ვახვახიშვილების ციხე
ვახვახიშვილების ციხე, ვახვახიანთ ციხე — ციხის ნანგრევები თელავში. მდებარეობს ბატონის ციხის აღმოსავლეთით, ხევგაღმა.
ვახვახიშვილების (ვახვახიანთ) ციხე | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
სტატუსი | დანგრეული |
იგი მოიხსენიება ძველ მეპატრონეთა — თავად ვახვახიშვილების სახელით. ციხის ალაყაფის კარის თავზე მოთავსებული ყოფილა ვრცელი წარწერიანი ქვა, რომელიც ახლა დაკარგულია. ამ წარწერაში ერთგან იკითხება:
„ჩვენ... გვარად ვახვახისამან ბაზიერთუხუცესის ძემან თვით ბაზიერთუხუცესმან ზაალ და ძმამან ჩვენმან ვახუშტი აღვაშენეთ და სრულ ვყავით ზღუდე ესე და სახლ-სავანით განვაშვენეთ და საყოფად ჩვენდა შევამზადეთ“
|
. ზაალ ვახვახიშვილს ძმასთან ერთად ეს ზღუდე თავის სავანედ აუგია 1743 წელს.
ციხის გალავანში ჩართული იყო ექვსი კოშკი. მას შემდეგ, რაც ციხემ თავისი ფუნქცია დაკარგა, კოშკები საცხოვრებლად გადაუკეთებიათ, ხოლო ეზოში მდგარი სხვადასხვა დანიშნულების მრავალი ნაგებობა დაუნგრევიათ და ახალი დაუდგამთ. ზოგიერთი კოშკი ისეა გადაკეთებული, რომ თავდაპირველი სახის წარმოდგენა უკვე შეუძლებელია, ჩრდილოეთი გალავნის შუაში მდგარი კოშკი კი სულ აღარ არის.
დარჩენილი კოშკებიდან ოთხი კუთხეებშია განლაგებული, მეხუთე კი აღმოსავლეთის ვიწრო კედლის შუაში დგას. ამ უკანასკნელ კოშკს ორიგინალური გადაწყვეტა აქვს და ანალოგიც არ მოეპოვება. ცილინდრული კოშკის პირველი სართული ამოვსებულია, მეორე სართულზე ასვლა კი შეიძლება მხოლოდ ეზოდან ქვის კიბით, რომელიც გალავანს ჩრდილოეთიდან მიჰყვება. მეორე სართულის კედლებში ქვედა რიგზე ოთხი საზარბაზნე და ხუთი შეწყვილებული სათოფურია განლაგებული. ციხის ალაყაფის კარი ახლა არ ჩანს, მაგრამ ძველი გეგმის მიხედვით ირკვევა, რომ იგი მოთავსებული ყოფილა დასავლეთით. იქვე იწყება დაღმართი, საიდანაც ერთი გზა ჩრდილოეთით ჩადიოდა და უერთდებოდა სიღნადისაკენ მიმავალ გზას, მეორე გზა ფერდობს მიუყვებოდა და სხვა, მცირეხარისხოვან გზებს უერთდებოდა. ჩრდილო კედლის დასავლეთის მონაკვეთში მოთავსებულია სათადარიგო გასასვლელი.
ციხის კედლები საკმაოდ მაღალია და ორ იარუსადაა გაყოფილი. ზედა იარუსზე მებრძოლთა ჩამოსადგომი ხის ბაქანი იყო მოწყობილი. იქვე განლაგებული სათოფურებიდან ხდებოდა სიმაგრის დაცვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965
- რჩეულიშვილი ლ. თელავი, თბ., 1963
- ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1961
- ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962
- ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988