ფესახი (ებრაული, იდიში: פֶּסַח ) ანუ ქართ. პასექი — უდიდესი ებრაული და სამარიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად ებრაული კალენდარის ნისანის თვის მე-15 დღიდან 21-ე (22-ე) დღის ჩათვლით. დღესასწაულის თარიღი თანამედროვე საერთაშორისო კალენდრით მოძრავია და მარტში ან აპრილში აღინიშნება. ფესახი არის ერთ-ერთი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილი ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას. საუფლო დღესასწაულზე (ისრაელში შვიდ და ისრაელის გარეთ რვა დღის მანძილზე) ებრაელები ჩვეულებრივი პურის ნაცვლად მიირთმევენ უფუარ კვერს[1][2][3].

ფესახი
פסח
ფესახი ფოტოსურათი
მაცა - უფუარი პურის ხმიადი
აღნიშნავენ ებრაელები, სამარიელები და კერაიტები
პერიოდი 15 - 21 (22) ნისანი
გრეგორიანული კალენდრით
2009 : 8 - 15 (16) აპრილი
2010 : 29 მარტი - 5 (6) აპრილი
2011 : 18 - 25 (26) აპრილი

ძველი აღთქმის წიგნი გამოსვლა მოგვითხრობს, ეგვიპტეში საშინლად იჩაგრებოდა ებრაელი ხალხი. უფალმა მათ გასანთავისუფლებლად მრავალი ნიშანი და ათი სენი მოუვლინა ეგვიპტეს. მაგრამ ფარაონს გული გასასტიკებული ჰქონდა. მაშინ უფალმა ეგვიპტელებს მოუვლინა ღვთის რისხვა - პირველშობილთა მოკვდინება. ებრაელები გაფრთხილებულები იყვნენ, სახლის შესასვლელ კარზე ნიშანი დაედოთ ბატკნის სისხლით. ამ ნიშნის მქონე კარს სიკვდილის ანგელოზი გვერდს აარიდებდა და სენი მათ არ შეეხებოდა[4]. ასეთი განსასჯელისაგან თავზარდაცემულმა ფარაონმა ებრაელებს ნება დართო ეგვიპტიდან წასულიყვნენ. განთავისუფლებული ებრაელები ისე ჩქარობდნენ, რომ პურის აფუებას აღარ დაელოდნენ, უფუარი ცომისაგან ხმიადი კვერები დააცხეს და საგზლად წაიღეს. ამიტომ ფესახის დღეებში, როდესაც იხსენიებენ პირველშობილ ყრმათა მოკვდინებას, მონობისაგან განთავისუფლებასა და ეგვიპტიდან გამოსვლას, არ ჭამენ აფუებულ პურს. ამის გამო დღესასწაულს მეორენაირად „უფუარობის დღესასწაულს“ უწოდებენ (חַג הַמַּצּוֹת - ხაგ ჰა’მაცოთ)[5][6] ამ დღესასწაულის უშუალო სიმბოლო და აუცილებელი ატრიბუტია უფუარი პურის კვერი - ხმიადი, რომელსაც მაცა ეწოდება.

ფესახი ანუ პასექი, ისევე როგორც შავოუთი და სუქოთი მიეკუთვნება სამ პილიგრიმულ დღესასწაულს (შალოშ რეგალიმ), როდესაც ისტორიული ტრადიციის თანახმად,მორწმუნეები ლოცვით მსვლელობას აწყობენ და მოილოცავენ იერუსალიმის ტაძარს. ანალოგიურ მომლოცველთა მსვლელობას აწყობენ სამარიტელები იმ განსხვავებით, რომ ამ მსახურებაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობენ და მოილოცავენ გერიზიმის მთას[7][8].

ძველი აღთქმის თანახმად, ფესახი აღინიშნება ებრაული კალენდრის მიხედვით ნისანის თვის 15 რიცხვში, სავსემთვარეობისას. ამისი შესაბამისი სამარიტიელებისა და კარაიტებისათვის არის აბიბის თვის 15 რიცხვი[9]. ეს გაზაფხულის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ დგება. ძველი ებრაული ტრადიციით ნისანის თვის დადგომის ნიშანი იყო ქერის მომწიფება[10]. თუ ქერი არ დამწიფდა, მაშინ ნაკიანი თვე, ადარის მეორე თვე უნდა დაემატოს კალენდარს. ბოლო 12 საუკუნის მანძილზე კალენდარი მათემატიკურად გამოითვლება.

ფესახის ანუ პასექის დღესასწაულის პირველი და მეშვიდე დღე უქმეა, იკითხება ლოცვები, მზადდება სადღესასწაულო კერძები. შუალედ დღეებს ეწოდება „ხოლ ჰამოედ“ (ებრ. חול המועד). დიასპორა 8 დღის განმავლობაში ზეიმობს. ერთი დღის დამატება მოხდა იმ მიზეზით, რომ შორს მცხოვრებ ებრაელს საკმარისი დრო ჰქონოდა იერუსალიმის ტაძარში წასასვლელად.

კარაიტები და სამარიტიელები ებრაული კალენდრისაგან განსხვავებულ კალენდარს იყენებენ და მათი პასექის თარიღი ოდნავ განსხვავებულია. მაგალითად, 2009 წელს ებრაული კალენდარის ნისანის თვის 15 რიცხვი შეესაბამება 9 აპრილს, ხოლო სამარიტიული და კარაიტული აბიბის თვის 15 შეესაბამება 11 აპრილს. კარაიტები და სამარიტიელები პასექის შვიდ დღეს ერთნაირად აღნიშნავენ და მთელი დღესასწაულის განმავლობაში მიირთმევენ აუფუებულ პურს.

ადათ-წესი

რედაქტირება
 
ფესახის სუფრა
 
შინგამომცხვარი შმურა მაცა

პასექის ანუ ფესახის დღესასწაული უფლის მიერ დადგენილი წესით აღინიშნება, რომელიც აღწერილია ხუთწიგნეულში. ნისანის 10-ში ბატკანი ან კრავი უნდა საგანგებოდ უნდა გადაირჩეს, 14-ში უნდა დაიკლას, შეიწვას და უნდა მიირთვან 15-ში საღამოს. ამასთან მომზადებული უნდა იყოს უფუარი ხმიადები - მაცა და მწარე მწვანილი - მარორი. გამთენიისას საჭმლის ნარჩენები უნდა დაიწვას. ეს არის მსხვერპლშეწირვა[11].

პასექის რიტუალი ბიბლიის გარდა აღწერილია ძვ.წ. V საუკუნის ეგვიპტურ პაპირუსებზე ე.წ. არამეულ პაპირუსებში; ჰეროდეს პერიოდის ფლავიუსის და ფილონის ხელნაწერებში.

სახელწოდება

რედაქტირება

ფესახი ანუ პასექი პირველად ნახსენებია ძველი აღთქმის ხუთწიგნეულში, გამოსვლაში. სიტყვის მნიშვნელობაზე რამდენიმე განმარტება არსებობს.

  • ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად ფესახ ნიშნავს გვერდის არიდებას და ხაზს უსვამს ფაქტს,რომ სიკვდილის ანგელოზმა გვერდი აარიდა ებრაელთა სახლებს და ღვთის რისხვა მათ არ შეეხოთ. ეს განმარტება მოცემულია ძველბერძნულ სეპტუაგინტაში.

ამავე მოსაზრებას ეყრდნობა პასექის ინგლისური სახელწოდება პასოვერ ინგ. passover (passed over). ეს ტერმნი პირველად გამოყენებულია ბიბლიის უილიამ ტინდალისეულ თარგმანსა და ინგლისის მეფის ჯეიმზ I სტიუარტის ვერსიაში.

  • მეორე მოსაზრებით, ფესახ განიმარტება როგორც ფრთებით დაგიფარავ და ამ ზმნის მსგავსებას ზმნასთან, რომელიც გამოყენებულია ესაიას წინასწარმეტყველების 31:5 ფრაზაში [12].
  • მესამე მოსაზრებით, ფესახ აღნიშნავს ბატკანს, კრავს. აქედან მომდინარეობს ფრაზა კორბან ფსახ (ებრ. „ზვარაკი“ קרבן), რაც ქართულად საზვარაკე კრავს ნიშნავს. 10 ნისანს შეირჩევა საზვარაკე კრავი, 14-15 ნისანის საღამოებს შორის პერიოდში დაიკვლება, შეიწვება და 15 ნისანს დაისის შემდეგ ფესახის წეს-განრიგის მიხედვით მიირთმევა. საზვარაკე კრავი - კორბან ფსახ, უფუარი პურის ხმიადი - მაცა და მწარე მწვანილი - მარორ სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი და პირდაპირი სიმბოლოებია.

ფესახის წეს-განრიგით საზვარაკე კრავი უნდა მიეტანათ კარავში, მოგვიანებით კი იერუსალიმის ტაძარში. საზვარაკე კრავი მოიხსენიება 14 ნისანის დილის ლოცვისა და ღვთისმსახურების დროს. ვინაიდან ფესახის კრავი წმინდა შესაწირია, მისი კერძით არ შეიძლება გაუმასპინძლდნენ არაებრაელებს, განდგომილებს, მსახურებსა და წინადაუცვეთელებს.

კავშირი ახალ აღთქმასთან

რედაქტირება

ფესახის ანუ პასექის დღესასწაულზე იესო ქრისტე გაემართა იერუსალიმში, ისე როგორც უფლის მერ დადგენილი წესი მოითხოვდა. იერუსალიმელები მას პალმის რტოებით მიეგებენ (ბზობის დღესასწაული ქრისტიანულ სარწმუნოებაში). დღესასწაულის დღეებში აღსრულდა წინასწარმეტყველება, ძე ღვთისა გასცეს, შეიპყრეს, განსაჯეს, ჯვარს აცვეს, ხოლო სამი დღის შემდეგ იგი მკვდრეთით აღსდგა ბზობა, ვნების კვირა და ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაული აღდგომა კალენდარულად დაკავშირებულია ფესახის დღესასწაულთან. მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება აღდგომას აღნიშნავს ფესახის დღესასწაულის შემდეგ. სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი შემადგენელია აფუებული ნამცხვარი „სააღდგომო პასკა“. სააღდგომოდ შეწირული კრავი სიმბოლოა იმ მსხვერპლისა, რაც გაიღო იესო ქრისტემ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ძველი აღთქმა, ლევიანნი 23:5-6 - პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს უფლის პასექია. ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს საუფლო ხმიადობის დღესასწაულია. შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ.
  2. რიცხვნი 28:17 - ამ თვის მეთხუთმეტე დღეს დღესასწაულია: შვიდ დღეს ხმიადები უნდა იჭამოს.
  3. რიცხვნი 33:3 - რამზესიდან გაემგზავრნენ პირველი თვის მეთხუტმეტე დღეს; პასექის მეორე დღეს გავიდნენ ისრაელიანები გაბედულად მთელი ეგვიპტის თვალწინ.
  4. გამოსვლა 12:13 - სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსვრას დავიწყებ.
  5. გამოსვლა 12:17 - დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად.
  6. ლევ. 23:6, რიცხ. 28:17, რიცხ. 33:3.
  7. The Samaritans' Passover sacrifice by Amnon K'fir Ynet news 05.02.2007
  8. Ancient Samaritan sect marks Passover sacrifice near Nablus Haaretz 01.05.2007 დაარქივებული 17.10.2008, საიტზე Wayback Machine.
  9. ლევ. 23:4
  10. Stephen Jones (1996) Secrets of Time.
  11. გამოსვლა, XII თავი.
  12. ესაია 31:5 როგორც ჩიტი ბარტყებს, ასე დაიფარავს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს, დაიფარავს და იხსნის, მოუფრთხილდება და გადაარჩენს.