ვასილ ჯორჯაძე (სამხედრო ინჟინერი)

ვასილ ნიკოლოზის ძე ჯორჯაძე (დ. 29 თებერვალი, 1856, სოფ. გრემი, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 დეკემბერი, 1927, თბილისი, დაკრძალულია სოფ. გრემის სასაფლაოზე) — ქართველი სამხედრო ინჟინერი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1916).

დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია. 1872 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). თავი გამოიჩინა ყარსის იერიშში, რისთვისაც წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი მიიღო (1878). 1882 წლიდან სამხედრო ინჟინრად მუშაობდა თბილისში, ქუთაისში, ბაქოში, მაჰაჩყალაში, სტავროპოლში. 1906 წლიდან იყო კავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო სამმართველოს შტაბ-ოფიცერი. თადარიგში გავიდა 1916 წელს პოლკოვნიკის ხარისხით. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II (1914) და წმ. ანას II (1915) ხარისხის ორდენებით.

სამხედრო სამსახურთან ერთად სამოქალაქო საინჟინრო საქმიანობასაც ეწეოდა. კავკასიაში პირველმა მან დაიწყო რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციების დამზადება (1907 წელს დააპროექტა და განახორციელა რკინაბეტონის თხელი კედლების კონსტრუქცია). ქართული გიმნაზიის (ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მშენებლობაზე ხელმძღვანელობდა ბეტონისა და რკინაბეტონის სამუშაოებს (1900-1906), ამავე დროს განაგებდა თბილისის უნივერსიტეტის მშენებლობისათვის მატერიალური სახსრების შეგროვების საქმესა და ხელმძღვანელობდა საირიგაციო მშენებლობას მდინარე არაქსის ველზე, აგრეთვე მდინარე დურუჯის სარეგულაციო სამუშაოებს, აქტიურად მონაწილეობდა მდინარე ალაზანზე შაქრიანის ხიდის მშენებლობაში. იმ პერიოდის პრესაში (ჟურნალი „კავკაზსკოე სელსკოე ხოზაისტვო“, გაზეთი „კავკაზი“ და სხვ.) გამოქვეყნებული აქვს სტატიები მთის მდინარეთა რეგულირებისა და ნიაღვრის წყლებთან ბრძოლის, ტყისა და ბუნების დაცვის შესახებ.

ჯორჯაძე ასევე იყო ცნობილი სპორტსმენი, კავკასიაში ერთ-ერთი პირველი ველომრბოლელი, საქართველოში ველომოყვარულთა ნაკრების შემქმნელი და დამფუძნებელი; თბილისში (მ. შ. დ. უზნაძის ქუჩაზე ყოფ. ველოდრომი), სტავროპოლსა და ვლადიკავკაზში ველოტრეკების მშენებლობის ინიციატორი. ცნობილია ჯორჯაძის 1894 წლის პუბლიკაცია „საზოგადოებისთვის მავნე რეკლამები და მათთან ბრძოლა“ (რუსულ ენაზე), რომელიც ავტორმა ველოჟურნალებში „ველოსიპედსა“ და „სამოკატში“ განთავსებული არასაიმედო სარეკლამო განცხადებების საპასუხოდ გამოაქვეყნა და რუსეთის საზოგადოებაში პირველად წამოჭრა არაკეთილსინდისიერი რეკლამების საკითხი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Джорджадзе В.И. Вредные для публики рекламы и борьба с ними. М.: Русская типо-лит. ценз., 1894.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 573.
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.758-759;
  • Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. – გვ. 150.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება