ვახვახიშვილები
ვახვახიშვილები — თავადური გვარი კახეთში. იოანე ბატონიშვილის მიხედვით მათი წინაპრები, ვახვახად წოდებულნი, თავდაპირველად სამცხეში სახლებულან, XIII საუკუნის ბოლოს კახეთში გადასულან და თელავს დასახლებულან; იწოდებოდნენ ვახვახიშვილებად და ბაზიერთხუციშვილებად; ამათივე განაყოფები არიან ზაალისშვილები, ყორჩიბაშისშვილები და კახისშვილები.
შემორჩენილ უადრეს დოკუმენტებში ვახახიშვილებად იხსენიებიან. კათოლიკოს აბალაკის 1492–1497 წლების საბუთში ვახახიშვილი ზუბელა დასახელებულია მოწმედ კახეთში მცხეთის კუთვნილი მამულების საზღვრების დადგენის ამბავთან დაკავშირებით. 1644 წელს კახთა მეფე თეიმურაზმა ვახუშტი ვახახიშვილს 18 საკომლო უწყალობა ენისელში, ტილურს.
ვახახიშვილებს კახეთის წარჩინებულ საგვარეულოებს შორის მოიხსენიებს XVIII საუკუნის სწავლული ვახუშტი ბატონიშვილიც. მასვე მოჰყავს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც 1587 წელს ერთ-ერთი ვახახიშვილი გამოცხადებულა შაჰ აბას I-თან და გამაჰმადიანებულა, რისთვისაც შაჰ-აბასს იგი ერევნის ციხის აღების (1604 წლის 8 ივნისი) შემდეგ ალექსანდრე II კახთა მეფისათვის ჩამორთმეული კაკ-ელისენის სულთნად დაუსვამს.
ვახვახიშვილებს კახთა მეფის კარზე ხშირად ბაზიერთუხუცესის სახელო ჰქონდათ. ცნობილია ბაზიერთუხუცესი დათუნა (საჩინო) 1663 წელს, ბაზიერთუხუცესი დავითი 1729 წელს, ეშიკაღაბაში და ბაზიერთუხუცესი ზაალი 1729-1785 წლებში, მისი ძმა — მდივანბეგი ვახუშტი 1729-1806 წლებში და სხვ. ზაალს და ვახუშტის 1743 წელს აუგიათ ვახვახიშვილების ციხის სახელით ცნობილი დღემდე შემორჩენილი სიმაგრე თელავში. 1801 წელს პეტერბურგში გაგზავნილ ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა დეპუტაციის წევრებს შორის იხსენიება დიმიტრი ვახვახიშვილი.
1825 და 1850 წლებში ვახვახიშვილებს (ვახვახოვებს) რუსეთის იმპერიის თავადობა დაუმტკიცდათ ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა 1783 წლის ტრაქტატს თანდართული სიის საფუძველზე. არაერთი ვახვახიშვილი ცნობილია რუსეთის სამხედრო სამსახურში, მათ შორის: კაპიტანი ივანე რევაზის ძე ვახვახიშვილი [დ. 1800 — გ. 1850 წ. შემდეგ; წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენის (1839) და ოქროს იარაღის (1842) კავალერი], მაიორი სულხან რევაზის ძე ვახვახიშვილი [დ. 1802 — გ. 1841, ოქროს იარაღის (1830) კავალერი], პრაპორჩშიკი დავით ზაალის ძე ვახვახიშვილი (დ. 1816 — გ. 1854, გმირულად დაიღუპა ჩოლოქის ბრძოლაში), გენერალ-მაიორი აგაფონ (თორნიკე) ვახვახიშვილი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ვახვახიშვილი და სხვ. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის დროს საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა ორი ვახვახიშვილი — ალექსანდრე და შალვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
- იოანე ბაგრატიონი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, რომელნიცა აღწერილ არიან ძველად მეფეთაგანცა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი №550), თბ., 1997.
- ასათიანი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- Списки титулованным родам и лицам Российской империи, СПб., 1892. — С. 20.
- Дворянские роды Российской Империи, Том 4: Князья Царства Грузинского, под ред. С. В Думина, СПб., 1998. — С. 136-139.