვევრი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება