ვანდალური ომი
ვანდალური ომი მიმდინარეობდა 533–534 წლებში აღმოსავლეთ რომის იმპერიასა და ვანდალთა სამეფოს შორის. ომის მიზანი იყო ყოფილი რომის იმპერიის პროვინციების შეერთება ჩრდილოეთ აფრიკაში.
V საუკუნეში დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე გერმანულმა ტომებმა ბარბაროსული სახელმწიფოები შექმნეს. ვანდალები ალანებთან ერთად თავდაპირველად ესპანეთის ტერიტორიაზე დამკვიდრდნენ, მაგრამ შემდეგ ვესტგუთებისაგან შევიწროვებულებმა (ამას დაერთო ბონიფაციუსის მიერ მათი დასახმარებლად მოწვევა; ამ დროს იგი აფრიკის მმართველი იყო და დასავლეთ რომის იმპერატორს აუჯანყდა) 429 წელს გეიზერიხის მეთაურობით გადალახეს გიბრალტარის სრუტე და აფრიკაში შეიჭრნენ.
523–533 წლებში ვანდალთა მეფე იყო ჰილდერიხი, რომელიც კარგ ურთიერთობაში იმყოფებოდა აღმოსავლეთ რომის იმპერატორ იუსტინიანე I-თან. 530 წელს მას აუჯანყდა გელიმერი, რომელმაც შეძლო მისი დამარცხება და ტახტის დასაკუთრება. სახელმწიფო რელიგიად არიანელობა აღადგინა, რამაც იუსტინიანეს უბიძგა დაპყრობითი ომისკენ. თავდაპირველად იმპერატორმა ჰილდერიხის ტახტზე აღდგენა ან მისი კონსტანტინოპოლში გაგზავნა მოითხოვა, მაგრამ გელიმერმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა. ამ დროს აღმოსავლეთ რომმა სტაბილური საზღვარი აღადგინა სპარსეთთან, ჩაახშო აჯანყება დედაქალაქში და შეძლო 533 წელს ველისარიუსის მეთაურობით არმიის გაგზავნა აფრიკაში.
ველისარიუსმა ვანდალთა სამეფოსკენ ფლოტით გაცურა და კართაგენის სამხრეთით გადავიდა ხმელეთზე. 13 სექტემბერს ად-დეციმიუმის ბრძოლაში დაამარცხა ვანდალთა მთავარი არმია და 15 სექტემბერს კართაგენიც აიღო. მალე გელიმერის არმიას მისი ძმის ცაზოს სამხედრო ნაწილებიც შეუერთდნენ, რომლებმაც სარდინიაზე ჩაახშვეს გოდას აჯანყება და კუნძულზე ვანდალთა მმართველობა აღადგინეს. გელიმერი კონტრშეტევაზე გადავიდა და კართაგენს მიადგა. ტრიკამარუმის ბრძოლაში რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად რომაელებმა შეძლეს ვანდალთა არმიის დამარცხება, რითაც საბოლოოდ დამთავრდა ომი. აფრიკაში, სარდინიაზე, კორსიკასა და სიცილიის ნაწილზე კვლავ რომის მმართველობა აღდგა. ველისარიუსი კონსტანტინოპოლში ტრიუმფით შევიდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- პროკოფი კესარიელი, ომების ისტორია: ვანდალური ომი, ტ. I და II.
- Browning, Robert (1992). The Byzantine Empire (Revised Edition). Washington, DC: The Catholic University of America Press. ISBN 0-8132-0754-1.
- Bury, John Bagnell (1923). History of the Later Roman Empire: From the Death of Theodosius I to the Death of Justinian. London: MacMillan & Co.. ISBN 0-486-20399-9.
- Diehl, Charles (1896). L'Afrique Byzantine. Histoire de la Domination Byzantine en Afrique (533–709) (French). Paris, France: Ernest Leroux.
- Hughes, Ian (2009). Belisarius: The Last Roman General. Yardley, PA: Westholme Publishing, LLC. ISBN 978-1-59416-528-3.
- Merrils, Andy; Miles, Richard (2010) The Vandals. Chichester, U.K.; Malden, MA: Wiley-Blackwell. ISBN 978-1-405-16068-1.