ეღიშე ჩარენცის მემორიალური მუზეუმი

ეღიშე ჩარენცის მემორიალური მუზეუმი ასევე ცნობილი, როგორც ეღიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმი (სომხ. Եղիշե Չարենցի տուն-թանգարան; Yehishe Charents'i tun-t'angaran) — სომეხი პოეტის, მწერლისა და საზოგადოებრივი მოღვაწის, ეღიშე ჩარენცის (1897-1937) სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს სომხეთის დედაქალაქ ერევანში.

ეღიშე ჩარენცის მემორიალური მუზეუმი
 
ეღიშე ჩარენცი

სახლი, რომელშიც ეღიშე ჩარენცი 1935 წლიდან 1937 წლამდე ცხოვრობდა 1964 წლის 8 თებერვალს, სომხეთის მინისტრთა საბჭოს ბრძანებით ჩერენცის მემორიალურ მუზეუმად გადაკეთდა. მუზეუმის დირექტორად ნვარდ ბაღდასარიანი დაინიშნა. მუზეუმის დაარსებას მხარს უჭერდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოეტის ქალიშვილები: არპენიკი და ანაჰეტი. 1975 წლის 10 იანვარს ეღიშე ჩარენცის მემორიალური მუზეუმი საზოგადოებისთვის გაიხსნა.[1]

1987 წელს, ეღიშე ჩარენცის დაბადებიდან 90 წლისთავზე კარენ დემირჭიანის მხარდაჭერით მუზეუმის სივრცე გაფართოვდა და ბინაში ბევრი რამ შეიცვალა. ამჟამად მუზეუმი 623.3 მ² ფართობს იკავებს. მუზეუმი სამ დარბაზს მოიცავს: დარბაზი A, რომელშიც ავტორის ადრეული პერიოდის (1897-1918) ნიმუშებია გამოფენილი, დარბაზი B, რომელშიც ავტორის მოღვაწეობის შუა პერიოდის (1918-1927) ნიმუშებია წარმოდგენილი და დარბაზი C, სადაც ავტორის მოღვაწეობის გვიანი პერიოდის (1928-1937) ნიმუშებია დაცული.

კოლექციები

რედაქტირება
 
ეღიშე ჩარენცის გრამოფონი

ეღიშე ჩარენცის მემორიალური მუზეუმი პოეტის ცხოვრების, მისი ლიტერატურული, კულტურული და სოციალურ-პოლიტიკური მოღვაწეობის საკვლევი ცენტრია.[2] მუზეუმში პოეტის რელიქვიები: მისი პირადი ნივთები, ხელნაწერები, დოკუმენტები, წიგნები, ფოტოები და სხვა ნიმუშებია გამოფენილი. მუზეუმის ყველაზე ძვირფასი ნაწილი მემორიალური სახლია, სადაც ყველაფერი ისეა შემონახული,რ ოგორც ავტორის სიცოცხლეში იყო.

მემორიალური სახლი ელეგანტურადაა მოწყობილი. მისი სტილი დასავლურ და აღმოსავლურ ელემენტებს აერთიანებს: Becker-ის ფირმის პიანინო, საბეჭდი მანქანა, წითელი ხის ავეჯი, მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ხალიჩები, ოსმალური, ჩინური პანელები, სპილოს ძვლისგან და ბრიჯნაოსგან დამზადებული ბუდას ქანდაკებების კოლექციები, ლეონარდო და ვინჩისა და ფრა ანჯელიკოს რეპროდუქციები და ა.შ.[1]

პირადი ბიბლიოთეკა

რედაქტირება
 
ეღიშე ჩარენცის პირადი ბიბლიოთეკა

მემორიალური სახლის ნაწილია ჩარენცის პირადი ბიბლიოთეკა. არპენიკ ჩარენცის თქმით, 1930-იანი წლების ბოლოსთვის ბიბლიოთეკა 6000-მდე წიგნისგან შედგებოდა, თუმცა პოეტის დაპატიმრების შემდეგ წიგნების დიდი ნაწილი განადგურდა. დღეისთვის ბიბლიოთეკაში 1452 წიგნია, რომლებიც სხვადასხვა ენაზეა შესრულებული და ხელოვნების, რელიგიისა და სხვა სფეროებს ეხება. ეღიშე ჩარენცს სომეხი მწერლების: მოვსეს ხორენაცის, ფავსტოს ბუზანდის, გრიგორ ნარეკაცის, ნაჰაპეტ ქუჩაკის, ნერსეს IV შნორალის, საიათნოვას, არაქელ ბაბახანიანის, ჰოვანეს თუმანიანის, ვაჰან ტერიანის, ავეტიქ ისააკიანისა და მისაქ მეწარენცის უნიკალური კოლექციები ჰქონდა. ძველი ბერძნულის, ევროპული და რუსული ლიტერატურის, ასევე ძველი აღმოსავლური ხელოვნებისა და ლიტერატურის ღრმად შესწავლის გამო, ჩარენცის მარკუს ავრელიუსის, მარსელ პრუსტის, ლუიჯი პირანდელოს, ოსვალდ შპენგლერის, რაბინდრანათ თაგორისა და სხვათა კოლექციებიც ჰქონდა. კოლექციებს შორის განსაკუთრებული ღირებულება აქვს 1907-1916 წლებში რუსეთის იმპერიის პერიოდული გამოცემის „ოქროს წლები“ 25 ტომს.

  1. 1.0 1.1 Yeghishe Charents Memorial Museum, Yerevan, "Pera Print", 2008, p. 104, ISBN 978-99941-874-0-9
  2. (2012) Charents 115. Yerevan: "Astghik Publishing House", გვ. 120. ISBN 978-9939-840-07-9.