ესთერ ლედერბერგი

ამერიკელი მიკრობიოლოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ესთერ მირიამ ციმერ ლედერბერგი (დ. 18 დეკემბერი, 1922 ― გ. 11 ნოემბერი, 2006) ― ამერიკელი მიკრობიოლოგი და ბაქტერიული გენეტიკის პიონერი. მან აღმოაჩინა ბაქტერიული ვირუსი λ და F-პლაზმიდი, პირველმა დანერგა რეპლიკის მეთოდი და სპეციალიზებული ტრანსდუქციის მეშვეობით ბაქტერიებს შორის გენების გადაცემის შესახებ ცოდნა გააღრმავა.

ესთერ ლედერბერგი
Esther Miriam Zimmer Lederberg

ესთერ ლედერბერგი სტენფორდის ლაბორატორიაში
დაბ. თარიღი 18 დეკემბერი, 1922
დაბ. ადგილი ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდ. თარიღი 11 ნოემბერი, 2006
გარდ. ადგილი სტენფორდი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა გენეტიკოსი
მუშაობის ადგილი ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი, Carnegie Institution for Science და მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰანთერის კოლეჯი, სტენფორდის უნივერსიტეტი, უისკონსინის უნივერსიტეტი
მეუღლე ჯოშუა ლედერბერგი[1]
სამეცნიერო სფერო მიკრობიოლოგია, მიკრობული გენეტიკა

ლედერბერგმა სტენფორდის უნივერსიტეტში დააფუძნა და ხელმძღვანელობდა ამჟამად გაუქმებულ პლაზმიდის რეფერენსირების ცენტრს, სადაც შექმნა, დასახელება შეურჩია და გაანაწილა სხვადასხვა სახის პლაზმიდი, რომელთა შორის იყო ანტიმიკრობული წინაღობის, მძიმე ლითონების წინაღობის, ბაქტერიული კონიუგაციის, ტრანსპოზონებისა და სხვა უცნობი ფაქტორის ტიპები.

მამაკაცი მეცნიერებით დომინირებულ სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯოშუა ლედერბერგის მეუღლე, ესთერ ლედერბერგი პროფესიული აღიარებისთვის იბრძოდა. მიკრობიოლოგიაში ფუნდამენტური აღმოჩენების მიუხედავად, მისთვის უნივერსიტეტში მუდმივი სამუშაო არასდროს შეუთავაზებიათ. სახელმძღვანელოებში მისი ნაშრომები ხშირად უგულებელყოფილია და ესთერის მიღწევებსაც მის ქმარს მიაწერენ.

ადრეული წლები

რედაქტირება

ესთერ მირიამ ციმერი რუმინელი იმიგრანტის, დევიდ ციმერისა და პაულინ გელერ ციმერის პირველი შვილი იყო.[2][3] იგი 1922 წლის 18 დეკემბერს ბრონქსში დაიბადა. მისი ძმა, ბენჯამინ ციმერი, 1923 წელს დაიბადა. ციმერის ბავშვობა დიდი დეპრესიის პერიოდს დემთხვა და მისი ლანჩი ხშირად პურის ნაჭრისა და ტომატის საწებლისგან შედგებოდა.[2] ციმერმა ებრაული ისწავლა, რასაც ფესახის სედერისთვის იყენებდა.[2]

ციმერმა ბრონქსში ევანდერის ბავშვთა საშუალო სკოლა 1938 წელს, 15 წლის ასაკში დაამთავრა.[4] სტიპენდიის მოპოვების შემდეგ ნიუ-იორკ-სითის ჰანთერის კოლეჯში დაიწყო სწავლა.[3] კოლეჯში ციმერს ფრანგულის ან ლიტერატურის სწავლა სურდა, მაგრამ მოგვიანებით ბიოქიმიის შესწავლა გადაწყვიტა, მიუხედავად მისი პედაგოგების რეკომენდაციისა, რომ ქალს მეცნიერებაში კარიერის შექმნა გაუჭირდებოდა.[2] ნიუ-იორკის ბოტანიკურ ბაღში მკვლევარ ასისტენტად მუშაობდა და Neurospora crassa-ის კვლევაში იყო ჩართული ბოტანიკოს ბერნარდ ოგილვი დოდჯთან ერთად.[2] ბაკალავრის ხარისხი გენეტიკაში მიიღო[5] 1942 წელს, 19 წლის ასაკში.[3]

ჰანთერის კოლეჯის დამთავრების შემდეგ ციმერი ვოშინგტონის კარნეგის ინსტიტუტში ალექსანდრე ჰოლანდერის მკვლევარ ასისტენტად მუშაობდა და გენეტიკაში პირველი ნაშრომიც გამოაქვეყნა.[6] 1944 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის წევრი გახდა, სადაც ჯორჯ ბიდლთან და ედუარდ ტეიტემთან ასისტენტად მუშაობდა.[3] მოგვიანებით კალიფორნიაში გაემგზავრა და სტენფორდის უნივერსიტეტის ჰოპკინზის საზღვაო სადგურში საზაფხულო სწავლების შემდეგ გენეტიკის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. 1946 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო.[5] იმავე წელს ჯოშუა ლედერბერგზე იქორწინა, რომელიც იმ დროისთვის იელის უნივერსიტეტში ტეიტემის სტუდენტი იყო.[3][7] ლედერბერგი იელის ოსბორნის ბოტანიკურ ლაბორატიაში გადავიდა, შემდეგ კი უისკონსინის უნივერსიტეტში, სადაც მისი ქმარი პროფესორად მუშაობდა.[3] უისკონსინის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი რ. ა. ბრინკის ხელმძღვანელობით 1950 წელს მიიღო. [2]

