ვახტანგ ბატონიშვილი (ალექსანდრე II-ის ძე)
ვახტანგ ბატონიშვილი, ბაგრატიონი — იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის (ზეობდა 1484-1510) ძე.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, თავისი უფროსი ძმის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მმართველობის პირველ წლებში უკმაყოფილო ვახტანგ ბატონიშვილი დიდი ამალით ქართლში გაიქცა. მეფე დაედევნა და 1512 წელს მოხისთან დაამარცხა იგი. ქართლის მეფის დავით X-ის შუამდგომლობით ძმები შერიგდნენ.
1547 წელს, როდესაც ოსმალები გურიაში შეიჭრნენ, როსტომ გურიელმა დახმარებისათვის მიმართა ბაგრატ III-ს და ლევან I დადიანს. ბაგრატმა გურიელს ვახტანგის მეთაურობით 500 მხედარი მიაშველა, მაგრამ რადგან დადიან-გურიელის შეერთებაში საფრთხეს ხედავდა, ვახტანგს დაავალა, არ დაეშვა მთავართა გაერთიანება. ვახტანგმა წარმატებით შეასრულა ძმის დავალება, დადიანს შეუთვალა — ჩემ ძმას და გურიელს პირი აქვთ შეკრული, თუ „შეიკრიბნეთ... ანუ მოგაკუდინებენ და ანუ შეგიპყრობენ“. დადიანი შეშინდა და უკან გაბრუნდა. ვახტანგი ასევე ცნობილია ალექსანდრე და ბაგრატ მეფეების სახელით გაცემული რამდენიმე საბუთიდან.
ვახტანგის შვილი ან შვილიშვილი იყო ბატონიშვილი ხოსრო, რომელიც 1568 წელს აუჯანყდა იმერთა მეფე გიორგი II-ს. ვახუშტი იხსენიებს ვახტანგის სხვა შვილსაც — თეიმურაზს, რომლის ძე ბაგრატი 1589-1590 წლებში როსტომს ეცილებოდა იმერეთის ტახტს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
- კაკაბაძე ს., საქართველოს მოკლე ისტორია, ტფ., 1920; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
- ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. I, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1989. — გვ. 295.
- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 227.
- Toumanoff C., Manuel de généalogie et de chronologie pour l'histoire de la Caucasie chrétien (Arménie - Géorgie - Albanie), Roma, 1976. — გვ. 169-170.