ერებუსი
ერებუსი (Erebus) — ვულკანი ანტარქტიდაში. ყველაზე სამხრეთით მდებარე მოქმედი ვულკანი დედამიწაზე. სიმაღლე 3794 მ. მდებარეობს როსის კუნძულზე, სადაც ამის გარდა არსებობს 3 ჩამქრალი ვულკანი. აგებულია ბაზალტებითა და ტუფებით. მთავარი კრატერის დიამეტრია 850 მ, სიღრმე 275 მ, განლაგებულია 3743 მ სიმაღლეზე. მთავარი კრატერის დაბლა მდებარეობს მეორე, შედარებით მცირე კრატერი. ვულკანის კრატერში არსებობს უნიკალური ლავური ტბა. მუდმივი აქტიურობა შეიმჩნევა 1972 წლიდან. კალთებზე ბევრია ფუმაროლები და პარაზიტული კონუსი, რომლებიც აქტიური კრატერის მსგავსად კენიტური ტუფითა და ლავითაა აგებული. მოქცეულია დედამიწის ქერქის რღვევების კვეთის ადგილას და წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. ამ რღვევებიდან პერიოდულად იფრქვევა სიღრმითი აირები, მათ შორის წყალბადი და მეთანი, რომლებიც სტრატოსფეროსთან მიღწევისას ანგრევენ ოზონს. ოზონის ფენის მინიმალური სისქე შეიმჩნევა როსის ზღვაზე, სადაც განლაგებულია ვულკანი ერებუსი. ვულკანის კალთებზე 100 მ სიმაღლეზე ნაპოვნია ზღვის ფაუნისა და ფლორის ნაშთები. ერებუსი განთქმულია თავისი დიდი მყინვარის ენით.
ერებუსი | |
---|---|
ერებუსი (1972 წ.), USGS-ს სურათი | |
კოორდინატები: 77°31′47″ ს. გ. 167°09′12″ ა. გ. / 77.52972° ს. გ. 167.15333° ა. გ. | |
სიმაღლე | 3794 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
პირველი ასვლა | 1908 წლის 10 მარტი |
ბოლო ამოფრქვევა | 2011 |
მწვერვალზე პირველად ავიდნენ და მოქმედი ვულკანის კიდეს მიაღწიეს ერნესტ შეკლტონის ექსპედიციის წევრებმა 1908 წლის 10 მარტს. ერებუსი აღმოაჩინა ინგლისურმა ექსპედიციამ პოლარეთის მკვლევარის ჯეიმზ კლარკ როსის ხელმძღვანელობით გემებით „ერებუსი“ და „ტერორი“ 1841 წლის 28 იანვარს. გემსა და ვულკანს სახელი ეწოდა ძველი ბერძენი ღმერთის ერების პატივსაცემად.
აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის სამთო მოპოვებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტმა ვულკანზე დაკვირვების მიზნით ორგანიზება გაუწია აქ სადგურის შექმნას. 1979 წლის 28 ნოემბერს ვულკანის ფერდობს შეეჯახა სამგზავრო თვითმფრინავი, რის შედეგადაც დაიღუპა 257 ადამიანი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ერებუსი“ ვიკისაწყობში.
- ერებუსი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ერებუსი დაარქივებული 2013-07-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ერებუსი (ინგლისური)
- ერებუსის მყინვარის ენა (ინგლისური)