ვაპსების მოძრაობა

ვაპსების მოძრაობა (ესტ.: Vabadussõjalaste Liit)[1] 1929 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ესტონეთის განმათავისუფლებელი ომის ვეტერანების ერთობა, შემდეგ კი ანტიკომუნისტურ და ანტიპარლამენტულ ორგანიზაციად იქცა. 1933 წელს მათ მიერ შემოთავაზებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ რეფერენდუმით 72,7 %-იანი მხარდაჭერა მოიპოვა ესტონურ საზოგადოებაში. ასოციაციის ლიდერები იყვნენ ანდრეს ლარკა (პრეზიდენტობის კანდიდატი) და არტურ სირკი.

ვაპსების მოძრაობა
Eesti Vabadussõjalaste Liit
ვაპსების მოძრაობა
ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
ხელმძღვანელობა
ლიდერი არტურ სირკი და ანდრეს ლარკა
ისტორია
დაფუძნდა 1929
დაიშალა 1935
პოზიციები
იდეოლოგია ესტონური ნაციონალიზმი
ანტიკომუნიზმი
პოპულიზმი

იდეოლოგია

რედაქტირება

ჩამოაყალიბეს 1929 წელს ომის ვეტერანებმა, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის გამო უკმაყოფილოები იყვნენ იმ დროინდელი მთავრობით. მათ არ ჰქონდათ წინასწარ შემუშავებული იდეოლოგია ან რაიმე კავშირი უცხოურ ფაშისტურ მოძრაობებთან. მათი მიზანი იყო შეექმნათ მეტად ავტორიტარული და ნაციონალისტური სახელმწიფო ესტონეთში. ისინი უარყოფდნენ რასისტულ იდეოლოგიას და ღიად აკრიტიკებდნენ ნაცისტების მიერ ებრაელების დევნას; ასევე უარს აცხადებდნენ ძალადობის გამოყენებასა და ტერიტორიული ექსპანსიის იდეაზე. მიუხედავად ამისა, ისინი იზიარებდნენ იმ დროინდელი ფაშისტური მოძრაობების სხვადასხვა ასპექტს. მაგალითად, იყენებდნენ შავ ბერეტსა და რომაულ სალუტს. ორგანიზაცია უშვებდა საკუთარ გაზეთს - „Võitlus“ („ბრძოლა“).

თავიდან მათ შორის ბევრი მოქმედი გენერალი იყო, თუმცა 1930 წლის შემდეგ, როცა მოძრაობა უკვე რადიკალური გახდა, მათ მოუწიათ ორგანიზაციის დატოვება.ამის შემდეგ მათ რიგებში მიიღეს ადამიანები, რომლებიც განმათავისუფლებელ ომში არ იბრძოდნენ. მათი უმრავლესობა საშუალო კლასის დაბალი ფენიდან იყო. 1930-1934 წლებში მოძრაობის ხელმძღვანელი გადამდგარი გენერალ-მაიორი ანდრეს ლარკა იყო, მისი მოადგილე და ნამდვილი ლიდერი - ახალგაზრდა ლეიტენანტი და იურისტი - არტურ სირკი. მათ ბევრი ლოზუნგი და მეთოდი გადმოიღეს მსგავსი გერმანული და ფინური მოძრაობებიდან.[2]

კონსტიტუციური რეფორმა

რედაქტირება

ეკონომიკური და შიდა პოლიტიკური კრიზისების ფონზე მოძრაობა გაიზარდა, გაძლიერდა და შეძლო გავლენა მოეხდინა ესტონეთის მოსახლეობაზე ისე, რომ 1932 წლის აგვისტოსა და 1933 წლის ივნისში უმრავლესობამ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი კონსტიტუციის პროექტი უარყო. ამ პროექტების ნაცვლად ვაპსებმა წამოაყენეს საკუთარი რადიკალური და ავტორიტარული პროექტი, რომელიც 1933 წლის ოქტომბერში ჩატარებულ რეფერენდუმში გამარჯვებით მიიღეს. რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ მოძრაობას პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის იმედი ჰქონდა.

1934 წლის შემოდგომის არჩევნებზე კანდიდატები იყვნენ: ანდრეს ლარკა, იოჰან ლაიდონერი, კონსტანტინ პიატსი და აუგუსტ რეი. მოძრაობამ დიდ ქალაქებში სრული უმრავლესობით გაიმარჯვა. პიატსს ეშინოდა სამოქალაქო ომის და ლაიდონერს (რომელიც ესტონური არმიის გენერალი იყო) შეუთანხმდა და 1934 წლის 12 მარტს საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს, მოხდა გადაატრიალება და ვაპსების მოძრაობის წევრები დააპატიმრეს.1936 წლის 6 მაისს მოძრაობის 150 წევრი სასამართლოს წინაშე წარდგა.143 წევრს გრძელვადიანი პატიმრობა მიესაჯა. სირკი 1934 წლის ნოემბერში ტალინის ციხიდან უცხოეთში გაიქცა და გაურკვეველი მიზეზით დაიღუპა ლუქსემბურგში. მოძრაობის წევრები 1938 წელს ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.[3][4]