მიკრობიოლოგია და გენეტიკა

რედაქტირება

1950-იანი წლების დიდი ნაწილი ლედერბერგმა უისკონსინის უნივერსიტეტში გაატარა. აქ მან ლამბდა ფაგი აღმოაჩინა,[8] ტრანსდუქციასა და ლამბდა ფაგის ლიზოგენურ პროცესს შორის ურთიერთკავშირის შესახებ ადრეული კვლევები ჩაატარა, ლუიჯი ლუკა კავალი-სფორცასთან ერთად F-პლაზმიდი აღმოაჩინა (საბოლოოდ გამოქვეყნდა ჯოშუა ლედერბერგთან ერთად),[9] პირველმა დანერგა რეპლიკის მეთოდი (ჯოშუა ლედერბერგთან ერთად) და სპეციალიზებული ტრანსდუქციის გენეტიკური მექანიზმები აღმოაჩინა. ლედერბერგის აღმოჩენებმა საფუძველი ჩაუყარა გენეტიკაში სამომავლო კვლევებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. მისი ღვაწლის გამო ბაქტერიული გენეტიკის პიონერად მიიჩნევა.[10] 1956 წელს ბაქტერიული გენეტიკის ფუნდამენტური კვლევებისთვის ესთერ და ჯოშუა ლედერბერგები ილინოისის ბაქტერიოლოგთა საზოგადოებამ პასტერის მედლით დააჯილდოვა.[11]

სხვა ინტერესები

რედაქტირება

ესთერ ლედერბერგი მუსიკის მოტრფიალე იყო და შუა საუკუნეების, რენესანსისა და ბაროკოს მუსიკას ორიგინალურ ინსტრუმენტებზე უკრავდა.[3][12] იგი ბლოკფლეიტაზე უკრავდა და 1962 წელს Mid-Peninsula Recorder Orchestra დააარსა, რომელშიც XIII საუკუნიდან დღემდე შექმნილ კომპოზიციებს უკრავდნენ.[13]

ლედერბერგს ჩარლზ დიკენსისა და ჯეინ ოსტინის ნაწარმოებები უყვარდა. გაწევრიანებული იყო საზოგადოებებში: პალო ალტოს დიკენსის საზოგადოება და ჯეინ ოსტინის საზოგადოება, რომლებიც ამ ორი ავტორის შემოქმედების კვლევას ისახავს მიზნად.[14]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1946 წელს იგი ჯოშუა ლედერბერგზე დაქორწინდა. წყვილი 1968 წელს განქორწინდა.[5] 1989 წელს იგი მეთიუ საიმონს შეხვდა, ინჟინერს, რომელიც მის მსგავსად ადრეული მუსიკით იყო გატაცებული. ისინი 1993 წელს დაქორწინდნენ და სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყვნენ.[3]

ესთერ ლედერბერგი 2006 წლის 11 ნოემბერს სტენფორდში, კალიფორნია, გარდაიცვალა, პნევმონიითა და გულის შეტევით, 83 წლის ასაკში.[15]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://time.com/longform/esther-lederberg/
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Miriam Esther Lederberg en. ციტირების თარიღი: 19 March 2017
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Ferrell, Rebecca V. (2018) „Esther Miriam Zimmer Lederberg: Pioneer in Microbial Genetics“, Women in Microbiology. American Society for Microbiology, გვ. 305–315. DOI:10.1128/9781555819545. ISBN 9781555819538. 
  4. Schindler, Thomas E.. An Abiding Affection en გვ. 7–14. Oxford University Press (13 August 2021). ციტირების თარიღი: 23 September 2021
  5. 5.0 5.1 5.2 Alic, Margaret (1999) „Esther Miriam (Zimmer) Lederberg 1922-“, Notable Women Scientists. Farmington Hill, Michigan: Gale Group, გვ. 320–322. ISBN 978-0-7876-3900-6. 
  6. Hollaender, A.; Sansome, E.R.; Zimmer, E.; Demerec, M. (1945). „Quantitative irradiation experiments with Neurospora crassa. II. Ultraviolet irradiation“. American Journal of Botany. 32 (4): 226–235. doi:10.1002/j.1537-2197.1945.tb05112.x.
  7. Maugh II, Thomas H. (30 November 2006). „Esther Lederberg, 83; helped unlock mysteries of bacteria and viruses“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 24 March 2017.
  8. Gottesman ME, Weisberg RA (2004). „Little lambda, who made thee?“. Microbiology and Molecular Biology Reviews. 68 (4): 796–813. doi:10.1128/MMBR.68.4.796-813.2004. PMC 539004. PMID 15590784.
  9. Lederberg J, Cavalli LL, Lederberg EM (1952). „Sex Compatibility in Escherichia Coli“. Genetics. 37 (6): 720–30. doi:10.1093/genetics/37.6.720. PMC 1209583. PMID 17247418.
  10. Ware, Doreen. Pioneering Women in STEM. ციტირების თარიღი: 10 March 2016
  11. Schindler, Thomas E.. Behind the Laboratory Doors: For Over One Hundred Years of Science, Women Participated in Obscurity en გვ. 99–110. Oxford University Press (13 August 2021). ციტირების თარიღი: 25 August 2021
  12. „Esther Lederberg, 83, a Founder of Bacterial Genetics“. The New York Sun. November 9, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 24 March 2017.
  13. Esther Lederberg, pioneer in microbial genetics, dies at Stanford at 83. ციტირების თარიღი: 13 August 2019
  14. Russell, Sabin. Professor Esther Lederberg -- Scientist (2006-11-28). ციტირების თარიღი: 1 September 2017
  15. Pearce, Jeremy. Esther Lederberg, 83, Scientist Who Identified Stealthy Virus, Dies (2006-12-08). ციტირების თარიღი: 13 August 2019