ვახტანგ გუნაშვილი
ვახტანგ ბესარიონის ძე გუნაშვილი (დ. 12 თებერვალი, 1926, თბილისი, — გ. 9 ოქტომბერი, 2010, იქვე) — ქართველი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი (1974).
დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1949). 1945 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიის ანსამბლის, 1959 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. პარტიები: იაგო (ალექსი მაჭავარიანის „ოტელო"), ბაზილი (ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტი"), ჯარჯი (ანდრია ბალანჩივაძის „მთების გული"), მამია (დავით თორაძის „გორდა"), დავრიში (გრიგოლ კილაძის „სინათლე"), ვაცლავი (ბორის ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი"), უფლისწული (პეტრე ჩაიკოვსკის „მაკნატუნა"), თავადი გუდალი, დემონი (სულხან ცინცაძის „დემონი") და სხვ. ითვლება ქართული ხალხური ცეკვების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ალა დვალთან ერთად შესრულებული ცეკვა „ქართული". გუნაშვილმა ქ. ზაარბრიუკენში (გერმანია) დადგა ოპერების — ზაქარია ფალიაშვილის „დაისისა" და ოთარ თაქთაქიშვილის „მინდიას" ცეკვები. საგასტროლო კონცერტებით მოვლილი ჰქონდა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის (1986) და ღირსების (1999) ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუნია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 129